იოგა - არითმიით დაავადებულთათვის მკურნალობის საოცარი მეთოდი
18-04-2016
იოგა - არითმიით დაავადებულთათვის მკურნალობის საოცარი მეთოდი
იოგა არა მხოლოდ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. სპეციალისტთა თქმით, არითმიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი რამდენადმე დაქვეითებულია. ისინი შეტევათა შიშით თავს ბევრი რამის უფლებას ვერ აძლევენ, ხშირად ამბობენ უარს მეგობრებთან შეხვედრაზე, კონცერტებსა და მნიშვნელოვან საღამოებზე, არ მოგზაურობენ და სხვ.

არითმიის გავრცელებულ სიმ­პტომებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში. მეცნიერებმა შეისწავლეს პაროქსიზმული მოციმციმე არითმიით დაავადებული 80 მოხალისე. მონაწილეები დაჰყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იოგათი
გაავარჯიშეს, მეორე კი - არა.

როგორც The Times Of India იუ­წყება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში იტარებდნენ სათანადო მკურნალობას: მედიკამენტურ თერაპიას, კარდიოვერსიას და კათეტერულ აბლაციას. ამასთან, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები 12 კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ თითო საათს ვარჯიშობდნენ იოგათი გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. პროგრამაში ჩართული იყო მსუბუქი
მოძრაობები, ღრმა სუნთქვა და მედიტაცია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის წევრთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუ­მჯობესდა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ გულის შეკუმშვათა რიცხვი.

როგორც სპეციალისტები გან­მარტავენ, ღრმა სუნთქვა აწონასწორებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ფუნქციას. ამის წყალობით კი გულის შეკუმშვათა რიცხვი იკლებს, გულის მუშაობა ნორმალიზდება, სუნთქვა და მოძრაობა ერთად კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, აწესრიგებს გულის მუშაობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით