XXI საუკუნის ქირურგია ,,ავერსის კლინიკაში" - კვირის პალიტრა

XXI საუკუნის ქირურგია ,,ავერსის კლინიკაში"

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქირურგია წარმოდგენილია ლაპაროსკოპიული ოპერაციებით. თავდაპირველად მას მხოლოდ დიაგნოსტიკური დანიშნულება ჰქონდა, დღესდღეობით კი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში  ქირურგიული მკურნალობის ძირითად მეთოდად ითვლება.

"ავერსის კლინიკაში" გახსნის დღიდან ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაციები. რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებულ ოპერაციას და რა შემთხვევაშია გამართლებული მსგავსი ჩარევა? ამ კითხვებზე პასუხს ,,ავერსის კლინიკის" ქირურგი კახაბერ ხაჭაპურიძე გაგვცემს:

- როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ქირურგიაში წამყვანი ადგილი უჭირავს ლაპაროსკოპიულ, მცირედინვაზიურ ე.წ. უსისხლო ოპერაციებს. ოპერაცია ტარდება ენდოვიდეოსკოპითა და სპეციალური, ხუთი მილიმეტრის დიამეტრის ინსტრუმენტებით, რომლებიც ორგანიზმში წერტილოვანი ნახვრეტების საშუალებით შეგვყავს, ხოლო ამ ყველაფრის კონტროლი ხდება მონიტორის საშუალებით.

- ამრიგად, ლაპაროსკოპიული ქირურგია ჩვეულებრივი, ღია წესით ჩატარებული ოპერაციებისგან მეთოდიკით მკვეთრად განსხვავდება?

- ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს იმავე მოცულობის მანიპულაცია ტარდება, რაც ტრადიციული წესით მუცელკვეთისას, თუმცა განსხვავებაა ის, რომ მუცლის ღრუს გახსნის გარეშე შესაძლებელია შესრულდეს მსგავსი ოპერაცია, მივიღოთ იგივე შედეგი ნაკლები ტრავმით.

ლაპაროსკოპიული ოპერაციის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია მაღალი კვალიფიკაცია. ქირურგი ლაპაროსკოპისტები, როგორც წესი, სრულყოფილად ფლობენ როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე მუცელკვეთით ჩატარებული ოპერაციის ტექნიკას, ამასთანავე, ლაპაროსკოპიული ქირურგია უფრო მეტ სიფაქიზეს, გამოცდილებასა და სიზუსტეს მოითხოვს.

თავად განსაჯეთ: 30-სანტიმეტრიან, 10 მმ დიამეტრის მილზე მაგრდება ვიდეოკამერა და ქირურგი მონიტორზე ხედავს გამოსახულებას, რომელიც დაახლოებით 10-12-ჯერ არის გადიდებული. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც სულ სხვა სიბრტყეში მუშაობ, ორგანოებს ხელით ვერ ეხები, გამოსახულებას კი ეკრანზე ხედავ,  მაგრამ, მეორე მხრივ, ამას თავისი უპირატესობა აქვს, რადგან უკეთესად ჩანს ყველაფერი, რაც მუცლის ღრუში ხდება. თანაც ინვაზია მინიმალურია.

- რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ქირურგიას?

- უპირატესობა აშკარაა: ნაკლები ინვაზიურობა და ტრავმულობა, ჰოსპიტალიზაციის მცირე ხანგრძლივობა, სწრაფი გამოჯანმრთელება და ცხოვრების ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება, კოსმეტიკური ეფექტი.

ვინაიდან ჭრილობა დიდი არ არის, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს ტკივილი ნაკლებად აწუხებს და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებიც ნაკლებად სჭირდება. აქედან გამომდინარე პაციენტები ოპერაციის შემდგომ მალე აქტიურდებიან, რამდენიმე საათში გადაადგილდებიან დამოუკიდებლად.

რაკი ორგანოებს ხელით არ ვეხებით, ისინი ნაკლებ ტრავმას განიცდიან და მუცლის ღრუში შეხორცებებიც აღარ ვითარდება. გარდა ამისა, ნაკლებია სისხლის დანაკარგი, თითქმის არ არსებობს თიაქრის განვითარების ალბათობა, ჭრილობების ინფიცირებაც გამორიცხულია. ერთი სიტყვით, ლაპაროსკოპიული მეთოდის გამოყენება მრავალი პოსტოპერაციული გართულებისგან გვაზღვევს.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ლაპაროსკოპიული ოპერაციები დაინერგა?

- თბილისში ეს პრაქტიკა უკვე დაახლოებით 15 წელია არსებობს. "ავერსის" ცენტრალურ კლინიკაში კი გახსნის დღიდან 200-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციები ტარდება ყოველდღე, როგორც გეგმური, ასევე სასწრაფო ჩვენებით.

ვაკეთებთ ნაღველკენჭოვანი დაავადების გამო - ქოლეცისტექტომიას. ჩარევა ხდება ნაღვლის საერთო სადინარზეც. ვაკეთებთ მწვავე აპენდიციტის გამო - აპენდექტომიას, სხვადასხვა სახის თიაქრებს, დიაგნოსტიკურ ლაპაროსკოპიას. ვგეგმავთ დიდი მოცულობის ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს კუჭზე, ნაწლავებზე...

"ავერსის კლინიკაში" ლაპაროსკოპიული წესით ტარდება სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია, როგორიც არის საშვილოსნოს ამპუტაცია და ექსტირპაცია, მიომექტომია, კისტექტომია, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ოპერაციამდე პაციენტს უმაღლეს დონეზე უტარდება ყველა საჭირო კლინიკური და ლაბორატორიული კვლევა.

- ვინაიდან ლაპაროსკოპიულ ოპერაციას ამდენი უპირატესობა აქვს, ალბათ უფრო ძვირად ღირებულიც არის...

- პირიქით, ის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ღია წესით შესრულებული ოპერაციები, თუმცა სჭირდება ძვირად ღირებული, თანამედროვე აპარატურა. ,,ავერსის კლინიკის" ერთ-ერთი უპირატესობა ესეც არის - იგი აღჭურვილია მსოფლიოში საუკეთესო ლაპაროსკოპიული აპარატურით. კომპანიის დამფუძნებლისთვის ხარისხი უმთავრესია, ამიტომაც ,,ავერსის კლინიკის" საოპერაციო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - Karl-storz-ის (გერმანია), Aesculap-ის (გერმანია) უახლესი აპარატურით.

ლაპაროსკოპიული წესით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათში პაციენტი პალატაში დამოუკიდებლად გადაადგილდება, უფრო ნაკლებ მედიკამენტს საჭიროებს, ნაკლებია საწოლდაყოვნება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ამ მეთოდის პრიორიტეტია ღია წესით ჩატარებულ ოპერაციასთან შედარებით.

მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები - ეს ,,ავერსის კლინიკის" დევიზია. კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები თქვენს ჯანმრთელობაზე განუწყვეტლივ ზრუნავენ. გამოცდილი, მცოდნე პერსონალი და უახლესი აპარატურა თქვენი ჯანმრთელობისა და კომფორტის გარანტია.

R