უხილავი და ძლიერი მტერი, ანუ რატომ ეშინიათ სტაფილოკოკების - კვირის პალიტრა

უხილავი და ძლიერი მტერი, ანუ რატომ ეშინიათ სტაფილოკოკების

"გარეგნულად კოკები იმ ბაქტერიათა ერთობლიობაა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან და რაღაც ფორმით ყურძნის მტევნებს მოგვაგონებენ"

სტაფილოკოკი ორგანიზმში შეიძლება გავრცელდეს ყველგან და სერიოზულადაც დააზიანოს, თუ ადამიანი არ შეებრძოლა. მაგრამ მასთან ბრძოლა არც ისე ადვილია - ეს უხილავი ბაქტერია საოცრად გამძლეა. უცხოეთში სტაფილოკოკის ისევე ეშინიათ, როგორც ძალიან მძიმე დაავადებების", - მითხრა ინფექციონისტმა მანონ მეგრელაძემ, როცა მასთან სტაფილოკოკზე სასაუბროდ მივედი.

- ბევრმა არც კი იცის, რას წარმოადგენს ეს ბაქტერია და იწვევს თუ არა იმ კონკრეტულ დაავადებას, რის გამოც ექიმებთან თვეობით დადის.

- ეს ბაქტერია XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინა შოტლანდიელმა ექიმმა ალექსანდრ ოგნსტონმა ოპერაციის დროს ლანცეტის წვერზე გამოკვლეულ ჩირქში და სწორედ მას შემდეგ იქცა გამოცანად, რით შეიძლებოდა მასთან ბრძოლა. გარეგნულად კოკები იმ ბაქტერიათა ერთობლიობაა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან და რაღაც ფორმით ყურძნის მტევნებს (ლათინურად "კოკოს" მარცვალს ნიშნავს) მოგვაგონებენ. ამ მტევნებმა სისხლი გაუშრეს მედიცინას, რადგან ისინი მუტაციას განიცდიან და წამლების მიმართ უფრო და უფრო მდგრადნი ხდებიან.

- თუმცაღა, ცნობილია, რომ სტაფილოკოკი ნებისმიერ ადამიანში შეიძლება აღმოჩნდეს და ის სრულიად უვნებელი იყოს მისთვის.

- დღეს სტაფილოკოკის 27 სახეობაა ცნობილი და მათგან 14 - უვნებელია. დაავადებას იწვევს სამი სახეობის სტაფილოკოკი მაშინ, თუ ორგანიზმი რაღაც მიზეზით დასუსტებულია; საერთო იმუნიტეტი დაბალია; სტაფილოკოკის მოხვედრის ადგილზე ადგილობრივი იმუნოლოგიური რეაქცია დაქვეითებულია. სტაფილოკოკის ინფექციის გავრცელებაში თავის როლს ასრულებენ პათოგენური სტაფილოკოკის მატარებელი ადამიანები, ანუ ისინი, რომლებთანაც მუდმივად ვლინდება ერთი და იგივე სტაფილოკოკი.

- როგორ იწყებს ორგანიზმში მოქმედებას ეს სახიფათო მიკრობი?

- დაავადებას იწვევს არა თავად ეს მიკრობი, არამედ მასში შემავალი ნივთიერებები. სტაფილოკოკი მეტად მავნე სტრუქტურით და მავნე ნივთიერებებით არის აწყობილი, დაწყებული მიკრობის გარემომცველი კაფსულიდან, რომელიც ისხლეტს და იგერიებს ყველა უჯრედს, რომელიც სტაფილოკოკის მიკრობებს შთანთქმას მოუნდომებს. ამ დროს ის ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა მავნე ბაქტერიების შეჭრასაც, რა დროსაც ვითარდება ალერგიული და ანთებითი რეაქციები, შედარებით მსუბუქი თუ მეტად მძიმე, გარეგან თუ შინაგან ორგანოებზე. შესაბამისად, მისგან გამოწვეული დაავადებებიც მრავალფეროვანია - ჩვეულებრივი მცირე ჩირქგროვით დაწყებული, მენინგიტით დამთავრებული.

- როგორც ცნობილია, სტაფილოკოკს ანტიბიოტიკებით ებრძვიან.

- ეს საკმარისი არ არის, ამასთან ერთად მედიცინის სხვადასხვა საშუალებაა გამოსაყენებელი, კომპლექსურად და თანმიმდევრულად, რადგან სტაფილოკოკს ანტიბიოტიკებისადმი შემგუებლობის გამომუშავებით ვერც ერთი ბაქტერია ვერ შეედრება. მაგალითისთვის ვიტყვი: როცა პენიცილინი გამოიგონეს და იმდროინდელი სტაფილოკოკი დაამარცხეს, მედიცინამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ დღეს იმდროინდელმა დამარცხებულმა სტაფილოკოკმა სახე იცვალა და სულ უფრო და უფრო აიძულებს მედიცინას, რომ მისი შტამების წინააღმდეგ ახალი და ახალი წამლები შექმნას. რაც მთავარია, როცა სტაფილოკოკთან ბრძოლა იწყება, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს და უსათუოდ ზუსტი სამედიცინო გამოკვლევების დახმარებით. თუკი არ გამოვიკვლიეთ, კერძოდ რომელი ანტიბიოტიკის მიმართ აქვს სტაფილოკოკს მგრძნობელობა, მაშინ მის წინააღმდეგ ანტიბიოტიკის დანიშვნას აზრი არ აქვს, ვინაიდან მის მიმართ რეზისტენტული იქნება და ამით მხოლოდ გაძლიერდება. ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება საჭიროა ძალიან ფრთხილად და იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, შესაბამისად, ამით პაციენტს აზღვევენ პარალელური დაავადების განვითარებისაგან. ზოგჯერ სტაფილოკოკის დასნებოვნების შედეგად ქირურგიული ჩარევაც აუცილებელი ხდება. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა და, რაც მთავარია, იმუნიტეტის ამაღლება. რაშიც პაციენტს ვიტამინებით მდიდარი საკვები და ცხოვრების სწორი წესი ეხმარება.

ეთერ ერაძე