რა იწვევს თავის ტკივილს - დატვირთული ცხოვრების რეჟიმის შედეგი
02-05-2016
რა იწვევს თავის ტკივილს - დატვირთული ცხოვრების რეჟიმის შედეგი
დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი სტრესულ და დაძაბულ სიტუაციაში იმყოფება, სიდუხჭირე და სამსახურში გადატვირთული გრაფიკი, კომპიუტერთან დაუსრულებელი მუშაობა თუ სხვა რამ, ძლიერი თავის ტკივილის მიზეზი ხდება. ჩვენ ამ საკითხზე ნევროლოგ თინათინ ბასიაშვილს ვესაუბრეთ.

- ძირითადად რა მიზეზები იწვევს თავის ტკივილს?
- თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები; 2. სისხლძარღვოვანი მიზეზები, ჰემიკრანია (შაკიკი); 3. ფსიქოგენური
მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს და არატვინოვან მიზეზებს.
დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად ეს პრობლემა დაძაბულობისა და სტრესის გამო აწუხებს. ძირითადად კი საზოგადოებაში გავრცელებულია შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი.

- როგორ უნდა გავიგოთ, შაკიკი გვაწუხებს თუ არა... დღეს ბევრმა თავის ტკივილის გამო
შეიძლება ექიმს არ მიმართოს...

- ადრე ფიქრობდნენ, რომ შაკიკი დაკავშირებული იყო თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებასთან, მაგრამ ასე არ არის. თავის ტკივილი ჩნდება ვენური სისტემის დატვირთვისას, შაკიკი კი იწყება კეფის მიდამოდან, ვრცელდება თხემისკენ და ტკივილი თვალ-ბუდისკენ მოემართება. შაკიკი პერიოდულობით ხასიათდება, უფრო მეტად გავრცელებულია 12 საათიანი და 24-საათიანი შაკიკი. ახასიათებს: ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, სინათლისა და ხმაურის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულება. მისთვის დამახასიათებელია 7-8 სიმპტომი და აქედან 4 მაინც თუ აღენიშნება პაციენტს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაკიკია.

- შაკიკის გარდა, არსებობს თავის ტკივილი, რომელიც ქვედა ყბასაც უკავშირდება...

- გარდა სტრესით გამოწვეული თავის ტკივილისა, საკმაოდ გავრცელებულია სამწვერა ნერვის ნევრალგია. სამწვერა ნერვი სამ ნაწილად იყოფა: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის ნერვებად. აქედან, პირველი ორი წმინდა მგრძნობიარე ბუნებისაა, ხოლო მესამე - შერეული, ანუ ასრულებს როგორც სენსორულ, ასევე მოტორულ ფუნქციას. თავის მხრივ, დასახელებული ნერვებიც იტოტება. სამწვერა ნერვის ჭეშმარიტი ნევრალგია უფრო ხშირად აღენიშნება ქალებს. ხელშემწყობი ფაქტორებია გაციება, არტერიული წნევის მომატება, ნერვული დაძაბვა. ახასიათებს ძლიერი შეტევითი ტკივილები.

ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და გახშირებული თავის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

ეკა გადახაბაძე
ნინო
21 ივნისი 2016 14:59
მაინტერესებს შაკიკის შემთხვევაში რომელი 7-8 სიმპტომია დამახასიათებელი

რედაქტორის რჩევით