ნაირფერი პიტირიაზი მუდმივ ზრუნვას საჭიროებს - კვირის პალიტრა

ნაირფერი პიტირიაზი მუდმივ ზრუნვას საჭიროებს

ნაირფერი პიტირიაზი საშიში არ არის, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს.

თუ პაციენტი დროულად არ მიხედავს, დააზიანებს კანს და შეიძლება მთელ სხეულს მოედოს. ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და თავისებურებებზე გვესაუბრება ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე:

- ნაირფერი პიტირიაზი მოსახლეობის 2-3%-ს აქვს. რაც თბილია რეგიონი, ეს დაავადება მით უფრო ხშირად გვხვდება. მას ხალხში ეძახიან "ლიქენსაც", სხვადასხვა ფერის პიტირიაზსაც, საფუარისებრ პიტირიაზსაც. ნაირფერ პიტირიაზს იწვევს სოკო, რომელიც კანის ზედა შრეს აზიანებს. ის შინაგანად გართულებას არ იწვევს, თუნდაც წლობით ჰქონდეს პაციენტს. მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ექიმთან მიდიან, კოსმეტიკური დეფექტია.

დაავადება გამოიხატება გამონაყარით - კანზე ჩნდება მოწითალო, ან მოყავისფრო ლაქები, რომლის ზედაპირიც ოდნავ იქერცლება. ხშირად ეს ლაქები მრავლდება, ერთიანდება და თითქოს გეოგრაფიული რუკის მსგავსი ხდება.

ლაქებმა მზის ზემოქმედებით შეიძლება ფერი შეიცვალოს - ამ დროს გარუჯულ ფონზე უკვე თეთრი ლაქები ჩნდება, რადგან სოკოთი დაზიანებული ადგილი არ ირუჯება.

ლაქები ძირითადად განლაგებულია გულ-მკერდზე, კისერზე და თავის მიდამოებში. როდესაც პროცესი უკვე გავრცელებულია, შეიძლება სახეზეც ავიდეს.

ნაირფერი პიტირიაზის დიაგნოსტიკა იოლია, თუმცა მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზი არავინ იცის.

დაავადება გადამდები არ არის. ის ბავშვებში არ გვხვდება, მაგრამ ვლინდება ორგანიზმის სქესობრივი მომწიფებისთანავე, დაახლოებით 14-16 წლიდან და 40-60 წლის ასაკამდე ხშირად ქრება. ადამიანი ასაკში რომ შედის, ცხიმი ნაკლებად გამოიყოფა და სოკო მის კანზე ვეღარ მრავლდება. ნაირფერი პიტირიაზი უფრო მამაკაცებში გვხვდება, რადგან დამოკიდებულია ოფლთან, სიცხესა და ფიზიკურ დატვირთვასთან. რაც უფრო მშრალია კანი, დაავადება ნაკლებად გვხვდება.

- ესე იგი, ეს ცხიმიანი კანის დაავადებაა?

- ასეც ვერ ვიტყვით, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან ცხიმიანი კანი, მაგრამ სოკო არ გაუჩნდეს. სპორტსმენებსა და ფიზიკურად მომუშავეებში ამ დაავადების გაჩენის პროცენტი უფრო მაღალია. დაავადების განვითარებაში გენეტიკაც გარკვეულ როლს ასრულებს. თუ მამას ჰქონდა ნაირფერი პიტირიაზი, შვილსაც უჩნდება.

- სასურველია თუ არა ნაირფერი პიტირიაზით დაავადებულისთვის მზეზე გარუჯვა?

- მზეს უკუჩვენება არა აქვს, ეგ არის - ლაქები არ ირუჯება და პირიქით, იმ ადგილას კანი თითქოს ფერს კარგავს, რითაც ეს სოკო ვიტილიგოს მოგვაგონებს, თუმცა ვიტილიგო ასე ადვილად არ ჩნდება, არც უხვი ლაქა ახასიათებს და იოლადაც არ ქრება, როგორც ეს დაავადება ქრება მკურნალობის შემდეგ.

- როგორია დაავადების მკურნალობის სპეციფიკა?

- მკურნალობა ადვილია, თუ პაციენტი დერმატოლოგს მიაკითხავს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ რეციდივი მოსალოდნელია. ნაირფერი პიტირიაზი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლებიც ერთჯერადად ჩატარებულ მკურნალობის კურსს არ ემორჩილებიან. პაციენტმა თავს უნდა მიხედოს და მოუაროს. როგორც კი შეამჩნევს, რომ სოკო ამოვიდა, მაშინვე ექიმს უნდა მიაკითხოს. მკურნალობის შემდეგ დაავადება ჩაცხრება რამდენიმე თვით ან წლით...

- თუ არ იმკურნალებს, პროცესი როგორ წარიმართება?

- თუ პაციენტი არ იმკურნალებს, შეიძლება ლაქები მთელ კანს მოედოს და აუჭრელდეს, თან მუდმივმა სუსტმა ქავილმაც შეაწუხოს. მართალია, ნაირფერი პიტირიაზი საშიში არ არის არც გარშემო მყოფთათვის და არც პაციენტისთვის, მაგრამ გამონაყარი უსიამოვნო შესახედავია. დროულად მკურნალობა ლაქებს აქრობს, მაგრამ რამდენი ხნით - ეს უკვე ინდივიდუალურია.

დაავადებას ძირითადად უვნებელი გარეგანი საშუალებებით ვმკურნალობთ, რომელიც ორგანიზმზე არ მოქმედებს. მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ გამონაყარი ქრება. ამ დაავადებას მუდმივი ყურადღება სჭირდება, ვიდრე გარკვეული ასაკის შემდეგ თავისით არ ალაგდება.

ხათუნა ჩიგოგიძე