მუნი ისევ გამოჩნდა?
09-05-2016
მუნი ისევ გამოჩნდა?
ამ უძველეს დაავადებას ჰიგიენაც შველის!

- ჩემს შვილს ხელებზე, თითებს შორის, გამოაყარა და ისეთი ქავილი დაეწყო, რომ ლამის სისხლს იდენდა. ძალიან მალე გამონაყარი მუცელზეც გაჩნდა, ექიმმა - ეს მუნია, შენი შვილი, სამწუხაროდ, პირველი როდია, ვისაც ეს პრობლემა აღმოაჩნდა, ალბათ სკოლაში აქვთ ბავშვებს და მათგან გადაედოო. მართალი აღმოჩნდა. მასწავლებელს რომ ვკითხე, - სკოლაში მართლაც დაფიქსირდა მუნის რამდენიმე შემთხვევაო. იმის გასარკვევად, არის თუ არა დღეს გავრცელებული მუნი და რა სახის დაავადებაა ის,
დერმატოლოგ ლალი ძინძიბაძეს ვესაუბრე.

- თუ დღეს თბილისში ან ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში მუნი დაფიქსირდა, ეს გასაკვირი სულაც არ იქნება; მუნი ათასწლეულებით შენარჩუნებული დაავადებაა, მას დაბინძურება იწვევს, მისთვის ჩვენი დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოც კარგ ნიადაგს ქმნის, მით უფრო თბილისში, სადაც დაჭუჭყიანების დონე საკმაოდ მაღალია. მუნისგან არც
ევროპის ქვეყნებია დაცული, მაგალითად, XXI საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში 1000-მდე შემთხვევაც კი დაფიქსირდა. გასული საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მუნით დედამიწის მოსახლეობის 5% იყო დაავადებული, ამათგან ყველაზე მეტი ახალზელანდიასა და აფრიკაში.კონკრეტულად დაავადებას იწვევს ცხოველური პარაზიტი - ბღერის ტკიპა. ის ეპიდერმისში ბუდობს და კანის რქოვან შრეში აკეთებს ჯერ ვერტიკალურ, ხოლო შემდეგ ჰორიზონტალურ ხვრელებს, ანუ ხვრეტს კანის შრეს (რომელშიც მერე ჭუჭყი გროვდება და კანს მოშავო წერტილებად აჩნია) და იქ კვერცხებს დებს. სწორედ ამ დროს იწყება მძაფრი ქავილი, რომელიც ღამის საათებში და სითბოში, მაგალითად, საწოლში, ძლიერდება. კვერცხებიდან კი 3-4 დღის შემდეგ იჩეკება შვილი-ტკიპები. მერე კანს შვილი-ტკიპები უტევენ და გამონაყარი სულ უფრო მატულობს... ტკიპა დაახლოებით 1 თვეს ცოცხლობს და დროზე თუ არ განადგურდა, მთელ სხეულს მოედება - ჩნდება წვრილი, ქინძის მარცვლისოდენა ბუშტუკები, კვანძები, სისხლიანი ქერქით დაფარული ეროზიები.

- მუნის გამომწვევი ტკიპა პირველად ხელებზე, თითებს შუა ჩნდება?

- ტკიპის ტიპური ლოკალიზაცია ხდება ზემო და ქვემო კიდურების მომხრელ ზედაპირებთან, ხელის თითების ნაოჭებთან, წელზე, მუცელსა და დუნდულებზე, სარძევე ჯირკვლებზე... მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება მუნის ატიპური ფორმები, ანუ როცა მუნი მიმდინარეობს კანის სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებასთან კომბინაციაში და ამის გამო კიდევ უფრო რთულდება. ანუ ქავილის შედეგად ვითარდება მეორეული ჩირქოვანი ინფექციის თანხლება.

- დღეს ყველას ეშინია იმის, რომ სხვადასხვა კანის ინფექცია და მათ შორის, მუნიც ადამიანს შეიძლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა საგანზე შეხებისას გადაედოს.
- მუნი ნამდვილად შეიძლება გადაგედოთ, თუ დაინფიცირებული ადამიანის ხელთათმანს ან ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, ასევე შეიძლება გადავიდეს ოჯახის ერთი წევრიდან მეორეზე (მუნის ტკიპა სამი დღის განმავლობაში ცოცხლობს ტანსაცმელზე საკვების გარეშე) ერთი და იმავე საგნის ხმარებით, ხელის ჩამორთმევით. ის შეიძლება გავრცელდეს თავზეც კი, როცა ერთსა და იმავე სავარცხელს იყენებენ ოჯახში. მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მუნის გადადების ალბათობა ფაქტობრივად გამორიცხულია. თუმცა ჰიგიენური პირობების დაცვა და შინ მისვლისას ჭუჭყიანი ხელების დაბანა აუცილებელია, - თუ ადამიანი შინ მისვლისას ხელებს იბანს, ამით თავს იზღვევს გადამდები დაავადებებისაგან. ამიტომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, შინ მისვლისას და ასევე საუზმობის წინ ხელები დაიბანონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ მშრალ საუზმეს სკოლაში ან ქუჩაში მიირთმევენ, სუფთა, ერთჯერადი ცელოფანი გამოიყენონ. ასევე ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თითების პირში ჩადება, რისი ჩვევაც ბევრს აქვს. რაც შეეხება საცურაო აუზებს - წყლით არანაირი დაავადება არ გადადის, შიშველი ფეხით აუზზე გავლისას კი კანის ინფექციები, მათ შორის მუნის გადადების ალბათობაც იზრდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი აუზზე რეზინის ფეხსაცმლის ჩაცმა.

- რატომ ემტერება მუნი ბავშვებს, ვიდრე დიდებს?
- იმიტომ, რომ ბავშვებს დიდებზე უფრო სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. მაგრამ, საბედნიეროდ, მუნის მკურნალობა ადვილია. მთავარი კი მშობლის რეაქციია, - პატარა რომ არ შეწუხდეს, მშობელმა საეჭვო გამონაყრის გამოჩენისთანავე უნდა მიაკითხოს ექიმს. ამაზე წინ კი პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, რაც ყველამ უნდა გააკეთოს. ჩვეულებრივი საპნით ხელების დაბანაც კი საკმარისია, რომ ბევრ უსიამოვნებას ავცდეთ - როცა ბავშვი თავიდანვე ეჩვევა ჰიგიენურ გარემოს, პრაქტიკულად ყველა გადამდებ დაავადებას აიცილებს.

ეთერ ერაძე
ანდრეა
09 თებერვალი 2017 14:35
გამარჯობათ მანდ წერია რომ ფეხსაცმელით შეიძლება ადამიანს გადაედვას მუნი. მაინტერესებს ფეხსაცმელს გარეცხვა შველის მარტო თუ სხვა დეზინფექციაც უნდა ჩაუტარდეეს
=-=-
19 ივნისი 2016 07:41
უფრო მეტი რუბრიკა უნდა გამოაქვეყნონ დერმატოლოგებმა.//

რედაქტორის რჩევით