ბავშვების საყვარელი გასართობი ხშირად ასეთ საშიშ დაავადებას იწვევს! - კვირის პალიტრა

ბავშვების საყვარელი გასართობი ხშირად ასეთ საშიშ დაავადებას იწვევს!

რეზინის გასაბერი ბატუტები ბევრი ბავშვის საყვარელი გასართობია და მისი ნახვა უამრავ ადგილას შეიძლება.

თუმცა ალბათ ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, რომ ეს, ერთი შეხედვით უსაფრთხო გასართობი სახიფათოა. ეს ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, ამაში დაგარწმუნებთ.

ამერიკელი ბრენდა სანდერსონის 10 წლის ვაჟს სხეული მოულოდნელად გამონაყარით დაეფარა. მაშინვე მიიყვანა ექიმებთან. მკურნალებმა ივარაუდეს, რომ ბავშვს რაღაცაზე ალერგია განუვითარდა, ან მწერმა უკბინა. პატარას მცირე ხანს ანტიალერგიული წამლებით მკურნალობდნენ, თუმცა რომ არ უშველა და გამონაყარმა იმატა, სერიოზულად გამოიკვლიეს. ბავშვს ორგანიზმში სტაფილოკოკური ინფექცია აღმოაჩნდა.

რა იყო ამის მიზეზი?

რამდენიმე დღით ადრე დედა-შვილი ეზოში სეირნობდა. სანამ დედა მეგობრებს ესაუბრებოდა, ბავშვი გიგანტურ გასაბერ ბატუტზე ერთობოდა.

ბატუტი სავსებით უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა, სავარაუდოდ, მას ხშირად არ წმენდენ, არ ასუფთავებენ და ამიტომ მიკრობების ნამდვილ საბუდრად იქცევა. საკმარისია, ბავშვს ოდნავ გაეკაწროს კანი, რომ მის ორგანიზმში სულ ადვილად მოხვდება მიკრობები. ექიმების დასკვნით, ბავშვს რაღაც პატარა ტრავმა ან მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა და ბატუტზე გართობის დროს ინფექცია შეეჭრა. ახლა საკმაოდ დიდხანს მოუწევთ მას და მის დედიკოს ამ ინფექციასთან ბრძოლა, რადგან სტაფილოკოკი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მავნე ინფექციაა.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

თამაშს და გართობას ბავშვს ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ყოველი გასეირნების, ეზოში თამაშის შემდეგ ბავშვი აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა რაიმე ნაკაწრი ან მიკროტრავმა. თუ აღმოაჩნდა, აუცილებლად მაშინვე დაუმუშავეთ სპირტით, წყალბადის ზეჟანგით... და კიდევ, ასეთი ხანგრძლივი სეირნობა-გართობის შემდეგ, როდესაც მას უწევს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, სადაც შეიძლება ბევრი ბაქტერია იყოს, ან როცა ისეთ ადგილას ხვდება, სადაც ბევრი ცხოველი იყრის ხოლმე თავს (ცხოველებს არანაკლები ბაქტერიები და მიკრობები აქვთ, ტკიპების ჩათვლით, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია და მეტად საშიშია), აუცილებლად დაბანეთ მთლიანად, რომ ბაქტერიები ჩამოიშოროს.