თბილ სეზონზე ნაწლავური ინფექციების რისკი მატულობს - კვირის პალიტრა

თბილ სეზონზე ნაწლავური ინფექციების რისკი მატულობს

თბილ ამინდებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სიკეთის გარდა უსიამოვნებაც მოაქვს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ცანავა ამბობს, რომ ამ სეზონზე ხშირდება ნაწლავური ინფექციები და კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა დაავადებები.

შოთა ცანავა: - წელიწადის თბილ პერიოდში ძალიან კარგად მრავლდებიან ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები, ვირუსები, ამიტომ განსაკუთრებით მატულობს სალმონელოზი, შიგელოზი; ასევე მრავლდებიან მწვავე ინფექციების გამომწვევი ენტეროვირუსები.

- ყველაზე ხშირად რა იწვევს ნაწლავური ინფექციების პროვოცირებას?

- თბილ სეზონზე საკვები და წყალი ერთნაირად საშიშია. თუ სასმელი წყალი სათანადოდ არ არის დამუშავებული, დაავადების წყაროდ იქცევა. ამავე დროს, ცურვისას წყლის ჩაყლაპვაც იწვევს ნაწლავურ დაავადებებს. ამიტომ თბილ დღეებში განსაკუთრებით მატულობს ენტეროვირუსული დაავადებები. საქართველოში ამ ტიპის დაავადებებს სეზონურობა ახასიათებს - ყველაზე მეტად ზაფხულის და შემოდგომის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, რადგან წყალსატევებში ამ დროს ენტეროვირუსების ძალიან დიდი რეზერვუარი გვხვდება.

ბუნებაში უამრავი სხვადასხვა ტიპის ვირუსი არსებობს, რომელთა მრავალფეროვნება ხელს უშლის მკურნალობის ეფექტიანობას. ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტიპის სალმონელოზი. მისი წყაროა ბაქტერია სალმონელა. სალმონელები იწვევენ კუჭ-ნაწლავთა აშლილობას და სხვა სერიოზულ გართულებებს. არანაკლებ რთული დაავადებაა A ჰეპატიტი, რომელსაც ხალხში ბოტკინს ეძახიან - ეს მისი ძველი, ისტორიული სახელწოდებაა. A ჰეპატიტი, სხვა სახის ჰეპატიტებთან შედარებით, ნაკლებად საშიშია, არც ლეტალურ შედეგს იწვევს, მაგრამ ღვიძლს საკმაოდ აზიანებს. ასევე რთული მიმდინარეობა ახასიათებს ზოგიერთი ტიპის ნაწლავის ჩხირით გამოწვეულ დაავადებებს, რომლებიც ურემიულ შოკს და ტოქსიკოზსაც კი იწვევენ. წელიწადის თბილ დროს ასეთი მიკრობები ყოველთვის წამოყოფენ ხოლმე თავს.

- რას გვეტყოდით დისბაქტერიოზზე, რომელიც ასევე ცუდ შედეგებს იწვევს?

- დისბაქტერიოზი არ არის ინფექციური დაავადება. ეს არის ბალანსის დარღვევა ადამიანის ორგანიზმში. დისბაქტერიოზის დროს ირღვევა ორგანიზმისთვის დამახასიათებელი წესრიგი და თანაფარდობა. ამ ბალანსის დარღვევა და მიკროორგანიზმების ნაკლებობა კი სხვა დაავადებებსაც იწვევს, ამიტომ მას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. ზოგჯერ დისბაქტერიოზს არასწორი მკურნალობაც იწვევს: საქმე ის არის, რომ ნაწლავური ინფექციების დროს არაერთი პაციენტი ცდილობს თვითმკურნალობას მიმართოს, რაც დაუშვებელია. ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენება ორგანიზმში სერიოზულ უარყოფით მოვლენებს იწვევს, თუნდაც იმავე დისბაქტერიოზს. ესა თუ ის ცნობილი, პოპულარული ანტიბიოტიკი, რომელზეც გაგვიგია, რომ საუკეთესოა, შესაძლოა, ჩვენთვის მავნებელი აღმოჩნდეს და თვითმკურნალობით გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ, ამიტომ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება წამლის მიღება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაწლავის ჩხირების ერთი ჯგუფი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არასწორი მკურნალობის დროს სასარგებლო ბაქტერიებიც შეიძლება გავანადგუროთ. თბილ სეზონზე ინტოქსიკაციის შემთხვევებიც მატულობს. ინტოქსიკაცია სხვადასხვა სახის ტოქსინის გამოყოფის შედეგია, რომელიც ორგანიზმში მრავლდება. ყველაზე საშიშია ბოტულინოტოქსინი, რომელიც ბოტულიზმს იწვევს. ბოტულიზმი კი ლეტალური შედეგით სრულდება.

- როგორ დაიცვას ადამიანმა თავი, რომ ეს საშიში დაავადება არ შეხვდეს?

- პრევენციისთვის აუცილებლად უნდა ვსვათ ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი. სასმელი წყალი დაქლორილი და უსაფრთხო უნდა იყოს. ამავე დროს, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მდინარეში, ტბასა და ზღვაში მოქცევის წესები, რომ წყალი არ ჩაყლაპონ. საკვები თერმულად დამუშავებული და ახალი უნდა იყოს. სასურველია, ის მომზადებისთანავე მივიღოთ. კერძები მაცივარში მაშინვე უნდა მოვათავსოთ, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ბაქტერიები ვერ მრავლდებიან და ვერც ჩვენს ჯანმრთელობას ავნებენ. თუ საკვებ პროდუქტს დაბალ ტემპერატურაზე ვერ შევინახავთ, ის უკვე საშიშია. ეს არის პრევენციის აუცილებელი ზომები, რომელიც საშიშ დაავადებებს თავიდან აგვარიდებს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო თუნდაც კვერცხის ან ქათმის ხორცის მომზადების დროს. კვერცხი და ხორცი კარგად უნდა დამუშავდეს, რადგან მრავალი მიკრობი და ბაქტერია (მათ შორის სალმონელებიც) თერმული დამუშავებისას არ იხოცებიან. ზაფხულში ასევე უნდა მოვერიდოთ შებოლილი თევზის ან შინ დამზადებული კონსერვების მიღებას, თუ არ ვიცით, რომ კარგად და საიმედოდ არის მომზადებული.

ხათუნა ჩიგოგიძე