"არ ვიცი, მშობელმა ამაზე ცუდი რა უნდა გაუკეთოს შვილს"
30-05-2016
"არ ვიცი, მშობელმა ამაზე ცუდი რა უნდა გაუკეთოს შვილს"
მედიკოსების განცხადებით, თუ მომავალი დედა ორსულობის პერიოდში ეწევა, ზრდის რისკს, რომ მისი შვილი სამუდამოდ ან გარკვეული დროით შეზღუდული შესაძლებლობის იყოს. ექიმების თქმით, იმავე საფრთხეს ქმნიან მშობლები, რომლებიც ბავშვების თანდასწრებით ეწევიან და პატარებს პასიურ მწეველებად აქცევენ.

ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი:

- ბავშვების გახანგრძლივებული ხველა მეტწილად იმის ნიშანია, რომ მათ ოჯახებში ეწევიან. თუმცა, პასიური მოწევა იწვევს არა მხოლოდ ხველას, არამედ ხდება იმავე დაავადებების მიზეზი, რომლებიც თამბაქოს უშუალო
მოხმარებისას ჩნდება.

საზოგადოების უმრავლესობას ჰგონია, რომ თამბაქო, როგორც უშუალოდ მოწევის, ისე პასიური მოწევის შემთხვევაში მხოლოდ სასუნთქ ორგანოებს აზიანებს, არადა, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებათა სპექტრი ძალიან დიდია: კანის დაავადებები, ფსორიაზი, ონკოლოგიური პრობლემები, ფილტვის და კანის კიბო, ფილტვების ენფიზემა, ოსტეოპოროზი, კარდიოპათია, გასტრიტი, სქესობრივ ფუნქციაზე ზემოქმედება და სხვა.
სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია, რომ თუ არ ახველებს, მასზე თამბაქო არ მოქმედებს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ: თუ ფილტვის კიბო არ მოგკლავთ, შესაძლოა სრულიად სხვა დაავადებამ ან სენმა შემოგიტიოთ, რომელიც ასევე თამბაქოსთან არის დაკავშირებული.

- მწეველთა ოჯახებში ბავშვებს ყველაზე ხშირად რა დაავადებები უჩნდებათ?

- მსტვენავი სუნთქვით მიმდინარე დაავადებები, ობსტრუქციული ბრონქიტი; ასევე ექვსი წლის ასაკს ზემოთ ასთმის განვითარების რისკი. პაციენტების 70%, რომლებიც გახანგრძლივებული ხველის ჩივილით მოგვმართავენ, მწეველთა ოჯახიდან არიან. თუ დედა ორსულობისას ეწევა, ძალიან დიდია რისკი, მისი შვილი დღენაკლული დაიბადოს, ან დაბადებისას ძალიან მცირე წონისა იყოს. დედის მწეველობა ასევე იწვევს ბავშვებში უეცარი სიკვდილის სინდრომს. ძალიან გახშირდა პატარებში ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ყურის ინფექცია, გაციება, ბრონქიტი და ფილტვების ანთება. შესაძლოა, ბავშვი არ ეწეოდეს, არც დიდობაში მოწიოს, მაგრამ მთელი ცხოვრება დაიტანჯოს მშობლების მწეველობით გამოწვეული დაავადებებით. ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რომ ბავშვის გაჩენამდე ან გაჩენის შემდეგ თამბაქოს მოხმარება მათ შვილებს ვნებს. ისინი, ფაქტობრივად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ იბადებიან. შესაძლოა, დაჰყვეთ ან დაემართოთ ბრონქული ასთმა, რომელიც ქრონიკული დაავადებაა და ხშირად მთელი ცხოვრება გრძელდება. სანამ არ დამკვიდრდება აზრი, რომ ბავშვის თანდასწრებით თამბაქოს მოწევა მომაკვდინებელია, არაფერი გამოსწორდება. მწეველთა ოჯახებში იბადებიან ან ყალიბდებიან არამხოლოდ რესპირაციული დაავადებებით გატანჯული ბავშვები. მათ აქვთ სწავლის დაბალი დონე და ქცევის პრობლემები.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით