ნუ დატოვებთ უყურადღებოდ პატარებს!
06-06-2016
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ პატარებს!
"მშობლებს სუვენირად მიაქვთ თავიანთი შვილების მიერ გადაყლაპული ნივთები. ამ ნივთებს შორის ნახავთ თმის სარჭს, ხურდა ფულს, ჭიკარტს..."

5 წლის ლიკა დაიკოს თმის სამაგრმა მოხიბლა და... გადაყლაპა. 4 წლის ნიკა კი დაინტერესდა, როგორ ანათებს სანთებელაზე მიმაგრებული პატარა ნათურა. ამ ძიებაში ნათურა, რატომღაც მის ცხვირში აღმოჩნდა. ექიმებისგან შევიტყვეთ, რომ ნინიამ ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, თათამ - საყურე, მიხომ - მონეტა... თიკუნამ ლობიოს მარცვალი შეიტენა ცხვირში, ნატამ - ალუჩის
კურკა, ანრიმ - საათის ელემენტი... ალბათ მიხვდით, საუბარი ბავშვთა კუჭ-ნაწლავსა და სასუნთქ­ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულებზე გვექნება.

დავით კაპანაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი: "როდესაც რენტგენი გადავიღეთ, თვალებს არ დავუჯერე, აღმოჩნდა, რომ 40 დღის განმავლობაში პაციენტს საყლაპავ მილში 2-ლარიანი მონეტა ჰქონდა გაჩხერილი"

ლევან ხარაშვილი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, იაშვილის საავადმყოფოს
რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:


- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით - სასუნთქი სისტემის უცხო სხეულები. ძირითადად ერთი წლის და მეტი ასაკის ბავშვები გვაკითხავენ. ბავშვის სასუნთქი სისტემიდან ამოგვიღია: ჭიკარტი, ლურსმანი, კურკები.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ვურჩევთ: საღეჭი კბილების ამოსვლამდე არ მივცეთ პატარას ისეთი საკვები, რომელსაც კარგად დაღეჭვა-დაქუცმაცება სჭირდება. ნუ ათამაშებთ ისეთი სათამაშოებით, რომლებსაც შეიძლება რაიმე მცირე დეტალი მოძვრეს და, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ჰქონდეს საკვების მიღების სწორი ჩვევა. არ შეიძლება ჭამდეს გართობა-თამაშისას. ბავშვისთვის ჭამის პროცესი თამაში უფროა, ვიდრე საკვების მიღება. ასეთ დროს შეიძლება დაახველოს ან გაიცინოს და ნამცეცი გადაცდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატარა იჯდეს და ასე იღებდეს საკვებს.

ბრონქოსკოპიულად უცხო სხეულების ამოღების ტექნიკა საკმაოდ რთულია, რადგანაც ბავშვის სასუნთქი სისტემის დიამეტრი საკმაოდ პატარაა და სამუშაოდ უმცირესი არეალი გვაქვს. ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება უფრო საშიშად ჩანდეს, ვთქვათ, ჭიკარტი, სასუნთქი სისტემიდან შეიძლება უფრო ადვილი ამოსაღები იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ლობიოს მარცვალი - მარცვალი გაჯეჯვდება და ამოღებისას ნაწილებად იშლება. სულ ბოლოს პატარას სასუნთქი გზებიდან სანთებელას პატარა ნათურა ამოვიღეთ.

დავით კაპანაძე, იაშვილის საავადმყოფოს ექიმი-ენდოსკოპისტი: -
უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მშობლები ხედავენ, რომ პრობლემა გადალახულია, სუვენირად მიაქვთ მათი შვილების მიერ გადაყლაპული ნივთები. ამ ნივთებს შორის ნახავთ თმის სარჭს, ხურდა ფულს, ჭიკარტს... 2 დღის წინ გავწერეთ პაციენტი, რომელმაც საქორწინო ბეჭედი გადაყლაპა. უცხო სხეულის გადაყლაპვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხონ სტაციონარს. როდესაც გადაყლაპულია ბასრი საგნები, ან ვთქვათ, ელემენტი, დრო არ უნდა დავკარგოთ და აუცილებლად ამოვიღოთ, რადგან არის საშიშროება ელემენტიდან შიგთავსის გამოდინებისა, რაც მეტ სირთულეს გამოიწვევს.

- ალბათ, თქვენს პრაქტიკაში იყო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი შემთხვევა.
- აუტისტი ბავშვი მოგვიყვანეს, 2-3-სანტიმეტრიანი ფერადი მაგნიტის ნაწილები ჰქონდა გადაყლაპული. ისინი კუჭში მაგნიტებით შეერთებულან და რენტგენის ფოტოზე 15-20-სანტიმეტრის სიგრძის ჯოხივით მოჩანდა. მის ამოსაღებად ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ერთ პატარა პაციენტს ბრილიანტისთვლიანი საყურე ჰქონდა გადაყლაპული. ეს შემთხვევა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პროცედურის შემდეგ მამა ჯერ ბრილიანტის თვლით დაინტერესდა და შემდეგ - შვილის ჯანმრთელობით.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა: პატარის მშობლებმა შემომჩივლეს - ბავშვი გულს იტკივებს, თვე-ნახევარია, ექიმებთან დაგვყავს და ვერაფერი დაუდგინესო. როდესაც რენტგენი გადავიღეთ, თვალებს არ დავუჯერე, აღმოჩნდა რომ 40 დღის განმავლობაში პაციენტს საყლაპავ მილში 2-ლარიანი მონეტა ჰქონდა გაჩხერილი. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ამან ნეკროზი არ გამოიწვია. ეტყობა, ჭამის დროს მონეტა ტრიალებდა, ან როგორ ჭამდა, მიკვირს, ამ ტრიალის შედეგად ტკივილები ჰქონდა, ბავშვი ვერ ხვდებოდა, რა აწუხებდა და ამბობდა, გული მტკივაო. კარგია, რომ გართულების გარეშე მოხერხდა მისი დახმარება.

ეკა სალაღაია

რედაქტორის რჩევით