როგორ გადავარჩინოთ გული
20-06-2016
როგორ გადავარჩინოთ გული
შალვა­ რცხილაძე: "კლინიკაში ყველა და ყველაფერი იმისთვის არის, რომ ადამიანის გულს ვუშველოთ"

დღეს მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ითვლება. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაშიც მაღალია. გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ცნობილი კარდიოლოგი, მუხიანში ახალგახსნილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული, მედისონის კარდიორეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი შალვა­ რცხილაძე მოვიწვიეთ:

- ჩვენს ემოციებზე პასუხს ყველაზე ნათლად გულის ფუნქციონირების ცვლილება გვაგრძნობინებს: გვეწყინება რამე - ჩვენი გულისცემა მოიმატებს; გაგვიხარდება -
ისევ გული აგვიფრიალდება. გული საოცარი, მუდმივმოქმედი მექანიზმია, რომელიც არასოდეს ისვენებს, არც - დღე, არც - ღამე.
გული ფეთქვას მუცლად ყოფნის მეოთხე კვირას იწყებს და წუთში 60-ჯერ იკუმშება, საათში - 36 000-ჯერ. 60 წლის ასაკში გული სამი მილიარდ 291 840-ჯერ არის შეკუმშული. ამ რიტმმა შეიძლება მოიმატოს
ან დაიკლოს. მომატებას ტაქიკარდია ჰქვია, დაკლებას - ბრადიკარდია. ამასთანავე, წლის განმავლობაში
გული არტერიებში საშუალოდ სამ მილიონ ლიტრ სისხლს გადაისვრის, 70 წლის განმავლობაში კი - დაახლოებით 220 მილიონ ლიტრს. ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს დღემდე შექმნილი ვერც ერთი, თუნდაც ყველაზე სრულყოფილი ტექნიკური მოწყობილობა...

- და როგორ ახერხებს ამას, როგორი მექანიზმია გული?

- გული ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებული სისხლით ეფექტურად მომარაგებაზეა პასუხისმგებელი. ამ ურთულესი ამოცანის შესასრულებლად, ანუ ტუმბოს შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის, კუნთოვანი სისტემის, სარქვლოვანი აპარატისა და შეკუმშვათა რიტმის განმსაზღვრელი ელექტროსისტემის" გამართულად ფუნქციონირებაა აუცილებელი. თითოეული მათგანის მუშაობის მცირედი დარღვევაც კი ადამიანის მდგომარეობას აუარესებს და სხვადასხვა პათოლოგიურ დარღვევას იწვევს. ასეთია არითმია, გულის სხვადასხვა მანკი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა და ა.შ. როგორც ყველა ცოცხალ ორგანოს, გულის კუნთსაც სჭირდება სისხლითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება, ამისთვის კი საკუთარ სისხლძარღვთა სისტემას იყენებს, რომელიც გარეგნულად ისე ჰგავს გვირგვინს, რომ კორონარულ ანუ გვირგვინოვან სისხლძარღვებს უწოდებენ. ეს სისხლძარღვები აორტიდან გამოდის, სალტისებურად შემოერტყმება გულს და ქმნიან წრეს, რომელიც განუწყვეტლივ კვებავს გულის კუნთსა და მის კვანძებს. სწორედ გულის კვანძები გამოიმუშავებს ამ სისხლძარღვოვანი წრის შეკუმშვა-გაფართოებისთვის საჭირო ელექტროიმპულსებს. გვირგვინოვანი არტერიების დაზიანება, ათეროსკლეროზული ფოლაქებით მათი სანათურის შევიწროება იწვევს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორიც არის გულის კუნთის ინფარქტი და სტენოკარდია.

- რით ვუშლით ხელს ადამიანები გულის გამართულად მუშაობას და რით ვუწყობთ ხელს დაავადებას?
- კორონარული არტერიების დაავადების განვითარებისათვის ბევრი მიზეზის ერთდროული არსებობაა საჭირო. მათ რისკფაქტორებს ვეძახით და ისინი ორ კატეგორიად იყოფა: რისკფაქტორები, რომლებზეც გავლენას ვერ მოვახდენთ (ასაკი, სქესი, მემკვიდრული მიდრეკილება) და ეგრეთ წოდებული მოდიფიცირებადი ანუ ადამიანის ნებისყოფაზე დამოკიდებული რისკფაქტორები (თამბაქოს მოხმარება, დაურეგულირებელი მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლები, უმოძრაობა, ჭარბი წონა და ა.შ.). ამ ფაქტორების თანაარსებობა განაპირობებს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დაავადების განვითარებას, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

- როგორ მოვიქცეთ, თუ კორონარული არტერიების დაავადება უკვე განვითარებულია?
- საბედნიეროდ, ექიმებს არსენალში გულის კორონარული ანუ იშემიური დაავადების მკურნალობის ბევრი ეფექტური იარაღი გვაქვს,– მედიკამენტებით დაწყებული, ანგიოპლასტიკა-სტენტირებითა და ქირურგიული, ანუ ოპერაციული ჩარევით დამთავრებული. მათი დროული გამოყენებით შესაძლებელია გართულებების თავიდან აცილება. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ინფორმირებულობა, რათა მათ დროულად მიმართონ კვალიფიციურ კარდიოლოგს და თავიანთი უყურადღებობითა და უმოქმედობით ხელი არ შეუწყონ დაავადების განვითარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ რაიონში, როგორიც არის გლდანი-მუხიანის ზონა, გაიხსნა და ფუნქციონირებს მედისონის კარდიორეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ყველა საშუალება არსებობს დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობისთვის. აქ პაციენტი დაავადების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მიიღებს რჩევასა და მომსახურებას, რაც აუცილებელია გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- საქართველოში სტენტირების მეთოდის ერთ-ერთი პირველი შემომტანი და გამოცდილი კარდიოლოგ-ინტერვენციონალისტი ბრძანდებით. გულის რა გართულებას მოჰყვება სტენტირება და რატომ ხდება აუცილებელი?

- სტენტირების მეთოდს ავსტრიაში სწავლისას დავეუფლე და 2001 წლიდან უკვე "ახალ ლეჩკომბინატში" ვაკეთებდი ოპერაციებს. ჩემს გუნდთან ერთად 11 000-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ეს საუკეთესო მეთოდია გულის იშემიური დაავადების მკურნალობაში. სტენტირება მაშინ ხდება საჭირო, როცა გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვი ათეროსკლეროზული ფოლაქებით შევიწროვდება ან საერთოდ დაიცობა და სისხლის გატარება ფერხდება. გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების მთავარი მიზეზი კი ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს არტერიების სანათურს, რის შედეგადაც მცირდება გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი, წარმოიშობა დისბალანსი ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის, კუნთი ვეღარ იღებს აუცილებელი ოდენობის ჟანგბადს და ვითარდება გულის იშემიური დაავადება. დაცობილი ადგილის შევიწროებას ბოლოს მისი სრულად დახშობაც მოჰყვება და ვითარდება კატასტროფა, რასაც მიოკარდიუმის ინფარქტს ვუწოდებთ. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია სტენტირება, ანუ სისხლძარღვის შევიწროებული ადგილის გაფართოება, რათა გულს სისხლი ჩვეულებისამებრ მიეწოდოს. ადრეულ წლებში ამისთვის ე.წ ბალონურ ანგიოპლასტიკას იყენებდნენ, ანუ ბარძაყის ან ხელის არტერიიდან გულის სისხლძარღვში კათეტერი შეჰყავდათ, რომელსაც ბოლოში სპეციალური, სამედიცინო ბალონი ჰქონდათ მიმაგრებული, რითაც შევიწროებულ სისხლძარღვს ბერავდნენ. ასეთ გაბერვას უარყოფითი შედეგიც ჰქონდა - გაბერილი არტერია პლასტიკურობას კარგავდა და შეიძლებოდა იგივე ადგილი ისევ დაცობილიყო. სტენტი მეტალის პატარა, 2 მმ-იანი მილია, რომელიც ასევე ბარძაყის ან ხელის არტერიიდან შეგვყავს კათეტერით, მივდივართ სისხლძარღვის შევიწროებულ ადგილამდე და იქ ვათავსებთ. სტენტის საშუალებით შევიწროებული ადგილი ფართოვდება და სისხლის მოძრაობა სრულფასოვნად აღდგება.

- ყოველივეს მიუხედავად, ინფარქტის შემთხვევა მაინც ბევრია. რა ნიშნებით უნდა გამოიცნოს ადამიანმა ინფარქტი?

- ინფარქტი შეიძლება გამოვიცნოთ მწვავე, უეცარი და ძლიერი ტკივილით გულის არეში, რომელსაც ვერაფერი აყუჩებს. საბედნიეროდ, დღეს კლინიკაში დროული გადაყვანისას მედიცინა პაცენტს შველის, რაც ექიმისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენს კლინიკაში ყველა და ყველაფერი იმისთვის არის, რომ ადამიანის გულს ვუშველოთ, თუმცა აქამდე მისვლას არავის ვურჩევ - სწორი ცხოვრების წესით და გულის მუდმივი კონტროლით გულის გართულებების თავიდან აცილება შეიძლება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით