რა იწვევს ალკოჰოლიზმს - კვირის პალიტრა

რა იწვევს ალკოჰოლიზმს

"საერთაშორისო სტატისტიკით, ღვიძლის ციროზების 75-80% სწორედ ალკოჰოლურ ციროზებზე მოდის"

"ვინც ბევრს სვამს, არ იცის, რომ ღვინო მავნებელია, ხოლო ვინც არ სვამს, არ იცის, რომ ღვინო სასარგებლოა", - გვასწავლის იაპონური ანდაზა. ღვინო მაშინ ხდება ადამიანის მტერი, როდესაც უზომო რაოდენობით სვამენ. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას კი ალკოჰოლურ დამოკიდებულებამდე მივყავართ. როგორც ექიმი-ნარკოლოგი მარინა მურდალაშვილი ამბობს, ამ დაავადების ასაკი ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა:

- ალკოჰოლური დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელიც განმეორებებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში საქართველოში ალკოჰოლური დამოკიდებულების ასაკი ძალიან გაახალგაზრდავდა. ადრე მისი ჩამოყალიბების საშუალო ასაკი 45-50 წელი იყო, ახლა 18-20 წელია. არის შემთხვევები, როდესაც 15-16 წლისანნი ეტანებიან ალკოჰოლს. ჭარბად მოხმარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს დაავადებაა, მაგრამ თანდათან ვითარდება ალკოჰოლურ სასმელზე მიჯაჭვულობა.

- როგორია ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები?

- როდესაც ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე სიმპტომები ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტისას, დაავადება უკვე განვითარებულია. ეს სიმპტომებია: ოფლიანობა, კანკალი, უძილობა, ძლიერი შფოთვა, მოუსვენრობა, გულყრა, რაც უფრო ღრმა დაზიანებებზე მიუთითებს. ამ დროს მაღალია რეციდივის რისკი.

- რა როლი აქვს დაავადების ჩამოყალიბებაში გენეტიკას?

- გენეტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დაავადების განვითარებაში. პაციენტების გამოკითხვისას ყოველთვის იკვეთება გენეტიკური ფაქტორი მამის ან დედის მხრიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა, მაგრამ გენეტიკა არ არის სტიგმა. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორი უამრავია. შეიძლება გენეტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის, თუ როგორ გარემოში იზრდება ყმაწვილი, როგორი სამეგობრო ჰყავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბადებამდე და შემდგომ მიმდინარე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები და ცვლილებები, რომლებიც ზრდის პროცესში ხშირად ვლინდება. ალკოჰოლური დამოკიდებულების მიზეზი შეიძლება გახდეს ქალა-ტვინის ტრავმები, მათ შორის ტვინის შერყევა, რომელსაც ბევრი არაფრად მიიჩნევს. მნიშვნელოვანია მეორე დღის სინდრომი, ანუ ნაბახუსევი. ამ დროს შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს კრუნჩხვა, სხვადასხვა ფსიქოზური მდგომარეობა და ა.შ... ამ სიმპტომებს ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება იწვევს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც შვილს ალკოჰოლისადმი ლტოლვას შეამჩნევს?

- ალკოჰოლური დამოკიდებულებისას მკვეთრად იცვლება მოზარდის ქცევა. 15-16 წლის ბიჭს (ან გოგონას) აუცილებლად შეეტყობა, რომ ალკოჰოლი უფრო დიდ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში, ვიდრე სპორტი, მეგობრები, წიგნი და ა.შ... თუ ამ ნიშნებს შევამჩნევთ, აუცილებლად უნდა ჩავერიოთ, უნდა მოვახერხოთ ალკოჰოლის ჩანაცვლება უფრო ჯანსაღი ინტერესებით. დაავადების საწყის ეტაპზე ფსიქოლოგიური ჩარევა და დახმარება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მედიკამენტური.

- შეიძლება ალკოჰოლური დამოკიდებულება სხვა ტიპის დამოკიდებულებაში გადავიდეს?

- რა თქმა უნდა, ე.წ. ზაპოიდან ბევრი გამოდის სხვადასხვა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებით. ასე ყალიბდება დამოკიდებულების სხვა ფორმა და უკვე მონოდამოკიდებულებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიდამოკიდებულებასთან. ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი მოდის ამ სიმპტომებით.

- რთულია ალკოჰოლიზმის მკურნალობა?

- ყველა დამოკიდებულების მკურნალობა ძალიან მძიმე და ხანგრძლივი პროცესია. ამ დაავადებას ახასიათებს რეციდივების სიხშირე, ამიტომ უკეთეს შედეგს იძლევა ადრეულ ეტაპზე ჩარევა, როდესაც არ არის გამოხატული მკვეთრი დაზიანებები თავის ტვინის, ღვიძლის და სხვა ორგანოებისა. არსებობს სხვადასხვა დაავადება, რომელიც ალკოჰოლის ჭარბი მიღებით არის გამოწვეული. მაგალითად: გულის, ღვიძლის, პანკრეასის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ალკოჰოლური დაზიანებები და ა.შ... საერთაშორისო სტატისტიკით, ღვიძლის ციროზების 75-80% სწორედ ალკოჰოლურ ციროზებზე მოდის. როდესაც საქმე ორგანულ დაზიანებამდე მიდის, განსაკუთრებით კი თავის ტვინის დაზიანებამდე, მკურნალობა რთულდება. თანდათან ყალიბდება ალკოჰოლური ენცეფალოპათია, ანუ პიროვნების ალკოჰოლური დეგრადაცია, ამ დროს გონებრივი შესაძლებლობები ქვეითდება და პაციენტი საკუთარი მდგომარეობის შეფასებასა და კრიტიკას ვერ ახერხებს. ასეთები ამბობენ - ვსვამ, მაგრამ ვის რას ვუშავებო. ამ დროს სიფხიზლის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ძილის დარღვევა, ენდოკრინული დარღვევები, იმპოტენცია - ეს ყველაფერი ალკოჰოლური დამოკიდებულების თანმდევი მოვლენებია.

- რა როლს ასრულებს ალკოჰოლიზმის ჩამოყალიბებაში მძიმე ცხოვრება და სტრესი?

- სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმები, ავტოავარიის შედეგად მიღებული ქალა-ტვინის ტრავმები - ალკოჰოლიზმის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამიტომ სპეციალისტები აფრთხილებენ ადამიანებს, რომლებმაც დიდი სტრესი გადაიტანეს, რომ შეიძლება მათ მდგომარეობას ასეთი გართულება მოჰყვეს. ალკოჰოლისადმი სწრაფვა გვევლინება ფსიქიკური დაავადებების დროსაც. ასე რომ, ალკოჰოლიზმის გამომწვევი მიზეზი უამრავია.

ხათუნა ჩიგოგიძე