ჯილეხმა თავი იჩინა - კვირის პალიტრა

ჯილეხმა თავი იჩინა

"ციმბირის წყლულით საქართველოში წელიწადში 20-60 კაცი ავადდება"

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჯილეხით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა აღირიცხა. ამ წლის განმავლობაში უკვე მესამე პაციენტი მოხვდა ციმბირის წყლულით სტაციონარში. საბედნიეროდ, სამივე შემთხვევა გამოჯანმრთელებით დასრულდა. ქვეყანაში, სადაც სურსათის კონტროლი ოფიციალურად არ არსებობს და დახლზე ხშირად საკვებად გამოუსადეგარი და სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტებიც კი ხვდება, ჯილეხის ერთეული შემთხვევებიც კი ყურადსაღებია.

ამიტომაც არის, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ხშირად მოჰყავთ ჯილეხით დასნებოვნებული, სხვადასხვა საკოლმეურნეო ბაზრობაზე მოვაჭრე ყასბები და შესაბამისად, მათი მომხმარებლებიც. საინტერესოა, რომ საქართველოში ჯილეხის გავრცელების ენდემური კერები არსებობს, რასაც ხელს უწყობს ადგილობრივი კლიმატი და ტრადიციები, რაც მეცხოველეობის განვითარებას გულისხმობს.

ამიტომაც ჩვენშიც ყოველთვის იყო პირუტყვის დაცემისა და ჯილეხით ავადობის შემთხვევები. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, იქ, სადაც დაავადების პრევენციისთვის პირუტყვის ვაქცინაცია აუცილებელ წესად იქცა, ჯილეხი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ში ჯილეხის შემთხვევები აღარ აღირიცხებოდა მანამ, სანამ ბინ ლადენის დაჯგუფების წევრებმა დაავადების სპორები ფოსტით არ დაგზავნეს.

ცნობისათვის, ციმბირის წყლული ადამიანისა და ცხოველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მწვავე ინფექციური დაავადებაა. მართალია, ის ერთეული, იშვიათი შემთხვევების სახით გვხვდება, მაგრამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია გარემოში სპორას იკეთებს და ამის წყალობით დიდხანს ძლებს. დაავადება ორგანიზმში სპორების მოხვედრისას ვითარდება.

ინფექციის წყარო შესაძლოა იყოს დაავადებული ან დაცემული პირუტყვი. ადამიანი მასთან უშუალო კონტაქტით ავადდება: ცხოველის დაკვლის, გატყავების, აკაფვის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს კუჭ-ნაწლავის გზითაც, თუ მაგალითად, დაავადებული ცხოველის ხორცის თერმულად დამუშავება არ მოხდა. ინფექცია ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

დაავადება ორგანიზმში სპორების მოხვედრიდან 2-12 დღეში ვლინდება. ჯილეხის კანის ფორმა ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებზე - სახეზე, თავისა და კისრის მიდამოებში, წინამხარზე ან მტევანზე ვითარდება.

ინფექციის შეჭრის ადგილას ჩნდება ზედაპირიდან წამოწეული წითელი ლაქა, რომელიც რამდენიმე საათში, სითხის ჩადგომის გამო, ბუშტუკად იქცევა. ერთი-ორი დღის განმავლობაში ბუშტუკი იზრდება და მის შუაგულში შავი ქერქი წარმოიქმნება. ქავილის დროს ან თავისთავად ბუშტუკი სკდება და წყლულად იქცევა. წყლულის განვითარებას თან ახლავს 38-39 გრადუსამდე სიცხე. ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი და აღენიშნება გახშირებული გულისცემა.

თუ წყლული ღრმაა, შესაძლოა დაზიანდეს სისხლძარღვის კედელი და განვითარდეს სისხლდენა. გამოჯანმრთელებისას წყლულის ადგილას უხეში ნაწიბური ჩნდება. თვალბუდის არეში არსებულმა წყლულმა შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. მძიმედ მიმდინარეობს ჯილეხის ჩხირით გამოწვეული ფილტვების ანთება, ნაწლავური ფორმა, მენინგიტი და სეფსისი.

შოთა ცანავა (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე): "ყოველწლიურად საქართველოში ჯილეხის 20-80 შემთხვევა აღირიცხება. მაგალითად, 2006 წელს 38 შემთხვევა გვქონდა, 2007 წელს ჯილეხით ავადობის ფაქტები 42-მდე გაიზარდა, 2008-ში 62 შემთხვევა გვქონდა, ხოლო შარშან 38-მდე შემცირდა. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა აღნუსხულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჯილეხის კანის ფორმასთან.

დაზიანებული კანის ადგილას წარმოიქმნება სპეციფიკური წყლულები და თუ პროცესმა გენერალიზებული ფორმა არ მიიღო, დაავადება ადვილად იკურნება. ყველაზე საშიშია ჯილეხის გენერალიზებული ფორმა, როდესაც გამომწვევი მთელ ორგანიზმში მრავლდება და შინაგან ორგანოებს აზიანებს. ბოლო წლებში მხოლოდ ორჯერ აღირიცხა ჯილეხის გენერალიზებული ფორმა და სამწუხაროდ, ორივე შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა. ეს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა და თუ დროულად არ აღმოვუჩენთ დასნებოვნებულ ადამიანს დახმარებას, პროცესმა შესაძლოა გენერალიზებული ფორმა მიიღოს.

ადამიანი ჯილეხით შესაძლოა დაავადდეს როგორც დაინფიცირებულ პირუტყვთან კონტაქტით, ასევე იმ ნიადაგთან შეხებისას, სადაც შესაძლოა დაავადების სპორები იყოს. ჯილეხის რამდენიმე შემთხვევა წელსაც აღირიცხა და საინტერესოა, რომ ყველა დასავლეთ საქართველოში.

როდესაც ამ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი არა იმდენად სამედიცინო ასპექტია, არამედ ვეტერინარული ღონისძიებები. ყველა პირუტყვიA უნდა აიცრას, ასეთ შემთხვევაში ის ვერ იქნება ინფიცირების წყარო ადამიანისთვის. ჯილეხის შემთხვევები იზრდება მაშინ, როდესაც ბალახი გამხმარია ან ახალამოწვერილი და საძოვრად გასულ პირუტყვს მისი მოძიება ღრმად, ნიადაგში დრუნჩით უხდება.

როგორც წესი, ზაფხულის თვეებში ციმბირის წყლულით დაინფიცირების შემთხვევები იშვიათად გვხვდება, მაგრამ თუ პირუტყვს არ ჩაუტარდა ვაქცინაცია, შესაძლოა ჯილეხის შემთხვევები წლის ნებისმიერ დროს მაღალი ინტენსივობით გამოვლინდეს".