"ვირუს დენგეს გავრცელების საშიშროება არ არსებობს"
04-07-2016
"ვირუს დენგეს გავრცელების საშიშროება არ არსებობს"
"ერთი შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ცხელების გავრცელების კერა შეიქმნა"

ზუგდიდის საავადმყოფოში დენგეს ცხელებით დაავადებული ინდოელის მოხვედრას საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა - დენგეს ვირუსი იმ საშიშ დააავადებათა გამომწვევს მიეკუთვნება, რომელთაც ფატალურად დასრულების მაღალი რისკი აქვს. პაციენტი კლინიკაში ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ სხვა სამ ინდოელთან ერთად მოხვდა, რომელთაც ასევე მწვავე ცხელება ჰქონდათ. საბოლოოდ, დენგეს ცხელება მხოლოდ ერთ მათგანს დაუდგინდა. ამ მეტად საშიში დაავადებისა და მისი გავრცელების რისკის შესახებ დაავადებათა
კონტროლის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგ მერაბ იოსავას ვესაუბრეთ.

- ვირუსი დენგე საკმაოდ მძიმე დაავადების გამომწვევად ითვლება. მისი გადამტანია კოღო (Aedes aegypti). თუმცა მხოლოდ ადამიანი არ არის ამ ვირუსის მატარებელი, მის რეზერვუარად ასევე ითვლებიან მაიმუნები და ღამურები. დენგ
ეს ცხელება ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული (მათ შორის ინდოეთშიც). დღეს ეს ვირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება. მაგალითად, მექსიკაში 2010 წელს 57 000-ზე მეტი ადამიანი იყო დაინფიცირებული, გავრცელების შემთხვევები იყო ევროპაშიც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ დაავადების კონტროლს, მისი რისკებიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას აქცევს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, დენგეს ვირუსით გამოწვეული დაავადების რისკის ქვეშ მსოფლიოს დაახლოებით ორი მეხუთედია, შესაძლოა, წელიწადში 50 მილიონი შემთხვევაც დაფიქსირდეს. რაც შეეხება სიმპტომებს:

დაავადება იწყება მაღალი სიცხით, რომელსაც თან ახლავს თავის, თვალების, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, გამონაყარი. ეს ნიშნები ახასიათებს დენგეს კლასიკურ ფორმას, რომელიც კეთილთვისებიანია. რთულია ჰემორაგიული ფორმა, ანუ მწვავე დენგე, რომელიც სპონტანური სისხლდენით გამოიხატება.
დენგეს ცხელება შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბით. შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა, შოკი, სიკვდილი.

- სასურველია, დაწვრილებით აღვწეროთ დენგეს ვირუსით გამოწვეული დაავადების პირველი ნიშნები.

- ტემპერატურის მკვეთრი და სწრაფი ზრდა, მწვავე თავის ტკივილი, გამონაყარი; ტკივილი თვალებს უკან, კუნთებსა და სახსრებში, გულისრევა, გამონაყარი. თუკი ამ ჩამონათვალიდან ორი მათგანი მაინც ახლავს სხეულის მაღალ ტემპერატურას, შეგვიძლია დენგეზე ვიეჭვოთ. თუმცა, რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უცილობლად დენგესთან გვაქვს საქმე. დაავადების დასაწყისი გრიპოზული ნიშნებით ხასიათდება; სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, შემდეგ იწევს დაბლა, მაგრამ 1-2 დღის შემდეგ ცხელების ახალი ტალღა იწყება, რომელსაც თან ახლავს მუცლის მწვავე ტკივილი, ბრადიკარდია, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან. თუმცა ეს უკვე მძიმე, ჰემოროგიული შემთხვევაა, რაც ჩვენთან ნაკლებად არის, რადგან სამედიცინო მომსახურება მაღალ დონეზეა. რაც შეეხება ზუგდიდის შემთხვევას, დაეჭვებისთანავე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აცნობეს. დადგინდა, რომ საქმე დენგეს ცხელებასთან გვქონდა. საბედნიეროდ, პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებულია.

- თუ დაავადებულ ადამიანს კოღომ უკბინა და იმავე კოღომ სხვასაც უკბინა, გამოდის, რომ დაავადებას ახალი მსხვერპლი ჰყავს.

- დაბეჯითებით გეტყვით, რომ ეს იყო ერთი შემთხვევა, ერთი ადამიანი, რომელიც უკვე დაავადებული ჩამოვიდა სამშობლოდან, სადაც დენგეს კერაა. ერთი შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ცხელების გავრცელების კერა შეიქმნა.

ჩვენ ადრეც გვქონდა დენგეს ცხელების შემთხვევები. ყველა პაციენტი გამოჯანმრთელებული დაბრუნდა უკან, მათ შორის, უმძიმესიც კი. იმასაც დავამატებ, რომ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურმა სამსახურმა ინსექტიციდებით დაამუშავა ზუგდიდის საავადმყოფოს (სადაც მკურნალობდა ინდოელი) პალატები და შიდა ტერიტორია, ის შენობები, სადაც ინდოელები ცხოვრობენ. ჩვენი ქვეყანა კარგად მომარაგებულია ამ და სხვა მსგავსი დაავადებების პრევენციისთვის საჭირო მასალებით, რადგანაც ჩვენს ქვეყანაშიც ბინადრობენ ამ ვირუსის (და არა მარტო) გადამტანი კოღოები, ჩვენს საზღვრისპირა საკურორტო ზოლში იგეგმება დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები.

- რომც გავრცელდეს დაავადება, ალბათ სეზონური ხასიათი ექნება, ვინაიდან კოღოებთან არის დაკავშირებული.

- დაავადების გავრცელების საშიშროება არ არსებობს. დაავადებას ნამდვილად ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით ვრცელდება წვიმიან პერიოდებში, როცა კოღო გამრავლებულია.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით