ჭარბი ოფლიანობა - ჰიგიენის პრობლემა თუ დაავადება? - კვირის პალიტრა

ჭარბი ოფლიანობა - ჰიგიენის პრობლემა თუ დაავადება?

ოფლიანობა ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციაა, რადგან ოფლდენის მეშვეობით ორგანიზმი თავისუფლდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებისგან და სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სიცხეების დადგომისთანავე მატულობს სხეულის ტემპერატურაც და ამ პროცესის შესაჩერებლად ტვინი სიგნალს უგზავნის ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც ოფლი ჭარბად გამოიყოფა. გამოყოფილი ოფლის ხარჯზე კი ორგანიზმი გრილდება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ჭარბოფლიანობით ანუ ჰიპერჰიდროზით იტანჯებიან. რა არის ჰიპერჰიდროზი, რა მიზეზები იწვევს მას და როგორ შეიძლება მასთან გამკლავება, ამ და სხვა თემებზე ოჯახის ექიმი ნინო ბურჯანაძე გვესაუბრება.

- რა არის ჰიპერჰიდროზი და რა ფაქტორები უწყობს ხელს ოფლის ჭარბად გამოყოფას?

- ნორმალურ მდგომარეობაში ყველა ადამიანი გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და ფიზიკური დატვირთვის დროს კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. მაგალითად, ოფლდენა ძლიერდება ცხელ ამინდში, ფიზიკური დატვირთვის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების, ცხელი და ცხარე საკვების მიღების დროს. მჭიდრო, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჩახუთულ სივრცეში ყოფნა, ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ოფლის გაძლიერებულ გამოყოფას. რაც შეეხება პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს, ეს ნორმიდან გადახრა ანუ დაავადებაა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

- ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე რას გვეტყოდით?

- პირველადი ჰიპერჰიდროზი ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, რომელიც უმეტესად მემკვიდრეობითი ხასიათისაა. მეორადი ჰიპერჰიდროზი კი სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს და ძირითადი დაავადების მკურნალობის შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

ჭარბოფლიანობას იწვევს შემდეგი დაავადებები: ენდოკრინული, ნერვული სისტემის დარღვევები, ტრავმული დაზიანება, ინფექციური დაავადებები (ტუბერკულოზი, სიფილისი, შიდსი); გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ა.შ.

ხშირია კლიმაქტერულ პერიოდში, გარდატეხის ასაკში, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მომატებულ ოფლიანობას აქვს გარდამავალი ხასიათი და ამიტომ სასურველია მოზარდები ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს ასევე ლოკალური (ადგილობრივი) და გენერალიზებული ხასიათის. ლოკალური ჰიპერჰიდროზის დროს ოფლის გამოყოფა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე: სახეზე, ხელისგულებზე, იღლიის ფოსოებში, ტერფებზე. გენერალიზებულის დროს კი ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული. ოფლიანობა თავის მხრივ იწვევს მთელ რიგ გართულებებს, მაგ. კანის გაღიზიანებას, შემდგომში მეორადი ინფექციის და სოკოვანი დაავადების განვითარებას.

- ზაფხულში განსაკუთრებით მწვავდება ეს პრობლემა და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას. რა მეთოდებით არის შესაძლებელი ჰიპერჰიდროზის მკურნალობა?

- არსებობს ჰიპერჰიდროზის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. კონსერვატიული მეთოდებია:

დიეტა რაციონიდან უნდა იქნეს ამოღებული კოფეინის და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი და ა.შ) ჰიგიენური წესების დაცვა

შხაპის მიღება სასურველია დღეში ორჯერ. ტანსაცმელი უნდა იყოს ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული, ფეხსაცმელი ტყავის და შესაფერისი ზომის. პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას იწვევს. ელექტროფორეზი სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების წარმოება პრობლემურ ადგილებზე, რის შედეგადაც მიიღება ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია.

- ჰიგიენური საშუალებებიდან ადამიანების უმეტესობა დეოდორანტებს იყენებს. რამდენად ეფექტიანია ანტიპერსპირანტები ჰიპერჰიდროზისას და ზოგადად ოფლიანობასთან გასამკლავებლად?

- დეოდორანტები საოფლე სადინარებს ავიწროებს და ამით ოფლიანობას ამცირებს, ისინი უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოიყენება. დეოდორანტი სუფთა, დაბანილ კანზე უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადინარების დახშობა მოხდება, რაც თავის მხრივ საოფლე ჯირკვლების ანთების მიზეზი ხდება.

- ცნობილია, რომ ჭარბოფლიანობა ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს. რამდენად ეფექტურია მკურნალობის ეს ფორმა?

- თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ხდება საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევა, თუმცა ეს მეთოდი დროებითია, რადგან დროთა განმავლობაში სადინარების აღდგენა ხდება.

ნანა ჩარკვიანი