გამელოტების ფორმულა: გენეტიკა+მამაკაცური ჰორმონები - კვირის პალიტრა

გამელოტების ფორმულა: გენეტიკა+მამაკაცური ჰორმონები

გამელოტება ანუ ალოპეცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა მამაკაცებისთვის. ყოველდღიურად ადამიანს ასეულობით თმის ღერი სცვივა და როცა დაკარგული თმის ადგილას ახალი აღარ ამოდის, სწორედ მაშინ იწყება ალოპეცია. ამ უსიამოვნო მოვლენის შესახებ გვესაუბრება ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე გამყრელიძე:

- გამელოტება ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ამ მოვლენას ქალებშიც ვხვდებით - ძირითადად კლიმაქსის პერიოდში, ან რაღაც დარღვევის და პათოლოგიის დროს. მამაკაცებში გამელოტება გენეტიკით არის განპირობებული, რასაც მამაკაცური ჰორმონების გავლენაც ემატება. სწორედ ეს ერთობლიობა - გენეტიკა+ჰორმონები - იწვევს გამელოტებას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ცნობილია, რომ უფრო მეტად დედის გენეტიკა მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ ერთი ძმა მელოტია, მეორე კი - არა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი გენი "შეხვდება". ამავე დროს, კაცის ორგანიზმში არსებობს სპეციალური ჰორმონი ტესტოსტერონი, ამ ჰორმონის ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხი ინდივიდუალურია, იგი ზოგჯერ იწვევს გამელოტებას, ზოგჯერ - არა.

- მოქმედებს თუ არა ამ პროცესზე კლიმატი, გარემო პირობები?

- კლიმატი, კვება, ჰიგიენა, ან სხვა, მამაკაცურ თმის ცვენაზე ნაკლებად მოქმედებს. თუ გამელოტება იწყება, მისი შეჩერება ძალიან რთულია. გამელოტების ხარისხი შეიძლება იყოს სხვადასხვა იმის მიხედვით, როგორი გენეტიკა ჰქონდათ წინაპრებს.

- ამბობენ, რომ ალოპეციის საწყის ეტაპზე ადამიანმა თმა უნდა გადაიპარსოს.

- თმის გადაპარსვის ერთადერთი პლუსი ის არის, რომ ამ დროს პაციენტს შეუძლია გამელოტების საწინააღმდეგო წამლები ადვილად შეიზილოს, სხვა არაფერი.

- გამელოტების მიზეზად ასახელებენ ხანგრძლივ ავადმყოფობას, მედიკამენტების ჭარბად მიღებას, სტრესს...

- თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მამაკაცის ალოპეციაზე, ის დაავადებებით ნაკლებად არის განპირობებული. არსებობს კიდევ რამდენიმე ტიპის თმის ცვენა, რომელიც მართლაც არის დაკავშირებული რადიაციასთან, ცუდ კვებათან, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, მაგრამ ამ შემთხვევაში თმა მთლიანად ცვივა. მაგალითად, ონკოლოგიური პრეპარატების მიღებისას პაციენტებს თმა მთლიანად გასცვივდებათ ხოლმე, მაგრამ შემდეგ, როცა წამლების მიღებას წყვეტენ, ისევ ამოსდით, ეს დიფუზური თმის ცვენაა. ბუდობრივი ცვენის დროს შემთხვევათა 95%-ში თმა თავისით ამოდის - მკურნალობის გარეშეც, მამაკაცური თმის ცვენის დროს კი ასე არ ხდება. ქალებს კლიმაქსის პერიოდში თმის ცვენა იმიტომ ეწყებათ, რომ ორგანიზმში ნელდება ქალური ჰორმონების ანუ ესტროგენების გამოყოფა და მატულობს მამაკაცური ჰორმონების რიცხვი, ამ დროს შეიძლება ქალსაც გასცვივდეს თმა, მაგრამ მისი მკურნალობა უფრო ადვილია.

- თუ არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლითაც გამელოტების თავიდან აცილება შეიძლება?

- ამგვარი საშუალება დღეს მედიცინაში არ არსებობს. არსებობს გარეგანი საშუალებები, რომლებიც პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეიზილოს, ამაზე კი ცოტა ვინმე თუ თანხმდება.

- დღეს ძალიან ბევრი ინერგავს თმას. ეს რამდენად ეფექტიანი გზაა?

- გადანერგვის დროსაც ვერ ხერხდება თმის იმ სიხშირით ამოსვლა, რაც ადრე ჰქონდა ადამიანს. ეს საკმაოდ კარგი მეთოდია, თუმცა ძალიან ძვირი, რადგან ერთჯერადი გადანერგვა საქმეს ვერ შველის: რამდენჯერმე უნდა გადაინერგო, რომ დადებითი ეფექტი მიიღო.

- თუ არის იმედი, რომ ოდესმე შეიქმნება პრეპარატი, რომელიც სიმელოტეს განკურნავს?

- ამერიკაში მუშაობენ ახალი ჯგუფის პრეპარატებზე. არსებობს კოსმეტიკური საშუალება, რომელიც წამწამებს 1,5-2-ჯერ აგრძელებს და ახშირებს, ამიტომ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც მედიცინა გამელოტების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.

ხათუნა ჩიგოგიძე