როგორ "ვმართოთ" ქოლესტერინი - კვირის პალიტრა

როგორ "ვმართოთ" ქოლესტერინი

"ქოლესტერინის მატებას დიეტაზე მეტად ფიზიკური აქტივობა ამცირებს"

ალბათ, ყველა ჩვენგანს გაუგია გაფრთხილება - ცხიმიანი არ ჭამო, ქოლესტერინი დაგიგროვდებაო! სინამდვილეში საშიშია არა თავად ქოლესტერინი, არამედ სისხლში მისი შემცველობის მატება - როცა ქოლესტერინი სისხლში იმატებს, ის არტერიების კედლებზე ილექება, ანთება იწყება და სისხლძარღვის კედელი მაგრდება. ბოლოს ჩნდება ქოლესტერინის ფოლაქი - მოყვითალო კვანძი, რომელიც დროთა განმავლობაში წყლულდება. იწებებს თრომბოციტებს და ყალიბდება თრომბი. ხოლო თრომბის დაცობა ინსულტს იწვევს. თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ქოლესტერინის სიჭარბეს, ექიმ ლალი ნაკაიძესთან საუბრიდან შეიტყობთ.

- რახან სისხლში ქოლესტერინის მატების მავნეობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოროტად თუ არ მოვექცევით ორგანიზმს და ზედმეტ ქოლესტერინს არ დავიგროვებთ სისხლძარღვებში, პირიქით, ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმის ერთგული მეგობარი იქნება - უიმისოდ უჯრედები გარსის, ორგანიზმი ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩება. ქოლესტერინი მეგობარი მაშინ არის, თუ ჩვენს სისხლში მისი დონე 3.9 მმოლ-ზე ქვემოთაა. როცა ქოლესტერინის დონე ჩვენს სისხლში 5.2 მმოლ-ს მიაღწევს, უკვე "საშიშ ზონაში" ვართ.

- არსებობს თუ არა კრიტერიუმები, რომელიც არასწორ კვებას ზუსტად განსაზღვრავს?

- არასწორი კვება ფართო ცნებაა და არ შეიძლება, ყველას ერთი და იგივე კრიტერიუმი მოერგოს. მაგალითად, თუ მკაცრი დიეტა ერთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მეორისთვის შესაძლოა, ფატალურად დამთავრდეს. თუმცა არსებობს კვების ზოგადი პრინციპები, რომლის დაცვა ქოლესტერინის ზომიერი დონისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ზომიერება უნდა დავიცვათ ცხიმიანი პროდუქტების ჭამისას, უმჯობესია, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მივირთვათ და შეძლებისდაგვარად დღეში 5-6-ჯერ ვიკვებოთ.

- როგორ უნდა შევიტყოთ ქოლესტერინის მომატება?

- უმეტესობა ვერც კი გრძნობს ამას. ქოლესტერინი ძალიან ხშირად ხდება გასუქების მიზეზი, მათ შორის ბავშვებში. აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ ქოლესტერინის მომატება "გაახალგაზრდავდა". არსებობს ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატები, მაგრამ ქოლესტერინის თუნდაც მცირე მატების შემთხვევაში ამ პრეპარატების მიღება უნდა იყოს შეთანხმებული დიეტასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. ქოლესტერინის მატებას დიეტაზე მეტად ფიზიკური აქტივობა ამცირებს.

- ქალებში უფრო ხშირია სისხლში ქოლესტერინის დონის მატება თუ მამაკაცებში?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქოლესტერინის მატებას ალკოჰოლისა თუ ცხიმიანი საკვების მიღება და უმოძრაობა იწვევს, ეს მოვლენა მამაკაცებში უფრო მეტად შეინიშნება.

- ქოლესტერინის დამწევი პროდუქტები არ არსებობს?

- ქოლესტერინის საუკეთესო დამწევად თალგამი ითვლება. თუ ყოველდღიური რაციონი 400 გ ბოსტნეულს და ხილს შეიცავს (აუცილებელია, რომ უმიც იყოს), ქოლესტერინი ნაკლებად მოიმატებს. თუკი ადამიანი გაითვალისწინებს ხშირად მოხმარებად პროდუქტებში ქოლესტერინის ნაკლებ შემცველობას (100 გ). მაგალითად, საქონლის ხორცში ქოლესტერინი 94 მილიგრამია, ღორის ხორცში - 89, ხბოს ხორცში - 128, ქათმის ხორცში - 78,8, ინდაურის ხორცში, - 59, კვერცხის გულში - 250, ანუ ერთი დღის ნორმა ადამიანისთვის, თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელზე უარი უნდა ვთქვათ, მხოლოდ უნდა შევზღუდოთ.

ეთერ ერაძე