დეპრესია - ცივილიზაციის დაავადება
01-08-2016
დეპრესია - ცივილიზაციის დაავადება
დეპრესია ურთულესი დაავადებაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან დეპრესიით დაავადებულები სუიციდისკენ არიან მიდრეკილნი. ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ურთულესი პრობლემაა:

- "დეპრესია" ლათინური სიტყვაა და ქართულად დათრგუნულს ნიშნავს. როდესაც ადამიანი რაღაც სულიერ ან ფიზიკურ ტრავმას გადაიტანს, ამას შედეგად მოსდევს დეპრესია. ის შეიძლება მუდმივი სტრესის და დაძაბულობის შედეგიც იყოს. არის შემთხვევები, როდესაც დეპრესიის გამოკვეთილი მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ის მაინც ყალიბდება. დეპრესია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც
ადამიანი სევდასა და ნაღველს განიცდის და ყველაფერს მუქად აღიქვამს. მისთვის დამახასიათებელია ე.წ. კოგნიტური ტრიადა: ნეგატიური წარმოდგენა საკუთარ თავზე, წარსულზე, სოციუმის შიში და მომავლის უიმედობა. ზოგადად, მიჩნეულია, რომ დეპრესია ცივილიზაციის დაავადებაა. ვინაიდან ადამიანს გაზრდილი მოთხოვნილებები აქვს და მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ეს იწვევს დეპრესიას.

- რამდენად
ხშირია დეპრესიის შემთხვევები მსოფლიოში და საქართველოში?

- განვითარებულ ქვეყნებში დეპრესია მოსახლეობის 15-17%-ს აწუხებს, ჩვენთან კი, რადგან გარდამავალი პერიოდია და რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, დადგენილია, რომ ყველას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია დეპრესიის მსუბუქი ეპიზოდი. ზოგჯერ ადამიანს დეპრესიული მდგომარეობა ერთხელ აქვს და არასოდეს უმეორდება, თუმცა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში დეპრესია შეიძლება ქრონიკულად იქცეს. არჩევენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე დეპრესიას. დეპრესიის ძალზე რთული ფორმაა ის, რომელსაც ბოდვები და ჰალუცინაციები ახლავს თან. დეპრესია აუცილებლად მოითხოვს ფსიქიატრის ჩარევას, რადგან დეპრესიით დაავადებული ადამიანების 75%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე. ისიც საყურადღებოა, რომ ქალებში დეპრესია ორჯერ მეტად გვხვდება.

- რით შეიძლება ამის ახსნა?

- ეს განპირობებულია ქალის ფიზიკური და ანატომიური აგებულებით და მისი ფუნქციებით, ამასთან, ქალი უფრო ხშირად არის ოჯახში შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი კულტურა პასუხისმგებლობას უფრო მეტად ქალს აკისრებს. საკუთარი თავისადმი უფრო მეტის მოთხოვნა და მისთვის შეუფერებელი შრომა ქალს უფრო მეტად უწევს, ამიტომ დეპრესიაც უფრო ხშირად ერევათ. ზოგჯერ ადამიანი ვერც ხვდება და თავსაც არ უტყდება, რომ დეპრესია აქვს. მამაკაცებში დეპრესია შეიძლება გარეგნული ნიშნებით ამოვიცნოთ: აღგზნებული გამომეტყველებით, მოუსვენარი და არაადეკვატური ქცევით... ბავშვებში ის უმეტესად ქცევითი აშლილობით ვლინდება, ხოლო ქალებში - თვითიზოლაციით, უინტერესობით. ასეთი პაციენტი ზოგჯერ კვირაობით ფეხზე არ დგება. რომ ჰკითხო, რა აწუხებს, ვერც გეტყვის.

- დეპრესიული ხასიათის შესახებ რას გვეტყვით?

- აქ კიდევ უფრო რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ასეთ ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სტიმული სჭირდება, რომ თავი კარგად იგრძნოს. მათ გვერდით ცხოვრება ძალიან ძნელია იმ სოციუმისთვისაც, სადაც ის საქმიანობს, ამიტომ დეპრესიული ადამიანები სამსახურს ხშირად ვერ ინარჩუნებენ თავიანთი ასოციალურობის, კონფლიქტურობის და ადვილად აღგზნებადობის გამო. ისინი მუდმივად გამოუძინებლები არიან, დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი, რაც ან უმადობით გამოიხატება, ან ბულემიით, ანუ ზედმეტი ჭამით. ქრონიკული დეპრესია განსაკუთრებით რთული დაავადებაა. ადამიანებს, რომელთაც დეპრესია ერთხელ მაინც ჰქონიათ, ის ქრონიკულ ფორმაში გადადის. ამ დაავადების ჩამოყალიბებაში გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს ასრულებს.

- როგორ შეიძლება დეპრესიის დაძლევა?

- სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, მოწესრიგებული კვების რეჟიმი, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს. დეპრესიის შემთხვევათა 95% იკურნება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი მოინდომებს, იმკურნალებს და თავს ყურადღებას მიაქცევს.

ხათუნა ჩიგოგიძე
...
12 აგვისტო 2016 22:37
Deoresia cemi asrit is daavadebaa rasaz zxovreba kviaaa.sdamiani rom tavs bednierad grznobdes unda aketebdes im sakmes raz ukvars da ekonomiuri oroblemebi ar unda kondes realoba ki sruliad sapirispiroaaa

რედაქტორის რჩევით