რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, კაცობრიობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემა ადამიანთა გამოკვებაა. დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იღებს საკვების სათანადო რაოდენობას, რომ აღარაფერი ვთქვათ არასრულფასოვან და არარაციონალურ კვებაზე.

ტერმინი "რაციონალური" მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან "rationalis", რაც ჭკვიანურს ნიშნავს. რაციონალური კვების არსი სწორედ სიჭკვიანეშია.

საკვებთან ერთად ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო და, რაც მთავარია, სასარგებლო ნივთიერება (კომპონენტი), თანაც აუცილებელი რაოდენობით. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას ყოველდღიურად მიღებული საკვები განაპირობებს. მასზეა დამოკიდებული თავის ტვინის ფუნქციობის სიჩქარე და ხარისხი, იმუნური სისტემის მუშაობა და სიჯანსაღე, ქრონიკულ დაავადებათა აღმოცენება და სხვა მრავალი.

ფაქტია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი არასწორად და არასრულფასოვნად იკვებება, მეტიც, მიირთმევს მავნე, არაჯანსაღ საკვებს. ე.წ. ფასტ-ფუდმა" (სწრაფმა კვებამ) ხომ თითქმის მოსპო ჯანსაღი კვების კულტურა. ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რა მიირთვა, რომელი საჭირო ნივთიერებებით მოამარაგა ორგანიზმი, მიღებული საკვებით რა სარგებლობა მოუტანა მას, კმაყოფილია მხოლოდ იმით, რომ დანაყრდა, აღძრული მადა დაიკმაყოფილა, შიმშილის გრძნობა დაიოკა, თანაც, თუ ეს ყოველივე ძალზე სწრაფად, ქუჩაში ან სამსახურშივე მოახერხა, უფრო კმაყოფილი და ბედნიერია. მისთვის უმნიშვნელოა, რომ დღის განმავლობაში არ მიუღია ხილი, ბოსტნეული, ორგანიზმი არ გაუმდიდრებია ვიტამინებისა და მინერალების სათანადო რაოდენობით, მის საკვებ რაციონში კვირაობით არ არის თევზეული და სხვა საჭირო პროდუქტი; არადა, სრულფასოვან და რაციონალურ კვებაზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.

გთავაზობთ ჯანსაღი კვების რამდენიმე მთავარ პრინციპს:

საკვები

ორგანიზმმა უნდა მიიღოს რეგულარულად და მცირე ულუფებით. ერთბაშად ბევრი საკვების მიღება, მით უფრო დიდი ინტერვალებით, მავნებელია ორგანიზმისათვის;

საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს და მოიცავდეს ხორცს, თევზს, პურს, რძის ნაწარმს, მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს. საკვების ოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია მიღებული პროდუქტების ხარისხი და მათი პროპორციულობა საკვებ რაციონში;

მართალია, უპირატესობა მცენარეულ ცხიმებს უნდა მიენიჭოს, მაგრამ საკვები რაციონიდან ცხოველური ცხიმების, შაქრისა და მარილის სრულად გამორიცხვაც არ შეიძლება;

ხილი და ბოსტნეული რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ხორცეულს;

თევზეულიც უნდა სჭარბობდეს რაციონში ხორცეულს;

აუცილებელია რძემჟავა პროდუქტების რეგულარულად მიღება;

შემწვარ-მოხრაკულს მოხარშული და ორთქლზე მომზადებული კერძები უნდა ვამჯობინოთ.