ბავშვს სახსრები სტკივა?! - კვირის პალიტრა

ბავშვს სახსრები სტკივა?!

ბევრ მშობელს დაუჩივლია, - ჩემი შვილი სახსრებს იტკიებსო. საბედნიეროდ, ყველა ასეთი შემთხვევა რთული არ არის და შესაბამისი მკურნალობაც მალევე შველის, თუმცა, ბავშვებში სახსრების ტკივილს შესაძლოა მძიმე შედეგებიც მოჰყვეს. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი ბავშვის ექიმთან სასწრაფო ვიზიტი. დღეს ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია. თუ როგორ ვაკონტროლოთ მიმდინარე პროცესი, ექიმი ლოლა გვეტაძე გვესაუბრება.

- აჯობებს, ამ თემაზე საუბარი დამაიმედებელი ინფორმაციით დავიწყოთ. მუხლების ტკივილს ბავშვთა 15% მაინც უჩივის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას რევმატიული დაავადება აქვს. ხშირად სახსრის ტკივილი მალევე ალაგდება.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი მაინც რეაქტიულ ართრიტებს უჭირავს. მათ სახსრის ღრუში რომელიმე ინფექციის (სტრეპტოკოკური ან ნაწლავური ინფექციები) მოხვედრა იწვევს და ძირითადად ქვედა კიდურების სახსარში ვითარდება. ამ დროს სახსარი (შესაძლოა. ეს ერთი თითიც კი იყოს) მტკივნეული ხდება, შუპდება და მოლურჯო ფერსაც იძენს. თუმცა, სათანადო და დროული მკურნალობით უმრავლეს შემთხვევაში მალევე ალაგდება და ბავშვი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

- რევმატოიდული ართრიტი რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ?

- უპირველეს ყოვლისა, სახსრის ანთების ხანგრძლივობით - როცა ართრიტი 6 კვირაზე მეტხანს გრძელდება, უკვე უნდა ვივარაუდოთ რევმატოიდული ართრიტი. ბავშვს გაღვიძებისას სახსრებში შებოჭილობის შეგრძნება აქვს, სტკივა, ამოძრავება უჭირს; სხეულის ტემპერატურა იზრდება, რასაც ცხელება და შემცივნება ახლავს; კანზე კი ჩნდებს ვარდისფერი გამონაყარი, რომელიც ტემპერატურის დაწევისთანავე ქრება.

- გამონაყარი ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ სახსრების გარდა დაავადება შინაგან ორგანოებსაც უტევს.

- დიახ. გართულების შემთხვევაში რევმატოიდულ ართრიტს მოსდევს ზრდაში ჩამორჩენა; ცალკეული ძვლის ზრდის დარღვევა, მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება. სამწუხაროდ, ამ მძიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია და არც პროფილაქტიკა არსებობს, მაგრამ ხანგრძლივი (ხშირად მუდმივი) მკურნალობით ინვალიდობის ხარისხი მაქსიმალურად ქვეითდება. მით უფრო, უახლესი სამედიცინო სამკურნალო საშუალებების ფონზე. ასე რომ, თანამედროვე მედიცინისთვის არც ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლაა ძნელი, მთავარია, მშობელი ექიმის რჩევებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოს. დანარჩენი სახეობის სახსრების ართრიტთან ბრძოლა დღევანდელი მედიცინისთვის ადვილი გახლავთ. თუნდაც რეაქტიული ართრიტებისა. ართრიტის ეს სახეობა მაშინ ვითარდება, როცა სახსრის ღრუში ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია ხვდება. ბავშვებში ასეთი ართრიტის განვითარების მიზეზი ხშირად არის გართულებული გრიპი. პატარას რეაქტიული ართრიტისას ცალკეული სახსარი უშუპდება (ხშირად ქვედა), ტემპერატურა ეწევა და უგუნებოდ ხდება. თუმცაღა, დროული დიაგნოზის შემთხვევაში დაახლოებით 2 კვირის მანძილზე სიმპტომები ქრება.

სეპტიკური (ბაქტერიული) ართრიტის კლასიკური ფორმაა რომელიმე ერთი (იშვიათად ორი) მსხვილი სახსრის დაზიანება (ბარძაყის, მუხლის). მას იწვევს ორგანიზმის რომელიმე უბნიდან ან ჭრილობიდან სახსარში მოხვედრილი ბაქტერია (უმეტესად სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი), ან ვირუსი (ჰერპესის, ყბაყურის და ა. შ). იგი უფრო ბავშვებსა და მოხუცებს უტევს. ამ დროს მსხვილი სახსარი შუპდება და წითლება, მოძრაობა იზღუდება და სხეულის ტემპერატურაც იწევს.

ბოლო დროს სეპტიკური ართრიტით ექიმებისთვის მიმართვამ იმატა - იგი, როგორც წესი, იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებს ემართებათ, იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი კი, დაბინძურებულ პროდუქტებთან ერთად, დაბინძურებული გარემოც არის. არსებობს სეპტიკური ართრიტის მკურნალობის სხვადასხვა გზა. მათგან კლასიკური და, შესაბამისად, მეტად ეფექტურიც, შესიებული სახსრის არედან სითხის ამოღებაა, რომლის შესწავლა გვაყენებს სწორ გზაზე, თუ რომელი პრეპარატები მივცეთ ბავშვს განსაკურნებლად. ეს საშუალებას იძლევა, რომ პატარას სულაც არ დავუნიშნოთ სამკურნალოდ ანტიბიოტიკები. თუკი სითხეში ბაქტერიების კვალი არ არის, შეიძლება არასტეროიდული პრეპარატითაც განვკურნოთ. განკურნების პროცესს დაახლოებით 2 დღე-ღამის მანძილზე აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. თუკი პროცესმა ალაგება არ დაიწყო, მაშინ მკურნალობაში ანტიბიოტიკები უნდა ჩავრთოთ.

განკურნების პროცესის გაკონტროლება აუცილებელია 6 თვის თავზე - ზოგჯერ ბავშვებს განკურნების შედეგად ბარძაყის თავის ნეკროზი უვითარდებათ და ექიმმა ამ პროცესს დროულად უნდა მიხედოს.

- ართრიტით დაავადებულ ბავშვებს რაიმე განსაკუთრებული დიეტა ან ვარჯიშები თუ ენიშნებათ?

- ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი - ცურვა, მასაჟი, ბალნეოლოგიური აბაზანები პატარას გაჯანსაღებაში ეხმარება. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ბავშვს დაზიანებული სახსრით ვარჯიში უჭირს და მისი გამხნევება აუცილებელია. ასე რომ თუ მშობელი ვარჯიშისას საქებარ სიტყვებს არ დაიშურებს, პატარა დაავადებას უფრო ეფექტურად შეებრძოლება.

ართრიტით დაავადებული ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან, ამიტომ სასურველია, მათთვის ექიმის რჩევით, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი საკვების მიცემა. და კიდევ: როგორც ყველა დაავადებისას, ისევე ართრიტის შემთხვევაშიც მშობლის აღელვება და შეშფოთება დაავადების გამო, შვილსაც გადაედება, რაც აუცილებლად შეაფერხებს მის გამოჯანმრთელებას. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, იყვნენ მშვიდად. ამით ექიმსაც და პატარასაც ერთდროულად დაუდგებიან გვერდზე დაავადების დამარცხებასთან ბრძოლაში.

ეთერ ერაძე