H1N1 გრიპის მეორე ტალღა დასრულდა, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც იქნება - კვირის პალიტრა

H1N1 გრიპის მეორე ტალღა დასრულდა, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც იქნება

ზამთრის მიწურულს ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ ადრეულ გაზაფხულზე საქართველოს პანდემიური გრიპის, H1N1-ის ახალი ტალღა გადაუვლიდა. მართალია, ე.წ. ღორის გრიპის რამდენიმე ათეული შემთხვევა მართლაც გამოვლინდა, მაგრამ პირველთან შედარებით გრიპის გავრცელების მეორე ტალღა სუსტი იყო და დაავადებას გართულებები თითქმის არ მოჰყოლია.

ამის მიუხედავად, H1N1 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მაინც შემოვა, რადგან შემოდგომით ვერაგი ვირუსის შემოტევას კვლავ ელიან და არც იმას გამორიცხავენ, რომ გრიპის ერთეულ შემთხვევათა გამოვლენა შემოდგომამდეც გაგრძელდება.

შოთა ცანავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე: - პანდემიური გრიპის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით სუსტი იყო. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი აღარ იზრდება. შესაძლებელია იყოს გრიპით ავადობის ერთეული შემთხვევები, რომლებიც წესიდან გადახვევად ჩაითვლება.

პანდემიური გრიპის ახალი ტალღა კი ალბათ შემოდგომაზე შემოგვიტევს, რადგან გრიპისთვის დამახასიათებელი სეზონი ტემპერატურის ვარდნასთან ერთად იწყება. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან არ არის გამორიცხული, ამ ვირუსმა ახალი ბიოლოგიური თვისებები შეიძინოს.

- საინტერესოა, კვლავ განიხილება თუ არა H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის საკითხი?

- ვაქცინაცია აუცილებელია, განსაკუთრებით კი ეს მაღალი რისკის ჯგუფებს ეხება (ორსულები, სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალი და ქრონიკულად მოავადენი). ეს კატეგორია აუცილებლად უნდა აიცრას, რადგან როდესაც გრიპის მასშტაბური ტალღები იქნება მოსალოდნელი, მზად უნდა იყვნენ, ანუ ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი დაავადების ახალი გამომწვევის მიმართ. მოგეხსენებათ, გრიპის შემდგომი გართულებები საკმაოდ სახიფათოა.

უკვე ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე პარტიად ჩამოვა, საშუალოდ 400-450 ათას დოზას ველოდებით. ეს არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, რეკომენდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ამიტომ მისი ხარისხი და ეფექტიანობა ეჭვის საბაბს არ იძლევა.

- მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეთა ვაქცინაცია სახელმწიფოს დაფინანსებით მოხდება თუ მათ აცრა საკუთარი ხარჯით მოუწევთ?

- მათთვის, ვინც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, ვაქცინაცია უფასო იქნება. მაგრამ ვაქცინის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუმცა მისი საბაზრო ფასი ჯერჯერობით უცნობია. ფასი დამოკიდებული იქნება იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში მის იმპორტს განახორციელებენ. სახელმწიფო საფასო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.

- როგორც გვითხარით, გრიპის ახალი ტალღა შემოდგომიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ ხომ შეიძლება ვირუსმა ამ დროისთვის მუტაცია განიცადოს და უშუალოდ H1N1 შტამისთვის შექმნილი ვაქცინა აღარ გამოდგეს?

- გეთანხმებით, რომ შემოდგომისთვის შესაძლოა გრიპის სხვა შტამი აღინიშნოს, თუმცა არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ კვლავ ე.წ. ღორის გრიპმა შემოგვიტიოს. ამიტომაც არის, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედამხედველობის გამართული მუშაობაა საჭირო.

დროულად უნდა მოხდეს იმის გამორკვევა თუ რომელი გრიპის ვირუსი ცირკულირებს კონკრეტულ ეტაპზე და მხოლოდ ამის შემდეგ დგება მისგან დაცვისგ და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ კი ვაქცინის მომზადებას საშუალოდ 8-9 თვე სჭირდება.

P.S. საქართველოში ოფიციალურად ღორის გრიპით ავადობის ლაბორატორიულად დადასტურებული 1300 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 33 ლეტალობით დასრულდა. არაოფიციალურად კი ბოლო რამდენიმე თვეში ე.წ. ღორის გრიპი ჩვენს ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა კაცმა გადაიტანა.

რაც შეეხება H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფასს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტის მარი-პოლ კიენის მოწოდებით9 ის დიფერენცირებული უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინის ერთი დოზა 10-20 დოლარი ეღირება, საშუალოშემოსავლიან სახელმწიფოში ამის ნახევარი, ღარიბ ქვეყნებში კი 2,5 დოლარს არ გადააჭარბებს. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ეს ვაქცინა უახლოეს ხანში გამოჩნდება.

საინტერესოა, ჩვენში თუ გაუწევენ ანგარიშს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნას.