როგორ მოქმედებს ღიმილი - კვირის პალიტრა

როგორ მოქმედებს ღიმილი

როდის იღიმება ადამიანი? როცა დადებითი ემოციით არის სავსე, კარგი განწყობილება აქვს და, უბრალოდ, ბედნიერია. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ბედნიერებას ძირითადად ემოციური განწყობა და ადამიანის გარეგნობა განსაზღვრავს.

ცნობილია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი ხშირად იღიმება, დაბადების შემდეგ კი, წლიდან წლამდე - სულ უფრო იშვიათად.

მეცნიერები ადამიანებს ურჩევენ, ხშირად გაიღიმონ, დადგნენ სარკესთან და აიძულონ თავი, ხუთი წუთი მაინც იყვნენ მოღიმარნი. კვლევებმა დაადასტურა, რომ სარკეში საკუთარი მოღიმარი ანარეკლის ყურება ამშვიდებს და ანუგეშებს ადამიანს. ღიმილს ძლიერი ზემოქმედება შეუძლია, ის გადამდებიცაა. გაუღიმეთ ნაცნობებსა თუ უცნობებს, ხშირად გაიღიმეთ სამსახურში. მეცნიერები თვლიან, რომ გაღიმების დროს კუნთების მდგომარეობა იცვლება, წარმოქმნილი იმპულსი ტვინს გადაეცემა და განწყობაც მაღლდება.

ბედნიერების ფორმულა

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ბედნიერების ფორმულა გამოიყვანეს: ბედნიერება=P+E+H, სადაც P პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობაა (მსოფლმხედველობა, არასასურველი ფაქტორებისადმი მდგრადობისა და ადაპტაციის უნარი), რეალობისადმი დამოკიდებულება (ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა, მეგობრების რაოდენობა), სოციალური სტატუსი (თვითშეფასება, სწრაფვა, ამბიცია). რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით ბედნიერია ადამიანი.

ცხადია, ამ ფორმულით ბედნიერების ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია. ათასობით ფორმულაც კი უძლურია ადამიანის რეალური ბედნიერების შესაცნობად. ან შესაძლებელია კი მათემატიკური მეთოდით ამის გამოთვლა?

ადამიანები მაინც დაჟინებით დაეძებენ ბედნიერების რეცეპტს. ის კი ძალზე ახლოს, ჩვენშივეა.

უნდა ვიყოთ ბრძენნი, მიზანდასახულნი და წლები ვერაფერს დაგვაკლებს! გამუდმებით ვესწრაფოთ სიახლეს, არ გაგვინელდეს ინტერესი და სიხარულის შეგრძნება, არ ამოვვარდეთ ცხოვრების საერთო ფერხულიდან, გვიყვარდეს ადამიანები და ხშირად გავიღიმოთ... ამასვე ეფუძნება სიცილის თერაპია. სიცილი, ღიმილი, ძალას შეგმატებთ და სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.

თუ ბედნიერი იქნებით და სიცოცხლე გეყვარებათ, პრობლემებსაც უკეთ გაუმკლავდებით, მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენს ახლობლებსაც გააბედნიერებთ!