წითელლოყება, ანუ შემაწუხებელი დიათეზი
12-09-2016
წითელლოყება, ანუ შემაწუხებელი დიათეზი
ყოველ მეორე (და უფრო მეტს) პატარას შეამჩნევთ ლოყებზე (სხეულის სხვა ნაწილებზეც, თანაც, სხვადასხვა სიმძიმის) შეწითლებულ ადგილებს, აქერცლილ კანს, გამონაყარს, რასაც დისკომფორტი ახლავს. მართალია, მედიცინა დიათეზს არა დაავადებად, არამედ დაავადებებისადმი წინასწარ განწყობად თვლის, მაგრამ მისადმი უყურადღებობა შესაძლოა, ადვილად გადაიზარდოს დაავადებაშიც. ყველაზე ხშირი და გავრცელებული ალერგიული დიათეზია, რომელსაც სხვანაირად კონსტიტუციურ ანომალიასაც უწოდებენ. ის არის ორგანიზმის წინასწარგანწყობა ალერგიული, ანთებითი დაავადებებისადმი, 3-6 თვის ასაკში ვლინდება და 2 წლის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი ბავშვთა ნაწილში
ქრება, ნაწილში კი რჩება და სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორის გავლენით პერიოდულად მწვავდება. იმის შესახებ, თუ რა იწვევს ამ ანომალიას და როგორ მოვერიოთ მას, ექიმი მარიკა კვიჟინაძე გვესაუბრება.

- დიათეზის ჩამოყალიბებაში ლომის წილს მემკვიდრეობა ასრულებს - თუკი დედას განწყობა აქვს ალერგიის, განსაკუთრებით კანის ალერგიის მიმართ, ასიდან 60
შემთხვევაში მის შვილს ატოპიური დერმატიტი გამოაჩნდება, ხოლო თუ ორივე მშობელი ალერგიულია, ბავშვს ამ დაავადების განვითარების 80%-იანი ალბათობა აქვს. ორსულობის ტოქსიკოზი, ინფექციური დაავადებები, წამლები, კვების რეჟიმის დარღვევა ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს დიათეზის საფუძველი ხდება. ამიტომაც ორსულმა და მეძუძურმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის რჩევები. შემდგომში კი ალერგენები უკვე ბავშვის ორგანიზმშიც აღწევენ. ასე ყალიბდება ალერგიული დიათეზი. მისივე გამოვლინებაა ე.წ. გნეისი (ფუფხი) - რუხი ან მოყავისფრო ქერცლი ჩვილის თავზე. გნეისი საშიში არ არის, როცა ექიმის რეკომენდაციით მოვუვლით პატარის კანს. მაგრამ გნეისიდან შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბავშვთა სებორიული ეგზემა (ვრცელდება ყურის ნიჟარებზე, შუბლზე, ლოყებზე), მოგვიანებით - ნეიროდერმიტი, მასთან ბრძოლა ძნელია. როცა შიშველ პატარას კანზე ხელს ვადებთ და აღებისას კანზე ჩვენი ხელისგულის ანაბეჭდი მკაფიოდ რჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას უკვე ალერგიისადმი განწყობა აქვს. ალერგიულ ბავშვებს ხშირად გადიდებული აქვთ მკერდს უკანა ჯირკვალი (თიმუსი). ამის მიზეზი ის არის, რომ თიმუსი ბავშვის იმუნური სისტემის მთავარი ორგანოა და ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებაზე რეაქციას იგი აპროგრამებს.

- მაინცდამაინც ჩვილობაში რატომ ვითარდება ალერგიული დიათეზი ასე აქტიურად?

- ჩვილთა ასაკში კუჭ-ნაწლავის დამცველობითი ფუნქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ანუ არასაკმარისად გამომუშავდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, დამცველობითი ანტისხეულები, მომატებულია ნაწლავის კედლის განვლადობა, ამიტომ საკვები საკმარისად არ მუშავდება. ამ მხრივ, უპირველესი საფრთხილო ცილებია. ასეთი რეაქციების შემდეგ იწყება ჰისტამინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი აფართოებს სისხლძარღვებს, იწვევს ქსოვილების შეშუპებას, ქავილს... ალერგია შეიძლება ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს, მაგრამ მისი მართვა შეიძლება: თუკი ალერგიისადმი მიდრეკილი ქალბატონები ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში იღებენ კუჭ-ნაწლავის მომწესრიგებელ პრეპარატებს, ჩვილისთვის ალერგიის გამოვლინების ალბათობა 50%-ით იკლებს.

ბავშვი უნდა მოვარიდოთ ალერგენებს. მისი საწოლი და სამოსი უნდა იყოს ბამბისა. ზედმეტია ბავშვის ოთახში ხალიჩები, რომელიც უამრავ მტვერს იგროვებს. ისე, როგორც ნებისმიერი სხვა გართულებისას, დიათეზის გამწვავებისასაც არ შეიძლება ბავშვის აცრა - ჯერ უნდა ვუმკურნალოთ, რაც ალერგიულ რეაქციებს შეზღუდავს და მერე ავცრათ.

დიათეზი ბავშვთა უმეტესობას ზრდისას უკვალოდ უქრება, მაგრამ 15-25%-ს რჩება. ამის ფონზე შესაძლებელია სხვა ალერგიული დაავადებებიც წარმოიქმნას. მაგალითად, ჭინჭრის ციება. მეტიც, მოწიფულ ასაკში შეიძლება ალერგიული დაავადება შეეყაროთ ბავშვებს, რომელთაც წლამდე ალერგიული დერმატიტი აწუხებდათ, მით უფრო, თუ ამ ბავშვების მშობლებსაც რაიმე ალერგიული დაავადება აწუხებთ.

დღეს სამედიცინო პრეპარატები ბუნებაში მოძიებული მცენარეების საფუძველზე მზადდება. არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ათწუთიანი ზღვის მარილის აბაზანები (0,5 ლ წყალში 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 3-5 წვეთი იოდი); გამონაყარისთვის კი საუკეთესოა ორკბილას (4 სუფრის კოვზ ორკბილას ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ 12 სთ, მიღებულ ნაყენს უმატებენ აბაზანის წყალს), ან ვარდკაჭაჭას აბაზანები (5 სუფრის კოვზ ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ. შემდეგ ადუღებენ 20 წთ, წურავენ და უმატებენ აბაზანას).

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით