როგორ ავარიდოთ მოზარდს ხერხემლის დაავადებები
19-09-2016
როგორ ავარიდოთ მოზარდს ხერხემლის დაავადებები
თანამედროვე სამყაროში, სადაც ტრანსპორტი, ლიფტები და ესკალატორები თითქოს ხელს გვიშლის ფეხით სიარულში, უახლესი ტექნოლოგიები კი მონიტორებს გვაჯაჭვავს, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მოზარდებს ემუქრებათ. ბავშვებს ეზოში დაჭერობანასა და თუნდაც ომობანას თამაშს კომპიუტერში ვარსკვლავური ომებით გართობა და გალაქტიკებს შორის წარმოსახვითი ფრენა ურჩევნიათ და ხშირად მთელი დღე მონიტორის წინ სხედან. ექიმების განცხადებით, ბავშვების უმოძრაობა იმის მანიშნებელია, რომ მომავალში დაავადებებისკენ ადრეულ ასაკში მიდრეკილი საზოგადოება გვეყოლება.

ოფიციალური სტატისტიკის უქონლობის მიუხედავად, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ
იზრდება ხერხემლის დაავადებებით შეწუხებული მოზარდების რაოდენობა. ამას ადასტურებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების საქალაქო სამსახურიც. ჯანდაცვის განყოფილების უფროსის, სოფიო ასპანიძის თქმით, მკურნალობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაიზარდა მოზარდთათვის ხერხემლის სამკურნალო-სარეაბილიტაციო თანხის გამოყოფის მთხოვნელთა რაოდენობა.

სოფიო ასპანიძე: -
მომართვების სიხშირის გამო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციასთან კონსულტაციის საფუძველზე შევიმუშავეთ სკოლიოზის
სკრინინგის და აღდგენითი თერაპიის დაფინანსების პროგრამა, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა. უფასო კვლევა ტარდება ეროვნულ სკრინინგცენტრში, დიდუბისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე. აღდგენითი თერაპიის პროვაიდერები არიან თბილისში რეგისტრირებული კლინიკები. სკრინინგი გულისხმობს ბავშვის ფიზიკურ და სქოლიომეტრით გასინჯვას, დიაგნოზის დასმას და არა - საბოლოო ვერიფიცირებას. თუ სკრინინგზე ხერხემლის 10-დან 45 გრადუსის ჩათვლით გადახრის კუთხე დაუფიქსირდა, ბავშვი აღდგენითი თერაპიის დაფინანსების ნაწილში ერთვება. ეს მოიცავს სამკურნალო მასაჟებს, სამკურნალო ვარჯიშს და ფიზიოთერაპიის დაფინანსებას. სრული დაფინანსება ეძლევათ სოციალურად დაუცველებს, ვისი სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 70 000 -ს, სხვა კატეგორიის მოზარდების ვაუჩერი კი 70%-ით ფინანსდება. სკრინინგი ტარდება ათიდან 18 წლის ასაკის ჩათვლით.

პრევენციის კუთხით მუშაობს თუ არა მერია ან ხელისუფლება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სოფიო ასპანიძის კომპეტენცია არ არის, თუმცა, მოქალაქეთათვის საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი - თბილისის ქუჩებში იოლად შესამჩნევია, რომ პარკინგის არარსებობის გამო ტროტუარმა სასეირნო და სარბენი კი არა, სასიარულო დანიშნულებაც დაკარგა, სკვერებსა და ბაღებში კი საქანელები, მოედნები და მინის ატრაქციონები სამშენებლო მოედნებმა და ცათამბჯენებმა შეცვალა.

მშობლების განცხადებით, სავალალო მდგომარეობაა სკოლებში, სადაც ფიზკულტურის გაკვეთილები თითქმის არ ტარდება, თუმცა ბავშვებს წლის დასაწყისში სპორტული ფორმების შეძენას სთხოვენ."ფიზკულტურის გაკვეთილები კვირაში ერთი ან ორი საათი აქვთ, ისიც - ბოლოს. ამ საათებს ხშირად სხვა გაკვეთილებს უთმობენ, ან პედაგოგებს სპორტდარბაზში ჩასვლა ეზარებათ და მოზარდებს შინ უშვებენ.
"ასე ბავშვებს ფიზიკური აღზრდის კულტურა არ ჩამოუყალიბდებათ!" - ამბობს ორი მოსწავლის დედა ეკა სალაღაია.

ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი მგელაძე იხსენებს, რომ მის ბავშვობაში პედაგოგები გაკვეთილის დაწყებამდე 5 წუთს გამამხნევებელ ვარჯიშს უთმობდნენ, შაბათ-კვირას კი მოზარდები ქალაქგარეთ ლაშქრობებზე დაჰყავდათ და ფეხით სიარულს, სეირნობას ან სპორტულ ხეტიალს აჩვევდნენ.

გიორგი მგელაძე: - აუცილებელია, სკოლაში ფიზიკური აღზრდის საგანი პროფესიონალმა ასწავლოს, რომელმაც იცის, როგორ და რა ხანგრძლივობით დატვირთოს მოზარდი. ამასთან, დაწყებით კლასებში საჭიროა, პედაგოგი მუდმივად აკონტროლებდეს ბავშვის ჯდომას, მოქმედებას. შუა გაკვეთილზე გამამხნევებელი ვარჯიში მოზარდის არა მხოლოდ ძვლებსა და კუნთებს, გონებასაც გამოაცოცხლებს და სწორად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

სამწუხაროდ, უმოძრაობის და არასწორად ჯდომის გამო იმატა მოზარდებში ხერხემლის დაავადებებმა. ბავშვის ხერხემალს რა მიმართულებასაც მისცემ, ისე განვითარდება. უყურადღებობის შედეგად ვითარდება კიფოზი, რასაც კუზი და სხვა გართულებები მოჰყვება. უპირველესად, ბავშვები მოარიდეთ კომპიუტერებს. ის იწვევს თვალების და ხერხემლის დაავადებებს, ნევროზს, კუნთის ატროფიას. გადით ეზოში და თქვენს შვილებთან ერთად ითამაშეთ წრეში ბურთი, დაჭერობანა, დამალობანა.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, აკონტროლებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების ხარისხს. გვიპასუხეს, რომ სამინისტრო მხოლოდ სპორტულ დარბაზებს აკეთებს.

ეკა ლომიძე
ნინო
12 ნოემბერი 2016 13:24
ჩემი შვილის ფიზკულტურის გაკვეთილზე ბავშვები კი ჩადიან დარბაზში,მაგრამ სხედან მარტო და მასწავლებელი ტელეფონზე ლაპარაკობს, ან ჭორაობს სხვა მასწავლებელთან.ხელფასს საერთოდ რაში იღებენ.საერთოდ ხელფასი დიფერენცირებული უნდა იყოს და განსხვავდებოდეს ვთქვათ ქართულის ან მათემატიკის თუ ფიზიკის მასწავლებლის ხელფასისგან

რედაქტორის რჩევით