ყველაზე მტკივნეული წარმონაქმნი
26-09-2016
ყველაზე მტკივნეული წარმონაქმნი
კოჟრებს და კოჟიჟებს ფეხის მუდმივი დაზიანება აჩენს და ძალზე მტკივნეულია, ხშირად ყვითელი ფერის გასქელებული კანით არის დაფარული. გართულებისას კოჟრებზე ანთებითი პროცესი და დაჩირქება იწყება. როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნო მოვლენისაგან? - გვესაუბრება ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე გამყრელიძე:

- კოჟრები წარმოიქმნება ორ თითს, ან თითსა და ფეხსაცმელს შორის კანის გაღიზიანებით, უმეტესწილად მოუხერხებელი, ან მოჭერილი ფეხსაცმლის ტარების შედეგად. კოჟრები უფრო ხშირად უჩნდება ასაკოვან ხალხს, კერძოდ მათ, ვისაც სახსრების ანთება აწუხებს. თუ მორგებულ ფეხსაცმელს ჩავიცვამთ,
კოჟრიც აღარ წარმოიქმნება. სახსრების დაავადების დროსაც ადამიანმა ისეთი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას, რომელიც კანს ნაკლებად დაუზიანებს. ფიზიკური შრომის შედეგად კოჟრები ხელზეც ჩნდება, ამიტომ სასურველია, მუშაობისას ხელთათმანების გაკეთება.

- შინაურ პირობებში როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა კოჟრებს?
- აფთიაქებში იყიდება ათასგვარი საშუალება, პლასტირები, რომელიც თითებს დაზიანებისგან იცავს. ისინი
სპეციალური, რბილი მასალისაგან არის დამზადებული, პაციენტს შეუძლია, თითებს შორის ჩაიდოს, ან ზემოდან ჩამოიცვას. პლასტირებმა შეიძლება კანი ზედმეტად დააზიანოს და იქ პატარა ჭრილობაც გაჩნდეს, რაც ძალიან მტკივნეულია. სჯობს, დაჭრილი ზღვის ღრუბელი კოჟრთან დაიდოთ, სოდისა და საპნის ნელ-თბილი აბაზანა გაიკეთოთ, კოჟრი დაალბოთ და ზედაპირი ფრთხილად მოხეხოთ. არ შეიძლება პლასტირები დაიდონ განგრენის საშიშროების მქონე, ან დიაბეტიანმა ადამიანებმა, მათ, ვისაც ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევა აქვს დარღვეული და ვენური, ან არტერიული უკმარისობა აქვს.

- რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს კოჟრი?
- თუ ხელს არ ახლებ, არ გართულდება, მაგრამ ზოგი სამართებლით იჭრის, იჩიჩქნის, პლასტირებს იდებს და საქმე იქამდე მიჰყავს, რომ კოჟრის ადგილას წყლული და ჭრილობა ჩნდება, ეს ჭრილობა და წყლული შემდეგ რთულდება და შეიძლება ანთება და დაჩირქებაც მოჰყვეს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით