30000-ზე მეტი ნარკომომხმარებელი C ჰეპატიტითაა დაავადებული - კვირის პალიტრა

30000-ზე მეტი ნარკომომხმარებელი C ჰეპატიტითაა დაავადებული

ხალხს ჰგონია, რომ "საცდელი ბაჭიები" ვართ...

რამდენიმე დღის წინ, ტაქსით მგზავრობისას, მეგობართან C ჰეპატიტის პრობლემაზე და უფასო გამოკვლევის სიკეთეზე ვლაპარაკობდი. საუბარმა მძღოლი დააინტერესა და აღნიშნა C ჰეპატიტი მხოლოდ "მარფინისტების" დაავადება მეგონაო.

სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია ასე და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვერაგი ვირუსით არა მხოლოდ წამალდამოკიდებული, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. საკმარისია, თუნდაც სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და რამდენიმე პაციენტს ისე მოემსახუროს, რომ ინსტრუმენტებს სათანადო დეზინფექცია და სტერილიზაცია არ ჩაუტაროს, C ჰეპატიტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ნებისმიერი ადამიანი, თუმცა ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლები C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების განსაკუთრებით მაღალ რისკ-ჯგუფს კი მიეკუთვნებიან, რადგან ვირუსი მხოლოდ სისხლით და იმ ინსტრუმენტებით გადადის, რომელიც შეიძლება ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა გამოიყენოს. ნარკომომხმარებლებმა, რომლებიც ინექციური ნარკოტიკის გასაკეთებლად ხშირად საერთო შპრიცს იყენებენ, არც კი იციან, რომ ასეთი საქციელით საკუთარი თავისა და ერთმანეთისთვის, ფაქტობრივად, სასტიკი განაჩენი გამოაქვთ.

იმის გამო, რომ საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება დასჯადია, ნარკომომხმარებლები იმალებიან და ამ კატეგორიის ხალხთან მუშაობა და ინფორმაციის მიწოდება რთულდება. ხშირ შემთხვევაში მათ არ იციან, რომ ძალიან ბევრი დაავადება, მათ შორის, ჰეპატიტები და შიდსი სისხლით გადადის. ვერც ზიარი შპრიცის საფრთხეს იაზრებენ.

არც ის იციან, რომ C ჰეპატიტი ვერაგი დაავადებაა და მდგომარეობის უკიდურესად გართულებამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, დიდხანს არ ინტერესდებიან გამოკვლევით, ან მატერიალური პრობლემების გამო ხელი არ მიუწვდებათ მწირ, მაგრამ უფასო სამედიცინო სერვისებზე, რომელთა საშუალებით დაავადების დროულად გამოვლენას შეძლებენ, იმკურნალებენ და სხვისთვისაც აღარ იქნებიან ინფექციის გავრცელების წყარო.

არა მხოლოდ ინექციური ნარკოტიკის მომხარებლებმა, სამწუხაროდ, C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების სხვა რისკ-ჯგუფებშიც ბევრმა არ იცის, რომ დღეს ვირუსზე გამოკვლევა უფასო და კონფიდენციალურია. სამწუხაროდ, ამ ცენტრებით იშვიათად სარგებლობენ ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები. ისინი ძირითადად პაციენტთა სათემო ორგანიზაციებს მიმართავენ. ვესაუბრეთ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელს კოკა ლაბარტყავას:

- თქვენი ორგანიზაცია ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა ზიანის შემცირების, სამედიცინო და სხვა სოციალური სერვისების მიწოდების გარდა, C ჰეპატიტზე გარკვეულ გამოკვლევებსაც უტარებს, გაქვთ სტატისტიკა, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა შორის რამდენი დაინფიცირებულია?

- თვის განმავლობაში 700 - 800 ბენეფიციარს ვიკვლევთ, 70%-ზე მეტი დაავადებულია C ჰეპატიტით. ერთ-ერთი ოფიციალური კვლევით, 2010 წელს პრობლემური, ანუ ინექციური ნარკოტიკების 40 000 მომხმარებელი დაფიქსირდა. 2012 წელს ეს მონაცემი 5000-ით გაიზარდა, 2014 წელსაც 5000 ადამიანი მიემატა. ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით,შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით 50 000 პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელია (მათ შორის არ ვგულისხმობ, ეპიზოდურ, რეკრეაციულ მომხმარებლებს). სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 30000-ზე მეტი დაავადებული უნდა იყოს ჰეპატიტით. ნარკოტიკების არასტერილური და წესების დაცვის გარეშე მოხმარება არის მაღალი რისკი.

- ბევრი მოგმართავთ ანალიზებისთვის, როგორ ახერხებთ ხმის მიწვდენას?

- ჩვენი ორგანიზაცია 2006 წლიდან ფუნქციონირებს და შეიქმნა სათემო საფუძვლებზე, იმ ადამიანებისგან, ვისაც ნარკომანიის პრობლემა შეეხო. შესაბამისად, ნარკოტიკების მომხარებლებში ასეთი ორგანიზაციების მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. ოფისიდან სერვისის გაცემის გარდა, ადგილზეც მივდივართ მათთან, ვისაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. თვითდინებითაც მოდიან, თანაც საკმაოდ ბევრი, ერთმანეთს აწვდიან ხმას.

- წამალდამოკიდებულებმა იციან C ჰეპატიტის საფრთხის და ელიმინაციის პროგრამის შესახებ?

- სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, ან მითები სმენიათ. არადა, აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელიმინაციის პროგრამის განხორციელების და შესაძლებლობის შესახებ ყველაფერი სწორად იცოდნენ. ნარკოტიკების მომხმარებლებს დეზინფორმაციის გამო ჰგონიათ, რომ თითქოს საცდელი "ბაჭიები" ვართ, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე და იმიტომ არის C ჰეპატიტის წამალი ხელმისაწვდომი და ა.შ. ასეთი მითები უნიკალური შესაძლებლობის დისკრედიტაციას ახდენს. მე თვითონ C ჰეპატიტით დაავადებული ვარ. ვიმკურნალე ძველი თაობის პრეპარატებით, მაგრამ ბოლომდე ვერ განვიკურნე. ახლა შემიძლია ახალი წამლით უფასო მკურნალობის პროგრამაში ჩავერთო. წლების წინ, ჩემთვის ჰეპატიტის დიაგნოზი განაჩენი იყო, რადგან მკურნალობა კოლოსალური თანხები ჯდებოდა, თან ძველი თაობის პრეპარატებით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია. ფაქტობრივად, განწირულები ვიყავით. 4-5 წლის წინ ხომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა ეს მძიმე პრობლემა, მიუხედავად მისი მაღალი პრევალენტობისა. ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთ ძვირად ღირებულ პრეპარატებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის, მეტიც, ყველაფერია იმისათვის, რომ C ჰეპატიტი სრულად აღმოიფხვრას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ყველამ მიიღოს ინფორმაცია და ისარგებლონ სიკეთით, რაც ამ პროგრამას ჩვენი მოქალაქეებისთვის მოაქვს.

- როგორ უნდა მოიქცეს წამალდამოკიდებულის ოჯახის წევრი, რომ დაეხმაროს მას?

- შიში და დისტანცირება მიუღებელია, რადგან საქმე გვაქვს დაავადებასთან, რომელიც საყოფაცხოვრებო გზით არ გადადის. ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, გავყვეთ და ჩავრთოთ უფასო გამოკვლევის და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც დიდი ბრძოლის შედეგად გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში.

- როგორ შეიძლება ზიარი შპრიცის პრობლემის საბოლოოდ მოგვარება?

- გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 14 სერვის ცენტრი, სადაც მოქმედებს ზიანის შემცირების პროგრამა, - ნარკოტიკების მოხმარებლებს სტერილურ საინექციო მასალებს აწვდიან, უტარებენ კონსულტაციას, სამედიცინო გამოკვლევას. ასეთი მუშაობა ნარკოტიკების მომხმარებლებში ვირუსის გავრცელების საფრთხეს ამცირებს. თუმცა ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფონზე პროგრამის ფუნქციონირებას ეშლება ხელი. ჩვენი მიზანია, რომ არამხოლოდ ნახმარი შპრიცით არ გაიკეთონ ნარკოტიკი, გამოყენებული შპრიცების სტერილიზაციაც შესაბამისი წესების დაცვით შევძლოთ. არ შეიძლება მათი ნაგვის ბუნკერებში გადაყრა. საგანგებოდ უნდა განადგურდეს. ამისთვის ნახმარი შპრიცები თვითონ მომხმარებლებმა ან ჩვენმა სოციალურმა მუშაკმა უნდა მოიტანოს, რაც სახიფათოა, რადგან პოლიციის მხრიდან ერთი შპრიცის აღმოჩენაც კმარა მისი მფლობელის თუ გადამტანის დასაპატიმრებლად და 6-იდან 12 წლამდე პატიმრობის მისასჯელად. ასეთი მიდგომა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის განხორციელებას უშლის ხელს და ამ მხრივ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.