ქალაქში შემოდგომის ვირუსია
03-10-2016
ქალაქში შემოდგომის ვირუსია
რამდენიმე დღის წინ მეზობლის ბავშვს სურდო და ხველება დაეწყო. დღეს უკვე ჩემმა პატარამაც შემომჩივლა, ყელი მტკივაო; დავურეკე მისი ბაგა-ბაღის მასწავლებელს და, - გამონაკლისი არ ხარ, მთელი ჯგუფი ახველებსო. ესე იგი, გრიპის ახალი ვირუსია გავრცელებული; ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა ხდება!

აღმოჩნდა, რომ სეზონური გრიპის სეზონი უკვე დაწყებულია. სწორედ ამის გამო დავუკავშირდით პედიატრ თამარ კობაიძეს, რომელმაც ამჟამინდელ გრიპზე რამდენიმე განმარტება მოგვცა.

- შემოდგომა ვირუსების გააქტიურების პერიოდი გახლავთ,
რაც მოსახლეობის გააქტიურებასთან არის დაკავშირებული: შვებულებები მთავრდება, ხალხი ქალაქებში ბრუნდება, ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღში მიდიან, სადაც უამრავი ბავშვი ერთ ოთახშია თავმოყრილი. საუბრისას და ხველისას გამოყოფილი ვირუსები ასეთ გარემოში ძალზე ადვილად ვრცელდება.

- როგორც მშობლები ამბობენ, ამჟამად გავრცელებულ ვირუსს მაღალი ტემპერატურა არ ახლავს, მაგრამ ახლავს
ცხვირიდან გამონადენი, ხველა და ზოგჯერ ყელის ტკივილიც.

- შემოდგომაზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან რინოვირუსები (რინო ლათინურად ცხვირია). სწორედ მათ ახასიათებს ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ერთეული ხველა. დღეისთვის ცნობილია რინოვირუსების 110-ზე მეტი სახეობა, რომელთა უმეტესობა იშვიათად იწვევს სერიოზულ დაავადებას; თუმცაღა, გართულებები მათაც აქვთ. ასე რომ, გართულების შემთხვევაში რინოვირუსიც შეიძლება გახდეს ფილტვის სხვადასხვა დაავადების, ბრონქული ასთმის გამწვავების მიზეზი.

- მშობლები ხშირად ამტკიცებენ, - ჩემი შვილი მხოლოდ გაციებულია და მისგან ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობსო.

- დღეს უკვე იმდენი საშუალებაა ინფორმაციის მიღებისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიკვირს. სინამდვილეში თავად შეციება როდი ქმნის ვირუსისთვის დამახასიათებელ მოვლენებს, არამედ ის, რომ შეციებული ორგანიზმი ადვილად იღებს ე.წ. გაციებისას მოქმედ ვირუსებს, რომლებიც ზედა რესპირატორულ ტრაქტს აზიანებს. გრიპის ვირუსები კი მთლიანად სასუნთქ სისტემაზე მოქმედებენ და ამიტომ გრიპის მიმდინარეობა ე. წ. გაციებაზე უფრო რთულია. ამასთანავე, ე.წ. გაციების ვირუსებზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ დროს მეორადი ბაქტერიული ინფექცია არ განვითარდება.

- სეზონური გრიპების თავიდან ასაცილებლად ექიმები ხშირად გვირჩევენ ვაქცინაციას.

- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს სულ სხვადასხვა ოჯახის 300-მდე ვირუსმა და, ბუნებრივია, იმუნიტეტის გამომუშავება ყველა მათგანის მიმართ შეუძლებელია. მაგრამ ვაქცინაცია აუცილებლად აგვაცილებს ვირუსის გართულებას და სწორედ ეს არის მთავარი. ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და, სასურველი იქნება, თუკი რისკჯგუფში მყოფი ადამიანები გაიკეთებენ. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და ისინი, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს ვირუსებით დაავადებულებთან.

- აცრის გარდა, სხვა პროფილაქტიკა არსებობს?

- ჰიგიენური ნორმების დაცვა და ვიტამინების მიღება. ყველასთვის, მაგრამ ბავშვებისთვის აუცილებელია თევზი, რომელიც ვიტამინების არაჩვეულებრივი წყაროა. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ეს რეკომენდაციები ვრცელდება როგორც ბავშვებზე, ასევე, მოზრდილებზე. სწორი, ჯანსაღი, სრულფასოვანი კვებით შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ორგანიზმის იმუნობიოლოგიური ჯანმრთელობა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციების საფრთხე.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით