"ქვეყანაში იმდენი ექიმი უნდა გაიზარდოს, რამდენიც გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში იმდენი ექიმი უნდა გაიზარდოს, რამდენიც გვჭირდება"

საქართველოში სამედიცინო კლინიკების ოფისები მრავლდება, თუმცა პაციენტები უცხოეთში მკურნალობას არჩევენ, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ხშირად ექიმთა არაკვალიფიციურობის მსხვერპლი ხდება.

ვალერი კვარაცხელია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: - ცუდი ექიმები, სამწუხაროდ, გვყავს. დიპლომისშემდგომი განათლების პრობლემები განაპირობებს კვალიფიკაციის საკითხს. ექიმი ერთხელ თუ აიღებდა სერტიფიკატს, მერე არანაირი გამოცდა არ ეხებოდა, თითქოს საჭირო არ იყო სიახლეების შესწავლა და ცოდნის დონის შემოწმება. ამ მიმართულებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. ავამოქმედეთ კარგად აღჭურვილი თანამედროვე ტრეინინგცენტრი. უცხოეთში ასეთ საკითხებს დარგობრივი ასოციაციები აგვარებენ, ტესტებს წერენ, გამოცდებს იბარებენ, სამინისტროებს საინტერესო იდეებს სთავაზობენ, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები და ყალიბდებიან საუკეთესო სპეციალისტები. წელს სამეცნიერო პრაქტიკულ ჟურნალ "ბრითიშ მედიკალ ჯორნალ"-თან დავდეთ ხელშეკრულება, რომ პირველ წელს ჩვენი 500-მდე ექიმი მათ ტრენინგებში ელექტრონულად ჩაერთოს, კრედიტსაათებიც მიიღონ... ასე გაიგებენ ყველა სიახლეს, რაც მედიცინაში ხდება.

ქვეყანაში იმდენი ექიმი, პედაგოგი, ეკონომისტი... უნდა გაიზარდოს, რამდენიც გვჭირდება.

- როდესაც ერთსა და იმავე კლინიკაში არაკვალიფიკაციური მომსახურების ფაქტები იკვეთება, სამინისტრო კლინიკის მიმართ ზომებს არ უნდა ატარებდეს?

- თუ დაზარალებული არ ჩივის, სამინისტრო ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებს. ცალკეული ფაქტი ნამდვილად ფიქსირდება, რაზეც მისი უშუალო პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ან დადგება, ვინც შეცდომა დაუშვა...

- ხომ ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი ცდილობს, უცხოეთში იმკურნალოს.

- უფრო იმის გამო ცდილობენ, რომ კონკრეტული სამედიცინო სერვისი საქართველოში არ არსებობს. ადრე ჩვენს კლინიკებში არ კეთდებოდა ტრანსპლანტაცია, ახლა უკვე წარმატებით გაკეთდა ღვიძლის და თირკმელების გადანერგვები. რამდენიმე დღის წინ, ინგოროყვას კლინიკაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმართულებაც გაიხსნა. სპეციალისტები ისრაელში სწავლობენ, ჩამოვლენ და გადანერგვები დაიწყება. მსოფლიოში ეს დარგი გვამური ტრანსპლანტოლოგიის ხარჯზე განვითარდა. ჩვენი კანონი კი მხოლოდ უახლოესი ნათესავის დონორობას ითვალისწინებს. ორი წლის წინ კანონში დაემატა ემოციური კავშირი, ანუ პაციენტისთვის ორგანოს დონორი შეიძლება გახდეს მეგობარი, ნათლია და ა.შ. ეს იმდენად რთული დასადგენია, რომ პრეროგატივა სასამართლოს გავუნაწილეთ, მან უნდა დაასკვნას, დონორის და პაციენტის კავშირი არის თუ არა ემოციური.

- უცხოეთში განიკურნა ადამიანი, რომელიც საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გამოერთოთ, ერთ-ერთ მოზარდს თბილისში ფეხს ჭრიდნენ...

- უარესსაც გეტყვით, ერთ-ერთ კლინიკაში იწვა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ. გადმოვიყვანე სხვა კლინიკაში და ბედნიერი დაბრუნდა ოჯახში. პრობლემები არის და ვცდილობთ, გამოვასწოროთ.

- როგორ მოიქცეს პაციენტი, თუ მისი უფლებები ილახება?

- მიმართეთ ხარისხის კონტროლის სააგენტოს, ანუ იჩივლეთ. ახლახან ერთი პაციენტი ღამის სამ საათზე, უმძიმესი მდგომარეობით გადავიყვანე ერთი კლინიკიდან მეორეში. გადარჩა. ოჯახის წევრებმა მითხრეს, თქვენი პატივისცემის ნიშნად იმ კლინიკას არ ვუჩივლებთო. პირიქით, უნდა იჩივლოთ, რომ დაფიქსირდეს ხარვეზი, რამაც ადამიანი კინაღამ შეიწირა-მეთქი.

სამწუხაროდ, მოქალაქეების მიდგომა ზედაპირულია. ამდენი ხანია, მათ სასიკეთოდ ვეხვეწებით, ჩ ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი გაიკეთეთო, მაგრამ ხალხმა ვერ გაიაზრა ამ თხოვნის მნიშვნელობა.

ეკა ლომიძე