დაავადება, რომელსაც სილამაზისკენ სწრაფვა იწვევს - კვირის პალიტრა

დაავადება, რომელსაც სილამაზისკენ სწრაფვა იწვევს

ფსიქიკური აშლილობა, თმის ცვენა, ანემია, კუნთების ატროფია, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლა, ჰორმონული დარღვევები, კანის გამოფიტვა და ფრჩხილების მტვრევადობა - ეს იმ სიმპტომების არასრული ნუსხაა, რომელსაც ნერვული ანორექსია იწვევს. საკვებზე შეგნებულად უარის თქმა - სწორედ ეს გამოარჩევს სხვა დაავადებებისგან ნერვულ ანორექსიას. როგორ უნდა დავძლიოთ ეს უმძიმესი დაავადება? - ამ შეკითხვაზე ფსიქოთერაპევტი

მანანა სოლოღაშვილი გვიპასუხებს:

- ნერვული ანორექსია კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც წონის ხანგრძლივი კლება ახასიათებს. ამ დაავადების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ძალიან გამხდარია, მაინც პათოლოგიურად მიისწრაფვის გახდომისაკენ. ავადმყოფი თავის სხეულს გაუკუღმართებულად აღიქვამს და რაც უნდა გამხდარი იყოს, სურს კიდევ უფრო გახდეს. ასეთ პაციენტს ემოციური და ქცევითი პრობლემები უჩნდება, აწუხებს სისუსტე, უძილობა, არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე...

- ნერვული ანორექსიის დროს პაციენტებს მადაც ეკარგებათ?

- ზოგი საერთოდ არ იღებს, ზოგი კარგად დანაყრდება და მერე ცდილობს, ხელოვნური ღებინება გამოიწვიოს. გართულებული შემთხვევების დროს დარღვევები ძვლოვან ქსოვილშიც მიმდინარეობს, ვითარდება ოსტეოპოროზი და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. ნერვული ანორექსიით დაავადებულებს შორის ხშირია თვითმკვლელობები. ფსიქოლოგიური დაავადებებიდან ნერვულ ანორექსიას ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახასიათებს. ამ დაავადებით ყველაზე ხშირად გოგონები (90%) ავადდებიან, რაც უკავშირდება მოდის ტენდენციას, რომ ძალიან გამხდარი გოგონები ლამაზები არიან.

- რა კავშირშია ერთმანეთთან ნერვული ანორექსია და ანორექსია ზოგადად?

- ანორექსია შეიძლება სულ სხვა დაავადებას ახლდეს - ტუბერკულოზს, სიმსივნეს, ძლიერ ინტოქსიკაციას, მაგრამ ნერვული ანორექსია სხვა შემთხვევაა. მას იწვევს ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები, როდესაც ადამიანს გენეტიკურად აქვს წინასწარ განწყობა სიმსუქნისკენ და აკვიატებული შიში აქვს, არ მოიმატოს, ოჯახური ფაქტორი, როდესაც რომელიმე ოჯახის წევრი იყო ავად ანორექსიით. პიროვნული ფაქტორი, როდესაც ადამიანს დაბალი თვითშეფასება ეს დაავადება უფრო (50%-ზე მეტი) 12-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებში გვხვდება.

- რამდენად ემორჩილება ეს დაავადება მკურნალობას?

- ავადმყოფების ნახევარზე ნაკლები იკურნება, ოღონდ მაშინ, თუ მკურნალობას ადრეულ სტადიაზე იწყებს. უპირველესად, ექიმმა უნდა შეძლოს წონის და ელექტროლიტების კორექცია ორგანიზმში. კალიუმზეა დამოკიდებული გულის კუნთის მუშაობა, რიტმი და შეიძლება გულის საშიში დარღვევა განვითარდეს. ამიტომ, უწინარესად, კალიუმის დეფიციტის შევსება უნდა მოვახერხოთ. ასევე, კალციუმით გაღარიბება იწვევს ოსტეოპოროზებს და ძვლოვანი უჯრედების გაღარიბებას. წონის კორექცია უნდა მოხდეს იმისთვისაც, რომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლა აღდგეს და ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციონირების ხარისხი გაუმჯობესდეს. ამის შემდეგ პაციენტთან ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს. მოზარდებისთვის ოჯახური თერაპიაც ძალიან კარგია. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს მეგობრების და ახლობლების წრე.

- ნერვული ანორექსია უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა, თუ ფსიქიატრიული?

- ზოგი მას ფსიქიატრიულ პრობლემად მიიჩნევს, ზოგი - ფსიქოლოგიურად, ზოგიც ფიქრობს, რომ ენდოკრინული დაავადებაა. სასურველი შედეგისთვის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული: ფსიქიატრიც, ფსიქოთერაპევტიც, ოჯახიც, სოციალური გარემოც. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის უმარტივესი საშუალება არსებობს: მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ დაბალანსებული კვება და ვარჯიში საუკეთესო გზაა სასურველი წონის მისაღწევად.

ხათუნა ჩიგოგიძე