როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან გრიპი, სურდო და გაციება?
24-10-2016
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან გრიპი, სურდო და გაციება?
გვიახლოვდება სეზონი, როდესაც გრიპი და გაციება ჩვენი ყოფის ნაწილი ხდება. თავის ტკივილი, ხველება, ცემინება, მაღალი ტემპერატურა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც სურდოს და გრიპს ახასიათებს. ამიტომ ხშირად ვურევთ ერთმანეთში გრიპს და მსუბუქ გაციებასაც კი. რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან? - ამ შეკითხვაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ცანავა გვიპასუხებს:

- გრიპი, სურდო, გაციება - ამ ცნებებს ხშირად ურევენ. ამის მთავრი მიზეზია ის, რომ მათი სიმპტომატიკა ერთმანეთისგან
თითქმის არ განსხვავდება. გრიპს, სურდოს და გაციებას ახლავს გამონადენი ცხვირიდან, თვალების შეწითლება და შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს სიმპტომები გაივლის, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მძიმე შედეგით დასრულდეს. სურდოს და გრიპის გამომწვევები სხვადასხვაა და მათი მკურნალობის ტაქტიკა და სტრატეგიაც რადიკალურად განსხვავებულია.

- ყველაზე საშიში მათ შორის
გრიპია. რატომ?

- თავად გრიპი არ არის ძალიან მძიმე დაავადება, მაგრამ მისი შემდგომი გართულებებია უაღრესად საყურადღებო. ასეთი გართულებები ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აწუხებს. ამ ფონზე გრიპის ვირუსი ძალიან საშიშია.

- რით განსხვავდებიან ეს დაავადებები?

- სურდო და გაციება შეიძლება იყოს გამოწვეული მიკროორგანიზმების ან ფიზიკური ფაქტორების ზეგავლენით: როდესაც ორგანიზმის გადაციება ხდება, ამინდის შესაბამისად არ გვაცვია, ორპირ ქარში მოვხვდებით და ა.შ. ასეთ დროს სურდო შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ გრიპი არავითარ შემთხვევაში არ დაგვემართება. გრიპის ვირუსი აუცილებლად უნდა მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და ეს სერიოზული პროცესი უნდა გამოიწვიოს; სურდო ან გაციება კი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედების ბრალია. გრიპის ვირუსი შეიძლება ტრანსპორტში ან დაწესებულებაში შეგვხვდა, ან ოჯახში შემოიტანა ვინმემ, რადგან გადაცემის გზა ამ დროს ჰაერ-წვეთოვანია. ამ გზით ის მთელ მსოფლიოს `შემოივლის~ და თითქმის ყოველ წელს ეპიდემიებს და პანდემიებსაც კი იწვევს.­ ზოგჯერ ეს დაავადება ორ და სამ კონტინენტზეც კი გვხვდება, სურდო და გაციება კი იმდენად გადამდები არ არის, როგორც გრიპი. დავუშვათ, მე გაციებული ვარ - ჩემი მდგომარეობა არ არის გადამდები მეორე ადამიანისთვის, მაგრამ თუ გრიპი მაქვს და ეს ადამიანი ჩემგან ორი მეტრის რადიუსზე უფრო ახლოს იმყოფება, მაშინ თავისუფლად შეიძლება, რომ გრიპი გადაედოს. გრიპი ისეთი მოვლენაა, რომელსაც გრიპის ვირუსი უდევს საფუძვლად და არა - ორგანიზმის გაციება ან ალერგია. ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით