სილამაზეს მსხვერპლად რომ არ შევეწიროთ
31-10-2016
სილამაზეს მსხვერპლად რომ არ შევეწიროთ
სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში საჯარიმო რეგულაციები ამოქმედდა

სამწუხარო რეალობაა, რომ სილამაზის სალონში ან ესთეტიკური მომსახურების ცენტრში მისული შესაძლოა დაავადდე. წესების დაცვის გარეშე ჩატარებული პროცედურები, თმის მოვლა/პარსვაც კი, უმძიმესი ინფექციური ვირუსებით - C და B ჰეპატიტით, შიდსით ან სხვა დაავადებით დაინფიცირების წყარო შესაძლოა გახდეს და გამოთქმა, "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო", სასტიკ რეალობად გექცეთ. მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოების სათანადო დეზინფექციისა და სტერილიზაციის გარეშე მოხმარების აღსაკვეთად, სილამაზის სალონების და ესთეტიკური მომსახურების ცენტრების მიმართ რეგულაციები
გამკაცრდა, - რეგისტრაციის გავლა და საქმიანობის სწორად წარსამართად ახალი ტექნიკური რეგლამენტის დაცვა დაევალათ, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, მომხმარებლის უსაფრთხოდ მომსახურებას განაპირობებს.

მარინე დარახველიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი: -
სამეწარმეო რეესტრში საგადასახადო კუთხით დარეგისტრირებული სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მომსახურების ცენტრებისთვის სავალდებულოა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.
ძველი რეგულაციებით ვერ ვადგენდით, რა ტიპის საქმიანობას ეწეოდნენ რიგი ორგანიზაციებისა. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქმიანობის შესაბამისად, ენიჭებათ სპეციალური კოდები. ეს გვაძლევს სამიზნე დაწესებულებების მიკვლევის საშუალებას და ხელს შეუწყობს ინფექციური კონტროლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებას.

ახალი ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში - სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში - ჰიგიენური ნორმების დაცვის, დეზინფექციის, სტერილიზაციის საკითხებს, ანუ ინფექციური კონტროლის ღონისძიებებს.
ამ დაწესებულებებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უსაფრთხოების ზომები არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, მომსახურე პერსონალისთვისაც აუცილებელია, რადგან მათი დაინფიცირების საფრთხეც არსებობს. თუ მხოლოდ დიაგნოსტიკას და მკურნალობას დავუთმობთ ძალისხმევას, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებაც გაგვიჭირდება. აუცილებელია პრევენციული ღონისძიებები, რათა მიღწეული წყალში არ ჩაგვეყაროს და ნამკურნალები ადამიანი ხვალ თავიდან არ დაინფიცირდეს ან ინფიცირებულთა რიცხვს ახალი შემთხვევები არ შეემატოს.

- რა შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდეს სილამაზის სალონის ან ესთეტიკური ცენტრის მომხმარებელი?

- სწორედ ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს, როგორ ჩატარდეს პროცედურები და დამუშავდეს მრავალჯერადი გამოყენების, თუნდაც მანიკიურისა და პედიკიურისთვის საჭირო ხელსაწყოები. სამედიცინო მანიპულაციებისთვის საჭირო იარაღების მსგავსად, აუცილებელია მათი თანამიმდევრულად მექანიკური გასუფთავება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია, რათა სერიოზული დაავადებების გადამტანი არ გახდნენ. დღეს ძალიან მოდური პირსინგი (ერთ-ერთი სახეობაა ყურის გახვრეტა) ინვაზიური პროცედურაა, მისი გაკეთების დროს კანის მთლიანობა ირღვევა, ტატუც ინვაზიურია და სტერილური ხელსაწყოების გარეშე არა მხოლოდ უმძიმესი დაავადებებით ინფიცირების, ბანალური ინფექციების გადადების საშიშროებაც არის, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლებელია სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდნენ.

- თმის შეჭრაც საშიშია?

- დიახ, დაუმუშავებელი ხელსაწყოებით გადადის სოკოვანი ან პარაზიტული დაავადებები. პარსვის დროს კი მიკროტრავმების შედეგად სისხლით ტრანსმისირებადი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს: ჰეპატიტები, შიდსი და ა.შ.

- სილამაზის რამდენიმე სალონში მაკონტროლებლის სახელით უცხო პირები მივიდნენ და ჯარიმის სახით ფული მოითხოვეს.

- როგორც ჩანს, ბოროტად ისარგებლა ვიღაცამ. აკონტროლებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს უფლება აქვთ, მაკონტროლებელს მოსთხოვონ კონტროლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ადგილზე არანაირ ჯარიმას არ იხდიან. იწერება მხოლოდ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტს, დაჯარიმდეს თუ არა სუბიექტი.

დარეგისტრირდი დაჯარიმებამდე


სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციას არ გაივლიან, პირველად 500 ლარის, მეორედ კი 1.000 ლარის გადახდა მოუწევთ. მომსახურების პირობების დარღვევის გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდება პირველად 50 ლარით, იურიდიულ პირს კი დარღვევა 100 ლარი დაუჯდება. განმეორებით დაფიქსირებული სამართალდარღვევის გამო ფიზიკურ პირს 200, იურიდიულ პირს კი 500 ლარის გადახდა დაეკისრება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მიზანი არ არის, ვინმეს ბიზნესში ხელი შეუშალონ, არამედ სურთ, ასწავლონ სწორად და უსაფრთხოდ მუშაობა.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით