კიბო განაჩენი არ არის! - კვირის პალიტრა

კიბო განაჩენი არ არის!

რა იმედიანადაც არ უნდა გეჩვენოთ ეს სათაური, უმრავლეს შემთხვევაში მას ერთი დიდი კითხვის ნიშანი ახლავს: თუ კიბოს დროზე აღმოვაჩენთ... ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებაა - იმისთვის, რომ შევამციროთ ამ მძიმე დაავადების არასასურველი შედეგი, დიაგნოზი რაც შეიძლება მალე უნდა შევიტყოთ და საკუთარი ჯანმრთელობა ხშირად შევამოწმოთ. ანუ, იმ შემთხვევაშიც, თუ თავი ჯანმრთელი გვგონია, პროფილაქტიკის მიზნით მაინც მივაკითხოთ ექიმს და ჩავიტაროთ გამოკვლევები. ამას სკრინინგის მეთოდი ეწოდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბოს ადრეული გამოვლენის და პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. სკრინინგი არც საქართველოსთვის არის უცხო, მაგრამ, როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისეული რეალობა და ცნობიერება ამ, თითქოსდა უმარტივეს აქსიომას უამრავ კონტრარგუმენტს უძებნის ხოლმე.

საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა (ძუძუს, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პროსტატის) 2008 წლიდან მოქმედებს და უფასოა პროგრამით გათვალისწინებული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილისთვის სკრინინგი ჯერაც უცხო ხილად რჩება. თუ რატომ არ მიდიან ქალბატონები სკრინინგზე, სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბატონ რემა ღვამიჩავას ვკითხეთ: "ინფორმირებულობა უდიდეს როლს თამაშობს. ამიტომ ქალბატონებს პერსონალიზებულ შეტყობინებებს გავუგზავნით - ყველა მათგანი მიიღებს წერილს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში".

კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია პირველი ჯანდაცვის რგოლს - სოფლისა თუ ოჯახის ექიმებს ევალებათ, პრევენციული და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ პაციენტებს, გადაამისამართონ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის. სწორედ სოფლის ექიმისა და ექთანის კომპეტენტურობასა და კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული, მიაკითხავს თუ არა ქალბატონი, რომელიც როგორც წესი, დილიდან საღამომდე საქმეშია გართული, სკრინინგცენტრს, განსაკუთრებით მაშინ, თუ, მისი აზრით, არაფერი სტკივა და აწუხებს.

"საზოგადოებამ უნდა გაიაზროს და სკრინინგცენტრს ჯანმრთელმა უნდა მიაკითხოს. ეს აუცილებელია" - გვითხრა ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა იოსებ აბესაძემ.

ონკოპრევენციის ცენტრი, საქართველოში მოღვაწე ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "კარიტასი" და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" მეორე წელია ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისა და პირველი ჯანდაცვის რგოლის ინფორმირებულობისა და განათლების ხელშეწყობა კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ. პროექტში მონაწილე ჩეხი ტრენერის, ლუბომირ სკოპალის თქმით, საქართველოს მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რაც რამდენიმე წლის წინ ჩეხეთში იყო, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირება-განათლებაში დახარჯული დიდი ძალისხმევის შედეგად, პროგრესი შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

"პროექტი ეფუძნება ჰოლისტურ მიდგომას, რაც გულისხმობს პირველი ჯანდაცვის რგოლის როლის გაძლიერებას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში; ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დასაძლევად. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას რამდენიმე წელია, უზრუნველყოფს ჩეხეთის განვითარების სააგენტო." - გვითხრა პროექტის მენეჯერმა თამარ კურტანიძემ.

და მაინც, მთავარი კარგი ამბავი: ყველაზე მეტად სირთულეების დაძლევა უჭირს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სადაც სკრინინგცენტრი არ არსებობს და მოსახლეობას ქუთაისში ან ბათუმში უწევს გამგზავრება პროგრამაში ჩასართავად, თანაც ძალზე ცოტა სოფლად მცხოვრები აკეთებს ამას, რადგან ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ნაკლებად აკითხავს ექიმს და, ცხადია, შორ მანძილზე ნაკლებად წავა პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის.

ჩეხეთის "კარიტასისა" და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ძალისხმევით, ზუგდიდში მალე გაიხსნება ყველაზე მოდერნიზებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკრინინგცენტრი.

- გპირდებით, რომ ის გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს, - გვითხრა ბატონმა რემა ღვამიჩავამ.

უნდა ვენდოთ მას და მხარი დავუჭიროთ ამ განცხადებას!

ნანა ჩარკვიანი