"ნუ გადაღლით თვალებს"
14-11-2016
"ნუ გადაღლით თვალებს"
"ადამიანის თვალისთვის შეუსვენებლად მუშაობის ნორმა არაუმეტეს 2 საათია, ამის შემდეგ ის იღლება და აქედან იწყება პრობლემებიც"

არ არსებობს უფრო რთული და სრულყოფილი მექანიზმი, ვიდრე თვალია. თუმცა, ზოგჯერ ეს ორგანოც გამოდის მწყობრიდან. რას შეუძლია მისი დაზიანება და რა წინაპირობები მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე სიბრმავისკენ მიდის, ამ და სხვა შეკითხვებზე გვპასუხობს ექიმი-ოფთალმოლოგი ია ეცადაშვილი.

- რა დაავადებების დიაგნოსტირება შეიძლება თვალის მეშვეობით?
- თვალის ფსკერის გამოკვლევით შესაძლებელია ენდოკრინული სისტემის პათოლოგიის, არტერიული ჰიპერტენზიის, ანთებითი
პროცესების, თავის ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობის და სხვა დიაგნოსტირება.

- თვალის რომელი დაავადებებია უფრო მეტად გავრცელებული?
- უფრო ხშირად პაციენტები მოგვმართავენ მხედველობის გაუარესების, ანთებითი დაავადებების დროს.
თუ მშობლები სათვალეს ატარებენ, დიდია ალბათობა, რომ შემდგომში ბავშვსაც სათვალე დასჭირდეს.
ახალშობილებში თვალის მდგომარეობაზე მოქმედებს ის, თუ როგორ მიმდინარეობდა დედის
ფეხმძიმობა, მშობიარობა.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მხედველობა რიგზე ვერა აქვს?
- თუ პროფილაქტიკური შემოწმებისას ექიმი-ოფთალმოლოგი პათოლოგიას გამოავლენს, შესაბამის მკურნალობას დანიშნავს. ამასთან,
თუ ბავშვი თვალებს ჭუტავს, მხრებში იხრება მეცადინეობისას, ეს იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა ექიმ-ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათვალის შერჩევა ერთი დღის პროცესი არ არის, დიაგნოსტიკურ პროცედურებს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

- რა უფრო მავნებელია ბავშვისთვის: კომპიუტერი, წიგნების კითხვა თუ ტელევიზორი?
- მავნებელია არა თავად კომპიუტერი, არამედ მასთან გატარებული დიდი დრო. თუ ადამიანი 8 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მონიტორს უყურებს, რა თქმა უნდა, მის თვალებსა და მთლიანად ჯანმრთელობას ვნება მიადგება, ხოლო თუ დატვირთვის დოზირება მოხდება, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
ადამიანის თვალისთვის შეუსვენებლად მუშაობის ნორმა არაუმეტეს 2 საათია, ამის შემდეგ ის იღლება და აქედან იწყება პრობლემებიც.

- შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავად იღონოს რამე, როცა მონიტორის ან კითხვის შემდეგ საღამოობით თვალები სტკივა?
- მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი. თუ კომპიუტერთან მუშაობისას გვტკივა თვალი, დიდი ალბათობით, საუბარია თვალის დაღლაზე და ამ დროს შესაძლებელია წვეთების გამოყენება, რომლებიც თვალზე დატვირთვას ამცირებს. თუმცა, წვეთები აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს და არა თავად პაციენტმა, მაგალითად, ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით. თუ მხედველობა გაუარესდა ან ტკივილი და ცრემლდენა დაიწყო, ადამიანმა სპეციალისტს უნდა მიმართოს. თვალთან ხუმრობა არ ვარგა, მით უმეტეს, რომ ინფორმაციის 80 პროცენტს თვალის მეშვეობით ვიღებთ.

- ამა თუ იმ დაავადებას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა თვალზე?
- უპირველესად, მხედველობას ძალიან აზიანებს შაქრიანი დიაბეტი, რადგან ამ დაავადების დროს ზიანდება წვრილი სისხლძარღვები. სამწუხაროდ, ეს დაავადება ახალგაზრდავდება, ხშირად დიაგნოსტირდება ბავშვებშიც.
რაც უფრო ადრე იწყება დიაბეტი, მით უფრო ადრე ვითარდება გართულებებიც, პირველ რიგში, დიაბეტური რეტინოპათია - თვალის ბადურას სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

- თვალის რა დაავადებები იწვევს სიბრმავეს?
- ყველაზე მეტად აქვეითებს მხედველობას კატარაქტა და გლაუკომა – სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომელიც თვალშიგა წნევის მატებით ხასიათდება.
გლაუკომა ვერაგია იმითაც, რომ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს: ადამიანი ცხოვრობს ჩვეულებრივად, მუშაობს, თავს კარგად გრძნობს და უცებ ხვდება, რომ მხედველობა გაუუარესდა. ამიტომ სასურველია ოკულისტთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც, 40 წლის ასაკის შემდეგ კი რეგულარულად თვალის შიდა წნევის შემოწმება.
სამწუხაროდ, პროცესის უკუქცევა, მხედველობის მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია.
მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია გლაუკომის ტიპის ზუსტ დიაგნოსტირებაზე.

ერთი ფაქტორი, რომელიც საერთოა ყველა ტიპისათვის, არის თვალის ოპტიკური ნერვის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის მომატებით. მნიშვნელობა არა აქვს, წნევა ნორმაზე დაბალია თუ ნორმაზე მაღალი, მას დაზიანების გამოწვევა ორივე შემთხვევაში შეუძლია. გლაუკომების უმეტესი ტიპი ქრონიკულია. ზოგი ტიპი შეიძლება პაციენტს მთელი სიცოცხლე აწუხებდეს, ზოგი ტიპი კი სწრაფგანვითარებადია და უეცრად წარმოიშობა.

- რა არის კატარაქტა?
- კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დანისვლა. მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა და სიბრმავე.
დღეისათვის კატარაქტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები არ არსებობს.
კატარაქტის მოცილების ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს მიკროქირურგიული ოპერაცია.

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა იმისათვის, რომ სპეციალისტთან ვიზიტი არ დაუგვიანდეს?
- პირველ რიგში, მხედველობის დაქვეითებას. საერთო მხედველობითი დისკომფორტი; თვალების ლორწოვანის შეწითლება, თვალებში სიმძიმის, დაღლილობის, სიმშრალის, ჭრის, წვის ან უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება და სხვა, რაც თავისთავად მიანიშნებს ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე.

- რას ურჩევდით ყველას, როგორც ოფთალმოლოგი?
- ნუ გადაღლით თვალებს. ყოველ 2-3 საათში ერთხელ დაასვენეთ თვალები - დახუჭეთ, აკეთეთ თვალების ვარჯიში, დაიცავით დღის რეჟიმი - დაიძინეთ შეძლებისდაგვარად ადრე და ასევე ადრიანად ადექით, საღამოობით დაიბანეთ თვალები თბილი წყლით.
ქალებმა არ დაიტოვოთ თვალზე კოსმეტიკა, საღამოს მოერიდეთ კომპიუტერთან მუშაობას, ასევე ერიდეთ სტრესსა და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ნუ მოიხმართ თამბაქოსა და ალკოჰოლს.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით