"ლამაზი ღიმილი მარტო ესთეტიკის არა, ჯანმრთელობის ნიშანიცაა"
21-11-2016
"ლამაზი ღიმილი მარტო ესთეტიკის არა, ჯანმრთელობის ნიშანიცაა"
"ბავშვები არ უნდა შევაშინოთ სტომატოლოგთან ვიზიტით. თუ პატარას პედიატრის არ ეშინია, ექიმ-სტომატოლოგთანაც უშიშრად ივლის. ექიმთან ვიზიტის წინ არ არის საჭირო მისი დამშვიდება სიტყვებით: "არ გეტკინება", "ნუ გეშინია, საშიში არაფერია", "ცოტა უნდა მოითმინო"... უმჯობესია ექიმს საშუალება მისცეთ, საერთო ენა გამონახოს პატარასთან, დაათვალიერებინოს კაბინეტის მოწყობილობა, მოუყვეს, რა პროცედურების გავლაა საჭირო და ა. შ."

ჯანსაღი კბილები არა მარტო ბუნებრივად თანდაყოლილი საჩუქარი, არამედ პირის ღრუს ყოველდღიური სწორი მოვლის შედეგია.
როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს, რა
პროდუქტები უნდა მივიღოთ მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და როდის დავგეგმოთ ექიმ-სტომატოლოგთან ვიზიტი, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-სტომატოლოგი ეთერ გეგენავა.

- პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რამდენად ხშირად უნდა მიმართოს ადამიანმა სტომატოლოგს?

- ექიმ-სტომატოლოგთან ვიზიტის პერიოდულობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ზოგჯერ საკმარისია ნახევარ წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური შემოწმება და
კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც აუცილებელია, რადგან სწორი ყოველდღიური მოვლისასაც კი ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად მოვიშოროთ კბილებიდან ნადები ან ქვები.
არის სიტუაციები, როცა მკურნალობის ჩატარების შემდეგ პაციენტს სჭირდება დამხმარე თერაპია და განსაკუთრებული კონტროლი. ასეთ შემთხვევებში პაციენტთან ინდივიდუალურ გრაფიკს ვადგენთ. თუ ადამიანს კბილების ანდა ღრძილების ტკივილი, შესიება, სისხლდენა აწუხებს, სტომატოლოგს უთუოდ უნდა მიმართოს, რადგან პირის ღრუს ესა თუ ის დაავადება ზოგჯერ ძალიან სწრაფად პროგრესირებს და შემდგომში მკურნალობას ართულებს.

- კბილების სიჯანსაღის შენარჩუნების მიზნით, რა პროდუქტები უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ადამიანის რაციონიდან?

- საჭიროა ტკბილი გაზიანი წყლების მიღების შეზღუდვა, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რომელიც კარიესოგენური მდგომარეობის პროვოცირებას ახდენს პირის ღრუში. დიდი რაოდენობით ახლადგამოწურული წვენების სმა, რომლებიც ხილის მჟავებს შეიცავს, ნეგატიურად მოქმედებს კბილების მინანქარზე. კბილების მექანიკურად დაზიანების თვალსაზრისით, ფრთხილად უნდა ვიყოთ კურკის შემცველ ნაყოფთან. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებზე უარი უნდა ვთქვათ, უბრალოდ, საჭიროა ზომიერების დაცვა.

- რომელი პროდუქტებია სასარგებლო კბილებისთვის?

- პირველ რიგში, უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ეფექტიანად ასუფთავებს კბილებს და ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, რითაც ანეიტრალებს მავნე მჟავებს. ასევე აუცილებელია წყლის უხვად მიღება, თუკი კბილების ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, კარგია ყოველი კვების შემდეგ პირის ღრუში წყლის გამოვლება. სასარგებლოა რძის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია კალციუმით, ფოსფორითა და დ ვიტამინით. ასევე, შავი და მწვანე ჩაი.

- კბილების დაავადებები რამდენად ახდენს სხვა ორგანოების დაავადების პროვოცირებას?

- ასეთი რამ პრაქტიკულად ყოველთვის ხდება. მაგალითად, თუ ადამიანს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანდა გინეკოლოგიური დაავადებები აქვს, მისთვის ხშირად სხვადასხვა სახის პაროდონტიტის - კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთების დიაგნოსტირება შეიძლება, რომელიც კარიესის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია, რომლის ორგანოებიც ერთიან კავშირში იმყოფებიან. ადამიანის კბილებს მასზე ბევრი რამის მოყოლა შეუძლია, იმ დაავადებებით დაწყებული, რომლებიც აწუხებს, მავნე ჩვევებითა და სოციალური სტატუსით დამთავრებული. ასე რომ, ლამაზი ღიმილი მარტო ესთეტიკის არა, ჯანმრთელობის ნიშანიცაა.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვები სტომატოლოგთან ვიზიტს შევაჩვიოთ?

- არ უნდა შევაშინოთ ბავშვები სტო­მატოლოგთან ვიზიტით. თუ პატარას პედიატრის არ ეშინია, ექიმ-სტომატოლოგთანაც უშიშრად ივლის. ექიმთან ვიზიტის წინ არ არის საჭირო მისი დამშვიდება სიტყვებით: "არ გეტკინება", "ნუ გეშინია, საშიში არაფერია", "ცოტა უნდა მოითმინო"... უმჯობესია ექიმს საშუალება მისცეთ, საერთო ენა გამონახოს პატარასთან, დაათვალიერებინოს კაბინეტის მოწყობილობა, მოუყვეს, რა პროცედურების გავლაა საჭირო და ა. შ.

- დასასრულ, როგორ უნდა მოვუაროთ სწორად პირის ღრუს?

- კბილები უნდა გავიწმინდოთ დღეში ორჯერ მაინც, არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს. სასურველია, სადილის შემდეგაც, თუმცა, ამას ბევრი დასაქმებული ადამიანი ვერ ახერხებს, მაგრამ შეუძლია საკვების მიღების შემდეგ წყალი მაინც გამოივლოს.
სასურველია გამოვიყენოთ რბილი ჯაგრისი, რადგან, თუ ადამიანს კარიესი ანდა სხვა დეფექტი აქვს, უხეშ ჯაგრისს შეუძლია უფრო გაართულოს მდგომარეობა. ამასთან, საჭიროა კბილის საწმენდი ძაფების, ფლოსის გამოყენებაც კბილთაშორის სივრცეებში საკვების ნარჩენების მოსაშორებლად, ანტიბაქტერიული სავლებები, რათა პირის ღრუში მავნე მიკროფლორის შემცირება მოხდეს.
უპრიანია, კბილის ჯაგრისი, პასტა და ანტიბაქტერიული სავლები ექიმმა შეგირჩიოთ და ფლოსის სწორად გამოყენებაც გასწავლოთ, რადგან არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ღრძილის დვრილის ტრავმა, შემდეგ კი ლოკალური გინგივიტი - ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესი გამოიწვიოთ.

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით