ოსტეოქონდროზი - მთავარია იმოძრაო!
28-11-2016
ოსტეოქონდროზი - მთავარია იმოძრაო!
ცხოვრების თანამედროვე წესმა, შესაძლოა, ყოფა გაგვიმარტივა, სამაგიეროდ, ჩვენს ჯანმრთელობას შეუქმნა პრობლემები - საჭესა თუ ოფისებში გაუნძრეველი ჯდომა, კვების რეჟიმის დარღვევა ოსტეოქონდროზით "გვასაჩუქრებს," რაც მომაბეზრებელ ტკივილებს და სხეულის დეფორმაციასაც უკავშირდება. ოსტეოქონდროზი საუკუნის გადაუჭრელ სამედიცინო პრობლემად იქცა. თუმცა, მკურნალობითა თუ ცხოვრების სწორი წესით მისი შეჩერება და მართვა შესაძლებელია. როდის იწყება ოსტეოქონდროზი და რა სიმპტომები ახასიათებს მას, ამაზე ექიმი შალვა გოგიბერიძე გვესაუბრება:

- ოსტეოქონდროზს უმოძრაობასთან ერთად, არასრულფასოვანი კვებაც იწვევს. მიზეზი გასაგებია - არასრულფასოვანი
კვება ნივთიერებათა ცვლას არღვევს, რაც შემდგომში ხერხემლის ძვალსა და მალებს აზიანებს. ზიანდება მალთაშუა დისკები, უხეშდება იოგები, რომელიც ხერხემალს იჭერს და მათ გარშემო წარმოიქმნება ე.წ. "მარილები", - წანაზარდები, რომელიც ნერვის გარსს აწვება. სწორედ ეს იწვევს ტკივილს, დაბუჟებას. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს მალთაშუა თიაქარი, ან დისკის
სეკვესტრაციაც. პროცესები, შესაძლოა, წლობით ისე მიმდინარეობდეს, ვერაფერი ვიგრძნოთ, დაავადების შესახებ მხოლოდ ტკივილის დაწყებისას გავიგოთ. ზოგჯერ ადამიანს სტკივა, თუმცა მხოლოდ მყესი ან კუნთი აქვს დაზიანებული, ანდა ტკივილის მიზეზი შინაგანი ორგანოების პათოლოგიებია. ამიტომაც საჭიროა გაიკეთოს რენტგენოგრაფია ანდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მაღალტექნოლოგიური სამსახურები მუშაობისას ჯდომას მოითხოვს, შედეგი - ოსტეოქონდროზია. მკვეთრად გაიზარდა ქირურგიული ჩარევის სტატისტიკაც. ადამიანის ხერხემალი კოლოსალურ დატვირთვას უძლებს - ხერხემალი ხომ მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს... მთელი დატვირთვა მის 24 მალაზე მოდის. სხეული ხერხემლის გარდა, კუნთებსაც უჭირავს. ჯდომისას კუნთები მოდუნებულია და მთელი სიმძიმე აწვება ხერხემალს. სწორედ ეს აყენებს ზიანს.

პროცენტულად არის გამოანგარიშებული სხეულის დატვირთვა სხვადასხვა პოზაში. ზურგზე წოლისას ხერხემლის დატვირთვაა 25%, გვერდზე წოლისას - 75%, დგომისას, - 100% (საწყისი ათვლის წერტილი); თუ ფეხზე მდგომი ადამიანი წინ გადახრილია, ხერხემლის დატვირთვა 150% -ია, მაგრამ თუკი ხელში ტვირთიც უჭირავს, ხერხემლის დატვირთვა 220%-ია და სახიფათოა ხერხემლისთვის. ჯდომისას ხერხემლის დატვირთვა 140%-ია; თუ ადამიანი ჯდომისას იხრება წინ, ხერხემლის დატვირთვა 185%-ია, ხოლო თუ ხელში ტვირთიც უჭირავს, ხერხემლის დატვირთვა 275%-ია.

არსებობს წელის, მკერდის და კისრის ოსტეოქონდროზები. მათ ოფისების დაავადებასაც კი უწოდებენ. დაზიანებების ლომის წილი ჯდომაზე მოდის. კისრის ოსტეოქონდროზის დამახასიათებელი სიმპტომები, თავბრუსხვევასა და თავის ტკივილთან ერთად, კისრიდან ხელის თითებამდე ხელების დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტა, ყურებში ხმაურია. ნაკლებად გვხვდება მკერდის ოსტეოქონდროზი, რომლის ნიშანია მკერდში ტკივილი, რასაც, შესაძლოა, ახლდეს დაბუჟება და კუჭის მიდამოში ტკივილი.

ოსტეოქონდროზს ხელს უწყობს ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ხერხემლის ტრავმები, ბრტყელტერფიანობა, ინტენსიური სპორტული ვარჯიშები, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, დიეტებიც კი, რადგან ამ დროს ორგანიზმი იფიტება.
ოსტეოქონდროზისას იდეალურ ვარჯიშებად ითვლება ცურვა და სიარული - ადამიანმა დღეში 7 კილომეტრი მაინც უნდა გაიაროს ფეხით, კარგია ორთოპედიულ ლეიბზე წოლა ანუ ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა აქვს.

- მედიკამენტები?

- ოსტეოქონდროზის მკურნალობა კომპლექსურია. ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, წერტილოვანი მასაჟები; მედიკამენტები - ხრტილის გასაძლიერებლად, დაზიანებული ნერვისა და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად, ანთების ჩასაცხრობად. ამ საშუალებებს, სამწუხაროდ, პაციენტები ზოგჯერ თავად ინიშნავენ, მათ შორის ჰორმონულ პრეპარატებსაც, არადა, თვითმკურნალობას არასოდეს აქვს გამართლება, მსგავსი პრეპარატების უსისტემო ხმარება ხშირად უკუშედეგს, ანუ ძვლიდან კალციუმის გამოდევნას იწვევს. ამასთანავე, ოსტეოქონდროზის მსუბუქი ეტაპისთვის მედიკამენტური ჩარევა არ არის აუცილებელი - დატვირთვის შეზღუდვა ან მცირე წოლითი რეჟიმი სავსებით საკმარისია, რომ ტკივილმა გაიაროს და ადამიანმა თავი სრულფასოვნად იგრძნოს.
ოპერაცია თუ მაინც საჭირო გახდა, აუცილებლად დროულად უნდა ჩატარდეს. ოპერაციიის შემდეგ კი ადამიანი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს უბრუნდება.

ეთერ ერაძე

რედაქტორის რჩევით