რეალური ნაბიჯი ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად - კვირის პალიტრა

რეალური ნაბიჯი ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად

2015 წლისათვის საქართველოს მთავრობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების ვალდებულება აიღო.

მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მე-4 და მე-5 მიზნებს. კერძოდ, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დედათა სიკვდილიანობის 3/4-ით შემცირებას.

აღნიშნული მიზნების პრიორიტეტულობა გამომდინარეობს დედათა და ბავშვთა დაცვის საკითხის უდიდესი მნიშვნელობისაგან. დადგენილია, რომ ქვეყნები, რომლებიც არ იშურებენ რესურსებს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის, გაცილებით სწრაფად ვითარდებიან და აღწევენ დასახულ მიზნებს, ვიდრე სახელმწიფოები, რომლებიც ამ პრობლემას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

KvirisPalitra.Geდედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის ცენტრალურ კომპონენტად კვლავ რჩება დახმარება ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალების 90% და მეტი ბინაზე მშობიარობდა ე.წ. "ბებია-ექთანების" ხელშეწყობით. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მეანობაში ბევრი რამ შეიცვალა:

დაიწყო გაუტკივარების მეთოდების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გაფართოვდა საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩვენებები და  სამკურნალწამლო საშუალებების არეალი,  რამაც ორსულ ქალებს სამშობიარო სახლში მშობიარობის უპირატესობის რწმენა ჩაუნერგა, ისინი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ კვალიფიცირებული ექიმისა და ბებია-ექთანის მეთვალყურეობის ქვეშ. ე.წ. "სამშობიარო სახლების ბუმის" პერიოდში (1960-დან 1979 წ)  ანტენატალური მეთვალყურეობისა და მშობიარობის მართვის პროცესის გაუმჯობესებას თან მოჰყვა დედათა და პერინატალური სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება, მიუხედავად ამისა, 1990 წლიდან ევროპაში დაიწყო ზემოთ აღნიშნული მიდგომის გადახედვა.

ინგლისელი ექიმი გრენლი დიკ-რიდი წიგნში "ბუნებრივი მშობიარობა" წერდა, რომ "ორსულობა და მშობიარობა არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ექიმთა ჩარევა არ სჭირდება, ხოლო სტაციონარული პირობები ხელს უწყობს გართულებათა განვითარებას, ქალის ზედმეტ დაძაბულობას და შიშს".

1993 წელს ინგლისში დედათა და ბავშვთა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მოხსენება "ცვლილებები სამეანო დახმარებაში", რომლის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობდა: გართულებული შემთხვევების მართვაში საჭიროა ექიმი მეან-გინეკოლოგების როლის გაზრდა, ხოლო ნორმალურად მიმდინარე ორსულობის და მშობიარობის წარმართვა შეიძლება სათანადოდ მომზადებულ ბებია-ექთანებს მივანდოთ.

მოხსენება ეფუძნებოდა შემდეგ ძირითად პრინციპებს: ბებია-ექთანის როლის გაზრდა, სამეანო დახმარების ხელმისაწვდომობა, მაღალი რისკის ორსულობის გამოვლენა, ქალთა უფლებების დაცვა: პატივისცემა მისი არჩევანისა - თავად განსაზღვროს როგორ გარემოში (ბინაზე, სტაციონარში) უნდა, რომ იმშობიაროს და გვერდით იყოლიოს ის ადამიანები, ვისაც ენდობა.

KvirisPalitra.Geსამშობიარო სახლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ტირაჟირებას ხელი შეუწყო რამდენიმე სხვა ფაქტორმაც. სახელდობრ, - გამოჩნდა კარგად ორგანიზებული და გავლენიანი არასამთავრობო არაპროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც იცავდნენ ორსულების უფლებებს. გაიზარდა ქალი-მეანების რიცხვი, რომელთაც უკეთ შეუძლიათ გაიზიარონ და შეიგრძნონ ორსულის განცდები, თვითონ ექიმებმაც გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ ზოგი მეთოდის გამოყენება ხდებოდა შესაბამისი ჩვენებების გარეშე, რაც ზრდიდა საექიმო ჩარევის მოცულობას და ყოველთვის არ აისახებოდა დადებითად დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

"ბებიაქალის ინსტიტუტის" უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის განხორციელება შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ადგილას: ბინაზე, თემსა თუ საავადმყოფოში. ბებიაქალის ფუნქციებს განეკუთვნება - როგორც ქალის, ისე მისი ოჯახის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ანტენატალური და პოსტნატალური მეთვალყურეობა და მოვლა, მშობიარობის პროცესში დახმარების გაწევა. ამასთან, ისინი ორიენტირებულნი არიან ტექნოლოგიური ინტერვენციების მინიმუმამდე დაყვანასა და რისკის ორსულების იდენტიფიკაციაზე, რათა უზრუნველყონ მათი დროული გაგზავნა სტაციონარში.

საქართველოში არასამთავრობო ასოციაცია "ჰერა XXI"-ის მიერ, 2008 წლის მაისიდან, განხორციელება დაიწყო ფონდებისMATRA /ETC Crystal (ნიდერლანდები)-ის მიერ დაფინანსებულმა, 3-წლიანმა პროექტმა "ზრუნვისა და ხარისხის გაუმჯობესება: ბებიაქალების ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში".

პროექტის ფარგლებში ასოციაცია "ჰერა XXI"-ს აქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა როტერდამის ბებიაქალთა უნივერსიტეტთან და ცდილობს, გაიზიაროს და დანერგოს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში.

2009 წლის მაისში პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია (საბა).

მისი ძირითადი მიზანია ბებიაქალების ინსტიტუტის გაძლიერება ისე, რომ ბებიაქალმა შეძლოს, უზრუნველყოს ქალისათვის შესაბამისი ზედამხედველობის გაწევა, მოვლა და საკონსულტაციო მომსახურება ორსულობის, მშობიარობისა და მის შემდგომ პერიოდში. მან საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა შეძლოს არა მარტო მშობიარობის წარმართვა, არამედ ახალშობილის და ჩვილის მოვლა.

"საბას" წევრი ბებიაქალების მიზანია: უზრუნველყონ ხარისხიანი მომსახურება ორსული ქალისა და მისი ოჯახის წევრებისათვის; შეცვალონ საკუთარი პროფესიული მდგომარეობა უკეთესობისკენ, გაიუმჯობესონ ცოდნა, პრაქტიკული ჩვევები და რაც მთავარია, აქტიურად ჩაერთონ ორსულ ქალზე ზრუნვის ყველა საფეხურზე.

საქართველოში ბებიაქალების პროფესიის განახლებას დიდი მხარდაჭერა დასჭირდება როგორც საზოგადოების, ასევე საგანმანათლებლო სისტემის მხრიდან, რათა თანამედროვე ქართველი ბებიაქალიც იყოს პრაქტიკოსი, რომელიც აღჭურვილია არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვის, არამედ ეფექტური პრე და პოსტნატალური ზრუნვის უნარ-ჩვევებით, რომელსაც შეეძლება სწორი, დროული გადაწყვეტილების მიღება.

ასოციაცია HERA XXI-ის ხელშეწყობით პროექტის ,,ბებიაქალთა ცოდნისა და უნარების განახლება საქართველოში" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ბებიაქალთა დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო  ბებიაქალთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICM), მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო კონფედერაციისა (FIGO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები და გაიდლაინები. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კურიკულუმი სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესთან; მისი ხანგრძლივობა სამი წელია და მოიცავს 180 ევროპულ კრედიტს. აკრედიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ პროგრამის პირველ მსმენელთა მიღება დაგეგმილია 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისში.

ჩვენი აზრით, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებაში.

R