ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ქალებს ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ - კვირის პალიტრა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ქალებს ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ

შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი 21-ე საუკუნის დაავადებაა. მას ახასიათებს დაღლილობისა და გამოფიტვის მძაფრი შეგრძნება, რომელსაც დასვენებაც ვერ ამსუბუქებს. ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით, ქალებისთვის.

- ბრძანეთ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ქალებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებშიო. რატომ?

- ეს სინდრომი დაძაბული და დაჩქარებული ცხოვრების რეჟიმის ბრალია. საერთოდ, ქალი უფრო დატვირთულია, რადგან მას სამსახურთან ერთად სხვა უამრავი საზრუნავი აქვს, ამიტომ დასვენებისთვის ნაკლები დრო რჩება.

- თუ არის დადგენილი, კერძოდ რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს?

- ამ დაავადების ეტიოლოგია უცნობია, თუმცა მის ჩამოყალიბებაში გენეტიკას დიდ როლს ანიჭებენ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიული განწყობაც, თუმცა ძნელია გარკვევა, დეპრესია იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, თუ პირიქით - ქრონიკული დაღლილობის სინდრომს მოჰყვება დეპრესია. ეს მიზეზიც გაურკვეველია, ისევე როგორც ნერვული სისტემაა წამყვანი მის წარმოქმნაში, თუ ენდოკრინული. ზოგიერთი მკვლევარი დაავადების მიზეზად მოიაზრებს მძიმე ბავშვობას და ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობასაც.

- როგორია ამ დაავადების სიმპტომატიკა?

- დაავადების ძირითადი სიმპტომები ასეთია: ადამიანს სრულიად უმიზეზო, ძნელად ასახსნელი სისუსტე ეუფლება, გრძნობს გამოფიტვას და როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ძალების ამოწურვას. ეს სინდრომი შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული პათოლოგიითაც. აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე სიმპტომი, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი დავსვათ, თან ის უნდა გრძელდებოდეს სულ ცოტა, 6 თვე მაინც. ადამიანი, რომელსაც ეს სინდრომი აწუხებს, დასვენების შემდეგაც ვერ ახერხებს ძალების აღდგენას, დილით უფრო მეტად დაღლილი იღვიძებს, ვიდრე დაძინებამდე იყო. ამ დაავადებას მეხსიერების და კონცენტრაციის დარღვევაც ახასიათებს, ადამიანს ისეთი დაღლილობა ეუფლება, რომ ზოგჯერ 1-2 კილოგრამი ტვირთის აწევაც უჭირს...

- როგორ მოქმედებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ადამიანის ორგანიზმზე?

- ლაბორატორიული კვლევებით დაადგინეს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი იმუნიტეტს აქვეითებს, ორგანიზმში სხვა ტიპის ცვლილებები ამ დროს არ შეინიშნება. როდესაც ადამიანს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აწუხებს, პირველად თერაპევტთან მიდის. გამოკვლევის შემდეგ თერაპევტი მას ნევროპათოლოგთან გზავნის და არც ერთს ახსენდება, რომ დაავადების წარმოშობაში წამყვან როლს შესაძლოა ფსიქოლოგიური ფაქტორები ასრულებდეს.

- რას გვეტყოდით ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობის გზებსა და მეთოდებზე?

- კოგნიტურ-ქცევით თერაპიას შემთხვევათა 69%-ში დადებითი შედეგი მოაქვს. ამ დროს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ვარჯიშები ერთმანეთთან არის შერწყმული. თავიდან დატვირთვა მცირე დოზით უნდა დავიწყოთ. სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას შეიძლება უფრო მეტი უძლურება მოჰყვეს, ამიტომ თანდათანობით მზარდი დატვირთვაა საჭირო.

კოგნიტური თერაპიის დროს პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რა მოვლენაა ეს, დაავადების შესახებ მეტი უნდა იცოდეს და ფსიქოთერაპევტთან ერთად დასახოს სტრატეგია, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. კოგნიტური თერაპია ადამიანს საკუთარი თავის მართვას ასწავლის. მართალია, დაავადების სრული განკურნება იშვიათია, ამიტომაც ჰქვია ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მაგრამ თუ საქმეში კოგნიტურ თერაპიასაც ჩავრთავთ, განკურნების ალბათობა მატულობს. განმეორებითი სტრესისა და დაძაბულობის შემთხვევაში ეს სინდრომი ისევ განახლდება. სხვა დაავადებებთან ერთად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც გაახალგაზრდავდა: თუ ადრე მიიჩნევდნენ, რომ ეს დაავადება 40-50 წლის შემდეგ ვითარდებოდა და ბავშვებსა და მოზარდებში საერთოდ არ გვხვდებოდა, ახლა 30 წლის, ან უფრო მცირე ასაკის ადამიანებშიც გვხვდება, ზოგჯერ ბავშვებშიც კი. ბევრ 20 წლამდე ასაკის ადამიანს ვიცნობ, ვისაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აწუხებს.

ხათუნა ჩიგოგიძე