უსიამოვნებები, რომელიც სიცივის ბრალია - კვირის პალიტრა

უსიამოვნებები, რომელიც სიცივის ბრალია

ექიმი-ალერგოლოგისთვის მიმართვა ერთი ჩემი ახლობლის შემთხვევამ გადამაწყვეტინა, რომელსაც მოულოდნელად თვალები ისე დაუსივდა, რომ ლამის ვეღარც იხედებოდა. ყველაფერი ექიმმა-ალერგოლოგმა დაალაგა, - სიცივის ალერგია გახლავთო. თუმცა დასკვნაც ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა, - ყოველ ზამთარს დასიებული თვალებით სიარული ადვილი საქმე არ არის. ასე რომ, ამ თემაზე სასაუბროდ ექიმ-ალერგოლოგ ნათია ლომთაძეს მივმართეთ.

- მედიკოსები კარგა ხანს ყოყმანობდნენ ტერმინ "სიცივის ალერგიის" დამკვიდრებაზე და იმის აღიარებაზე, რომ სიცივის ალერგია არსებობს. რეალურად არ არსებობს რაიმე ალერგენი, რომელიც ალერგიას გამოიწვევს. არის ფიზიკური ფაქტორი - სიცივე, რომელიც პროვოცირებას უწევს იმუნურ რეაქციებს. და ვინაიდან სიცივე არ არის ალერგენი, შესაბამისად, ორგანიზმი მის მიმართ ანტისხეულებსაც არ გამოიმუშავებს. სწორედ ამის გამო ალერგიის ამ ფორმას ფსევდოალერგიასაც უწოდებენ. ასეა თუ ისე, სიცივეზე ორგანიზმის რეაქცია დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი.

- თუკი არ არის ალერგენი, რა მოქმედებს ორგანიზმზე?

- ფიქრობენ, რომ სიცივისას ორგანიზმი გამოიმუშავებს კრიოგლობულინებს, ცილებს, რომელსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა "ვერ ცნობს" და ებრძვის. სითბოში ცილები საწყის დონეს უბრუნდება და ალერგიაც ქრება. სამწუხაროდ, ნუსხა არც ისე მცირეა: სიცივით გამოწვეული დერმატიტი, რომელიც ვლინდება კანის ქავილითა და შეშუპებით, შესაძლოა, მთელ სხეულზეც; სიცივით გამოწვეული კონიუნქტივიტი - თვალების შეშუპება, წვა და ცრემლდენა სიცივეში მოხვედრისას; რინიტი - სურდო, ცხვირის გაჭედვა, რომელიც სითბოში გაივლის; თავის ტკივილი; სუნთქვის გაძნელება - სიცივეში განვითარებული ბრონქოსპაზმის გამო სასუნთქი გზები მკვეთრად ვიწროვდება და იწყება ხველა, რომელიც თბილ ოთახში დაბრუნებისთანავე გაივლის. ამას შეიძლება დავუმატოთ ჭინჭრის ციება, ჰერპესი, კანის მოყინვა, მეტეოროლოგიური ქიელიტი, ანუ ტუჩის ანთება. სხვათა შორის, სიცივისგან გამოწვეული ჭინჭრის ციება საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს და ექიმის დროული ჩარევა აუცილებელია.

- როგორ უნდა მივხვდეთ, ალერგია სიცივით არის გამოწვეული თუ ალერგენებით?

- მართლაც ძნელია სიცივის ალერგიის გამოცნობა, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ სიცივეში გასვლამ, არამედ ცივმა საწოლმაც გამოიწვიოს. ხშირად, მისი გამოცნობა ჭირს, მაგალითად, კონიუნქტივიტის შემთხვევაში, ადამიანი თვალის ქრონიკულ შეშუპებას და ცრემლდენას ხშირად ყველაფერს უკავშირებს, სიცივის გარდა; ხოლო იმის გამო, რომ ასეთ კონიუნქტივიტს კონიუნქტივიტის სამკურნალო ტრადიციული სამედიცინო საშუალებები ვერ ერევა, პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან სიარულს იწყებს. თუმცაღა, საბოლოოდ, როცა ალერგია დგინდება, მასთან ბრძოლის უამრავი საშუალებაც წარმატებით მოქმედებს. ამასთანავე, არსებობს სიცივის ალერგიის სპეციალური, სიცივითი სინჯი: ოთხი წუთის განმავლობაში ყინულის ნაჭერს წინამხრის (იდაყვიდან მაჯის სახსრამდე) არეში ვათავსებთ და კანის რეაქციას ვაკვირდებით. ალერგიის დროს კანი წითლდება და სპეციფიკური გამონაყარი უჩნდება. თუმცა, ეს სინჯი სიცივის ალერგიის ყველა შემთხვევაში როდია დადებითი.

როცა ექიმი და პაციენტი ერთობლივად სწორად შეებრძოლებიან სიცივის ალერგიას, თავისუფლად შეიძლება, მომდევნო ზამთარში სიცივის ალერგია ავიშოროთ. გარდა ამისა, არსებობს სიცივისაგან კანის დაცვის უამრავი თანამედროვე საშუალება, რომელიც შინიდან გასვლის წინ უნდა შევიზილოთ სახეზე და ბევრ უსიამოვნებასაც ავიშორებთ.

ეთერ ერაძე