გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება, - ეს მოსაზრება მცდარია
19-12-2016
გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება, - ეს მოსაზრება მცდარია
ვირუსებს ორგანიზმი თვითონ ებრძვის

- გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება, - ეს მოსაზრება მცდარია. გაცივება მოიცავს ზედა სასუნთქი გზების 200-მდე სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას. ამ ვირუსებს ძალიან მაღალი დასნებოვნების უნარი ანუ "კონტაგიოზურობა" ახასიათებს.

სექტემბრის დასაწყისში ინფექციების მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს: სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იწყება სწავლა, მოსახლეობა ბრუნდება შვებულებიდან, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იზრდება ხალხის რაოდენობა, რაც ინფექციის გავრცელების ხარისხს ზრდის. ამას სეზონის ცვლილებაც
ემთხვევა: ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ცივი და მშრალი ჰაერი აღიზიანებს ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვან გარსებს და იზრდება მათში ვირუსების შეღწევადობა.

როგორ ვრცელდება ვირუსები


"ჰაერ-წვეთოვანი" გზით: ცემინების, ხველების
და ლაპარაკის დროს ავადმყოფი ჰაერის ნაკადთან ერთად გარემოში გამოისვრის ვირუსებს, რომლებიც, შეიძლება, ახლომახლო მყოფ ადამიანებს ცხვირის, პირის ღრუს და თვალების ლორწოვანზე მოხვდეს. ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს ჰაერში შეტივტივებული ვირუსებიც.
დაავადებული ადამიანის ხელიდან ვირუსები ხშირად ხვდება საერთო მოხმარების საგნებზე: კარების, ონკანების სახელურები, ტელეფონი და სხვა; აქედან კი ჯერ ჯანმრთელი ადამიანის ხელზე, შემდეგ კი პირის, ცხვირის ან თვალის ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს.
"სურდო: ცხვირით სუნთქვის გაძნელება-გაჭედვა". გამონადენი და ცემინება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების და მის მიერ სითხის გამოყოფის შედეგია, რაც ლორწოვანში ჩაბუდებული ვირუსების გამოსადევნადაა მიმართული;

ყელის ტკივილი, "ჩახეხილი ყელი", ხველა, ცრემლდენა, თვალების წვა - ხახის, ხორხის, თვალის ლორწოვანი გარსების პასუხია ვირუსით ინფიცირებაზე და ვითარდება ანთების, შეშუპების და ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის შედეგად.
ცხელება ანუ "სიცხე": თუ ვირუსმა ორგანიზმში ღრმად შეაღწია, იმუნური სისტემა ძალიან აქტიურდება ვირუსების გასანადგურებლად, რაც სხეულის ტემპერატურის მატებით, ანუ "ცხელებით" გამოიხატება. ორგანიზმის ამ ბუნებრივ რეაქციას ხელი გაუმართლებლად და უხეშად არ უნდა შევუშალოთ.
ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა, ზოგჯერ ღებინება, ოფლიანობა, კუნთების და სახსრების ტკივილი.
გაცივების სიმპტომები 2-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შემთხვევათა 2/3-ში დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა. თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სავარაუდოა სხვა, ბაქტერიული ინფექციის ზედდება ან ეს შეიძლება სეზონური, ალერგიული სურდოს გამოვლინება იყოს.
ვირუსებს ორგანიზმი თვითონ ებრძვის, ჩვენ მას ამ ბრძოლაში ხელი უნდა შევუწყოთ. უპირველესად საჭიროა ორგანიზმის ბრძოლის უნარის ამაღლება, სასურველია სიმშვიდე, წოლა და საკმარისი ძილი - დღე-ღამეში 8-10 საათი მაინც.
ეცადეთ, არ "მოაცდინოთ" ვირუსთან ბრძოლით დაკავებული ორგანიზმი ზედმეტი წამლების და საკვების მონელებით. ნუ დააძალებთ ჭამას, მიეცით მხოლოდ აუცილებელი საკვები, ძირითადად ცილოვანი და ნახშირწყლოვანი პროდუქტი: რძის ნაწარმი, ბულიონი, ხილი, ბოსტნეული და სხვა. ამ დროს მადის დაკარგვა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.
აუცილებელია ბლომად თბილი სითხის მიღება - 1-3 ლიტრი დღეში ასაკის, წონის და ფონური ჯანმრთელობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ საჭიროა მაღალი სიცხის და ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის შევსება. გარდა ამისა, შარდვის გაძლიერება ორგანიზმს ვირუსის "ნამოქმედარის" შედეგად დაგროვებული შხამების გამოტანაში ეხმარება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული "ალტერნატიული" სამკურნალო საშუალებები: ნივრის შემცველი აბები, ნივრის წვენი როგორც დასალევად, ისე ცხვირში ჩასაწვეთებლად.
C ვიტამინი და მისი შემცველი პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული. C ვიტამინის დიდი დოზებით და დიდხანს მიღება არაა გამართლებული, საკმარისია შევასრულოთ დღიური ნორმა: 600-800 მგ/დღეში.

რით შევამსუბუქოთ გაცივების სიმპტომები?

სურდოს, ცემინების, ცრემლდენის, ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება როგორც წამლები, ისე სხვა საშუალებები:

ცხვირის გამორეცხვა თბილი სოდიანი ან მარილიანი ხსნარით იაფი, უვნებელი და ეფექტური მეთოდია მოზრდილთათვის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ცხვირს არასწორად იხოცავს. არ შეიძლება ორივე ნესტოს ერთდროულად მოხოცვა, რადგან ცხვირის ღრუში განვითარებული მაღალი წნევის შედეგად ინფექცია შეიძლება ცხვირის დანამატ წიაღებში გავრცელდეს. ეს საშიშროება ბავშვებში უფრო მეტია, რადგან მათი ცხვირხახის ყურთან, ჰაიმორის და შუბლის წიაღებთან დამაკავშირებელი ხვრელები ფართოა. ადრეული ასაკის ბავშვებს ცხვირში შეიძლება ხილის (ვაშლის, სტაფილოს) წვენები, სოდიანი და მარილიანი ხსნარი ჩავაწვეთოთ.

ინჰალაცია და ყელში თბილი სავლები: შეიძლება გამოვიყენოთ გვირილის, შალფეის, ევკალიპტის ნაყენი, სოდიანი ხსნარი;

ცრემლდენისა და თვალის ლორწოვანის გაღიზიანებისას შეიძლება ქუთუთოები ჩაის სუსტი ნაყენით დასველებული სუფთა დოლბანდით გარეთა კუთხიდან შიგნითკენ გაიწმინდოთ.

"გაცივების სამკურნალო" პრეპარატებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია:

ცხვირის წვეთები: დღეს აფთიაქებში, მეტ-ნაკლებად ეფექტური, უამრავი დასახელების წვეთები იყიდება. თქვენთვის საჭირო პრეპარატი, უმჯობესია, ექიმის დახმარებით შეირჩიოთ. ცხვირის წვეთები ფრთხილად, შეზღუდულად უნდა იხმაროთ, რადგან ცხვირის ლორწოვანის ზედმეტი გამოშრობა ხელს უწყობს მისი სხვა ვირუსებით და ბაქტერიებით დაინფიცირებას.

ლორწოვანი გარსის შეშუპების შემამცირებელი პრეპარატები, ე.წ. "დეკონგესცანტები": მაგალითად ფსევდოეფედრინი.

ანტიალერგიული პრეპარატები, ე.წ. "ანტიჰისტამინურები": მაგალითად სუპრასტინი, ტავეგილი და სხვა.

სიცხის დამწევად და ტკივილ-გამაყუჩებლად ფართოდ იყენებენ პარაცეტამოლის და ასპირინის შემცველ პრეპარატებს, საბავშვო არომატიზირებული სიროფების, აბების თუ სანთლების სახით. თუმცა, მათი შეუზღუდავი მიღება არც თუ უსაფრთხოა (ამის შესახებ იხილეთ ქვემოთ).

რა მოვუხერხოთ ხველას?

ხველა შეიძლება დაავადების სიმპტომთაგან ყველაზე დიდხანს გაგრძელდეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ის უხშირესად ზედა სასუნთქი გზების: ხახის, სასულეს (ტრაქეა), გაღიზიანების ნიშანია და არა ბრონქიტის ან ფილტვების ანთების.

დიდი რაოდენობით თბილი სითხე და ინჰალაცია ევკალიპტის, სოდიანი და სხვა ხსნარებით ამსუბუქებს ხველას.

თუ ხველა მშრალია, შეიძლება მივიღოთ ხველის დამთრგუნველი წამლები. თუ ავადმყოფს ნახველი აქვს, შეიძლება მცენარეული ამოსახველებლებიც მივცეთ: ალთეს ნაყენი, მუკალტინი.

შესაძლებელია გამოვიყენოთ ადგილობრივი მცენარეული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პიტნიანი, ევკალიპტიანი და სხვა), რომლებიც საწუწნი აბების, დრაჟეების და აეროზოლების სახით იყიდება.

აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია გართულებების: ბრონქიტისა და პნევმონიის გამოსარიცხად.

მშობლებო, გახსოვდეთ!

დავწიოთ თუ არა სიცხე?

"სიცხე" ანუ "ცხელება" არის ორგანიზმის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულება. სიცხე ნიშნავს სხეულის ტემპერატურის 37°C-ს ზემოთ აწევას. ორგანიზმი ტემპერატურის მატებით ვირუსებს სიცოცხლისა და გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემოს უქმნის. ჩვეულებრივ, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სიცხე თავისით იწევს დაბლა, ნორმამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია და იწყება გამოჯანმრთელება.

ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი, ჩვეულებრივ, კარგად იტანს ცხელებას 39°C-მდე. მისი "იძულებით" ჩამოწევა სიცხის დამწევი წამლებით არ ნიშნავს მკურნალობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნუ ჩამოართმევთ ორგანიზმს "ბრძოლის იარაღს". თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკულად მოავადე დასუსტებულ ადამიანებს მაღალი ცხელების ფონზე შეიძლება განუვითარდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანების ნიშნები, მაგალითად: თავის ძლიერი ტკივილი, აგზნება, კრუნჩხვა და ა.შ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის გადაუდებელი ჩარევა და მის მიერ ხდება ტემპერატურის დასაწევი სამკურნალო ღონისძიებების შერჩევა. 39°C-ზე და ზევით ცხელების შემთხვევაში, ტემპერატურის დაწევის მიზნით და შინაგანი ორგანოების გადახურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია გამოვიყენოთ გრილი სველი საფენები თავის, კიდურების, ჭიპის ირგვლივ არეში. ძალიან მაღალი ცხელების შემთხვევაში შეიძლება ბავშვი მთლიანად შევახვიოთ სველ ცივ ზეწარში. ან პირსახოცში.

სიცხის დამწევი მედიკამენტებიდან ყველაზე მიღებულია პარაცეტამოლის შემცველი ტაბლეტები, სიროფები და ფხვნილები.

ექიმის დანიშნულების გარეშე 16 წლამდე ბავშვებს არ მისცეთ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავას) შემცველი წამლები. დადგენილია, რომ ვირუსული დაავადების ფონზე ისინი ზრდის ზოგიერთი იშვიათი, თუმცა საშიში დაავადების რისკს. ასეთია, მაგალითად, ეგრეთ წოდებული "რეიეს სინდრომი", რაც თავის ტვინის, ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს. გარდა ამისა ამ მედიკამენტებს თავისთავად შეუძლია დააზიანოს ინფექციით ისედაც შეწუხებული თირკმელები, ღვიძლი და გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. (არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ცხელების ფონზე ასპირინის მიღებისას შეიძლება გულყრა ან კრუნჩხვა განვითარდეს).

რაც შეეხება ანალგინს, საყურადღებოა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ის დიდი ხანია საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან ორგანიზმზე მისი მავნე გავლენის გამო.

რით შეიძლება გართულდეს "გაცივება":

თუ მწვავე რესპირატორული დაავადება 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და მით უმეტეს, თუ მას სხვა ჩივილებიც დაემატა, საეჭვოა, რომ განვითარდა სასუნთქი სისტემის ბაქტერიული ინფექცია და ჩამოყალიბდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გართულება:

ცხვირის დანამატი წიაღების ანთება: ფრონტიტი, ჰაიმორიტი. ახსიათებს ტკივილი შუბლის არეში და უხვი მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან. ავადმყოფი საჭიროებს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაციას.

ყურის ანთება, ანუ ოტიტი. განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ახასიათებს ყურის ტკივილი, ცხელება, ხანდახან ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ასევე აქაც საჭიროა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია.

მწვავე ბრონქიტი, ანუ ჰაერგამტარი გზების - ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება; ახასიათებს ნახველიანი ხველა, ცხელება (სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივ, 38-38,5°C-ს არ აღემატება), ოფლიანობა, სისუსტე. დიაგნოზს სვამს და მკურნალობას ნიშნავს ექიმი ფილტვების მოსმენის, სისხლის ანალიზის საფუძველზე.

მწვავე პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება: ახასიათებს მაღალი ცხელება (როგორც წესი, 38°C-ზე მეტი), ხველა ნახველით, ძლიერი საერთო სისუსტე, ოფლიანობა, უმადობა... დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. მკურნალობაში აუცილებლად ერთვება ერთი ან მეტი ანტიბიოტიკი. საჭირო გამოკვლევებს შორის ინიშნება ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ორიოდე სიტყვა "უსიცხო ფილტვების ანთების" შესახებ:

ეს "ტერმინი" ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და შეცდომაა. ფილტვების ანთება უსიცხოდ იშვიათად მიმდინარეობს და ისიც მძიმე ქრონიკული დაავადებებით დაუძლურებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში. თავისთავად ტერმინი არაფერს დააშავებდა, რომ არა მისგან გამომდინარე არასწორი მკურნალობა. ამ მცნების ქვეშ, როგორც წესი, სხვა დაავადებები იმალება, რაც პაციენტისადმი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუ ამ ტერმინს კიდევ სიტყვა "ორმხრივიც" დაემატა ავადმყოფი კარგადაა გამოსაკვლევი, რათა არ გაგვეპაროს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გულის უკმარისობა და სხვა.

შესაძლებელია თუ არა მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა?

დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: არასოდეს შეეხოთ დაუბანელი ხელით პირის, ცხვირის და თვალების ლორწოვან გარსს. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებრივი ადგილების საერთო მოხმარების საგნები: კარის, ონკანის სახელურები, ტელეფონის ყურმილი, ფული, ვირუსული ინფექციების პოტენციური გადამტანია.

ისუნთქეთ ცხვირით. ცხვირში ჰაერი თბება, ტენიანდება და სუფთავდება მტვრისა და მიკრობებისაგან. პირით სუნთქვისას კი სასუნთქ გზებში ადვილად ხვდება ინფექცია. თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და დროულად იმკურნალეთ.

ეცადეთ ფეხები თბილად და მშრალად გქონდეთ. ფეხის სიცივე ვირუსულ დაავადებას, რა თქმა უნდა, არ იწვევს, მაგრამ შეიძლება დააქვეითოს დაავადებისადმი წინააღმდეგობის უნარი.

თუ ოჯახის წევრი ავადაა, ეცადეთ შეუქმნათ იზოლირებული გარემო: ცალკე ოთახი, ინდივიდუალური ჭურჭელი და ტუალეტის ნივთები: პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვა. მოარიდეთ მას ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ბავშვები. მასთან ოთახში შესვლისას გაიკეთეთ ნიღაბი.

ეცადეთ ცივ სეზონში თქვენი ბინა გაათბოთ თანაბრად, ხშირად გაანიავოთ და ჰაერი არ გამოაშროთ, რადგან გამომშრალ ლორწოვან გარსებში ინფექცია ადვილად აღწევს. სასურველია იხმაროთ დამტენიანებელი გამათბობლები და კონდიციონერები. შეიძლება ჩვეულებრივ გამათბობელთან ახლოს დადგათ თავღია წყლიანი ჭურჭელი.

ვირუსების მაღალი აქტივობის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ ნიორი, ხახვი, ალტერნატიული მედიკამენტები: ექინაცეას, ცინკის შემცველი პრეპარატები, - ექიმთან შეთანხმებით.

გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი: ბევრი იმოძრავეთ, იკვებეთ რაციონალურად, ნუ მოსწევთ თამბაქოს, მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლს, ჭარბ წონას.

გრიპის პროფილაქტიკის თანამედროვე ეფექტური ღონისძიებაა აცრა. ის ტარდება ეპიდემიის საშიშროების დროს, მკაცრად ექიმის დანიშნულებით და მისივე მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: "ქვეყანაში საკმაოდ არის მედიკამენტების მარაგი. თუ შეატყობთ, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში და მიიღოთ მედიკამენტები. თუ ამას არ ექნა შედეგი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატის მიღება. განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც დაბალი იმუნური სისტემა აქვს. მოვუწოდებ მშობლებს, რომ სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან სკოლაში".

ნანა ჩარკვიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით