როგორ ეხამება ერთმანეთს ახალი წლის დღესასწაული და ჯანმრთელობა?
26-12-2016
როგორ ეხამება ერთმანეთს ახალი წლის დღესასწაული და ჯანმრთელობა?
ქართული საახალწლო სუფრა კერძების სიუხვით, მრავალფეროვნებით და სილამაზით გამოირჩევა, რაც საზეიმო განწყობას ახალისებს; თუმცა ექიმები შეგვახსენებენ, რომ ყოველივე ეს - ალკოჰოლი, მაღალკალორიული ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. როგორ ეხამება ერთმანეთს ახალი წლის დღესასწაული და ჯანმრთელობა?

ბევრს სადღესასწაულო კერძების მირთმევის შემდეგ, უმწვავდება ქრონიკული დაავადებები, თავს იჩენს ორგანიზმში მიმდინარე ფარული პროცესები. ხშირდება პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, შაქრიანი დიაბეტის გამწვავება. როგორც ენდოკრინოლოგები ამბობენ, სწორედ ახალი წლის დღეებში იმატებს ინფარქტისა
და ინსულტის რიცხვიც. თუ გსურთ, დაეხმაროთ ახალი წლის დღეებში საკუთარ ორგანიზმს, თავი დაიზღვიოთ დაავადებების გართულებისგან, აუცილებლად გაითვალისწინეთ სუფრის წესები, რაც უსაფრთხო და ჯანმრთელი საახალწლო განწყობის გარანტიაა.

კუჭი რომ არ გადაიტვირთოს


არ არის აუცილებელი, ყველა კერძი დააგემოვნოთ. თუ გადააჭარბეთ იმ რაოდენობის საკვების მიღებას, რაც წესით დღე-ღამის
განმავლობაში უნდა მიირთვათ, არ აქვს მნიშვნელობა, ცხიმიანი საკვები იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ შემწვარ-მოხრაკული, ეს გამოიწვევს ცხიმოვანი, ლიპიდური ცვლის დარღვევას, რასაც მოჰყვება საერთო ქოლესტერინის, კერძოდ, ტრიგლიცერიდების დონის მატება სისხლში. ლიპიდური ცვლის დარღვევა კი იწვევს სისხლძარღვოვან გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მატებას და ინფარქტისა და ინსულტის დიდ რისკს.

ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს


ნუ მიიღებს დიდი რაოდენობით გოზინაყს, შოკოლადს ან ჩურჩხელას. ეს ტკბილეული მათ ეკრძალებათ - ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ. ამ დროს ხშირია პრეკომატოზული და კომატოზური მდგომარეობები. ეს კი გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც იწვევს წყურვილის შეგრძნებას, შარდვის გახშირებას, კანის სიმშრალესა და შესაძლოა, გონების დაბინდვასაც.

ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს


ნიგვზიანი კერძები, ტკბილეული და ცომეული მძიმე მოსანელებელია. ამიტომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს, სასურველია, მიირთვას მოხარშული ხორცი, თევზეული, მცენარეული ზეთით შეკაზმული სალათები. ასევე, ამ დაავადებების მქონენი უნდა ერიდონ ცხარე, მჟავე, მწარე, მაიონეზიან და ტომატიან კერძებს. თუ გადაიტვირთეთ კუჭი, აუცილებლად მიხედეთ ორგანიზმს - მთელი დღის განმავლობაში ჭამეთ 1 კგ ხილი, 500 გ ხაჭო ან მოხარშული ხორცი, სვით უშაქრო ჩაი, 2 ლ მინერალური და ონკანის წყალი. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ამას აუცილებლად უნდა დააყოლოთ ერთი აბი პოლივიტამინი.

თუ სასმელი მეტი მოგივიდათ


ზომიერად სასმელის მიღება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა მსმელს ემართება ნაბახუსევი და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ გამოვიდნენ ამ უხერხული სიტუაციიდან. უმრავლესობა იყენებს ლუდს ან არაყს, ზოგი მინერალური წყლით, კიტრის მწნილის წვენით ან ცხელი ხაშით ახერხებს ამას, ზოგი კი სამედიცინო პრეპარატებით.

დაიმახსოვრეთ! - არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს ისევ თვრებით. ეცადეთ, ნაკლები იმოძრაოთ, დაიძინოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო მკურნალია.

როგორ დავაღწიოთ თავი ნაბახუსევს


კიტრის მწნილის წვენი სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს ხელს უწყობს წყლისა და მარილების დისბალანსის მოწესრიგებას, ცხელ თათარიახნს, ხაშს, მჟაუნისა და მაწვნის სუპებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებასა და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობის თანაფარდობა. საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.

რძისა და მაწვნის სიკეთე ბევრს გამოუცდია. მათი შემცველი ცილები ანეიტრალებენ ორგანიზმში დაგროვილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.
ნაბახუსევზე არ მიიღოთ მაგარი ჩაი და ყავა, რადგანაც იგი გულისცემას აჩქარებს და შესაძლოა, სავალალო შედეგით დამთავრდეს. ასევე უკუეფექტი მოაქვს ცხელი გოგირდის აბანოს და საუნას, რადგან ნაბახუსევზე ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.

ნაბახუსევის სინდრომი


დიდი რაოდენობით ღვინის, შამპანურის, არყის, ვისკის, პორტვეინის ან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდგომი გართულებების მიზეზი ალკოჰოლია. ადამიანს შესწევს უნარი, ალკოჰოლისაგან მალე განთავისუფლდეს, მაგრამ თუ სისხლში დიდი რაოდენობით მოხვდა, უჭირს მასთან ბრძოლა.
ერთიანი რეცეპტი ნაბახუსევის დასაძლევად, ძნელი შესარჩევია. ის, ვინც არაყს ეტანება, უფრო ადვილად იტანს ნაბახუსევის სინდრომს, ვიდრე ბურბონ ვისკის მოყვარული.
დილით ენის სიმშრალე და წყურვილი ნაბახუსევის პირველი ნიშანია. ალკოჰოლი ძლიერი შარდმდენია, ამიტომ თუ დალევთ ერთ ლიტრ ღვინოს, დაკარგავთ ორ ლიტრ სითხეს.

გაზიანი სასმელები უფრო სწრაფად აღწევს სისხლში, ამიტომ შამპანური უფრო ადრე ათრობს, ვიდრე ღვინო. არ არის სასურველი ღვინის და არყის, ლუდისა და შამპანურის, პორტვეინისა და ვისკის არევა.
დილით, გაახელთ თუ არა თვალებს, ეცადეთ, დალიოთ წყალი, რომ აღიდგინოთ წინა დღეს დაკარგული სითხის რაოდენობა. კარგია აგრეთვე ბანანი, წყალში ხსნადი ჩ ვიტამინი, სუფთა ჰაერზე გასეირნება.

დაუშვებელია დილით უზმოდ ყავის, ალკოჰოლური სასმელების, ლუდის მიღება, რადგან ძილსაც დაგიფრთხობთ და არც ნაბახუსევს მოგიხსნით.
გაითვალისწინეთ, მუქი ფერის ალკოჰოლური სასმელები (წითელი ღვინო, ბრენდი, ვისკი) მეტ მავნე პროდუქტს შეიცავს, ვიდრე ღია ფერის (თეთრი ღვინო, არაყი, ჯინი).
სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს ნაბახუსევიდან გამოსვლის საკუთარი მეთოდი აქვთ შემუშავებული. ჩვენში "ქართული ეროვნული რეცეპტი" - ხაშია, რუსეთში - კიტრის მწნილის წვენი, რომის იმპერიაში თურმე ნაბახუსევის "წამალი" იყო ლოკოკინა, გაჭყლეტდნენ საწყალ ლოკოკინას, მის წვენს შუბლზე წაისვამდნენ - თავის ტკივილს მყისიერად აჩერებსო; თანამედროვე იტალიელები ნაბახუსევის სამკურნალოდ ყავას ამჯობინებენ, გერმანელები ბოსტნეულით შეკაზმულ დამარილებულ ქაშაყს მიირთმევენ, თურქები - მწვანე და წითელი წიწაკით, პომიდვრით და პილპილით შენელებულ შამფურზე შემწვარ ცხვრის გულ-ღვიძლს, ამერიკელების ნაბახუსევის წამალი ტომატის წვენია", რომელსაც უმატებენ უმ კვერცხს, ტობასკოს სოუსს, მარილს და წიწაკას, ჩინელები მაგარ მწვანე ჩაის უმატებენ სხვადასხვა ბალახს, იაპონელების ნაბახუსევის მკურნალი დაკონსერვებული ქლიავია მწვანე ჩაისთან ერთად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით