საშიში სინუსიტი - სურდოს კონტროლი აუცილებელია!
09-01-2017
საშიში სინუსიტი - სურდოს კონტროლი აუცილებელია!
რაც უფრო მყარია ადამიანის იმუნური სისტემა, მით ნაკლებად ეძლევა სინუსიტის განვითარებას შანსი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ უწყინარი სურდო ზოგჯერ დიდ პრობლემად იქცევა, - უყურადღებობისა და უკონტროლობის შემთხვევაში სურდოს ფონზე ხშირად ვითარდება ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება, ანუ სინუსიტი, რომელიც ექიმის ჩარევას სასწრაფოდ მოითხოვს, - სინუსიტის იგნორირებას კი, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ამ თემის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი ნანა კვირაია გვესაუბრება.

- რა არის სინუსიტი?

- ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების
ინფექციურ-ანთებითი პროცესი. სინუსების ოთხი წყვილი ლორწოვანი ღრუ ცხვირის ირგვლივ არის განლაგებული, როცა ადამიანი ჯანმრთელია, ეს ღრუები მცირე ლორწოს გამოყოფენ, ხოლო ანთებისას - ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი იწყებს დენას. პროცესი კი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული (ეს უკანასკნელი არასრულად ნამკურნალები სინუსიტისაგან ვითარდება). იმის მიხედვით, ცხვირის გარშემო რომელი
ღრუს ანთებაა განვითარებული, განასხვავებენ ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება; ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთება; ეთმოიდიტს -ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთება; სფენოიდიტს - ძირითადი ძვლის წიაღის ანთება. ანთებებისას ჩირქოვანი ექსუდატი ღრუების კედელს აწვება და სწორედ ამას ახლავს ტკივილი.

- მაგრამ სურდოსაგან ყოველთვის სინუსიტი როდი ვითარდება, საინტერესოა, რა იწვევს მის განვითარებას?

- საშუალო-სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, სურდო სინუსიტით ასიდან 5 შემთხვევაში რთულდება - სინუსიტის განვითარებას იწვევს ცხვირის ღრუში მოხვედრილი ვირუსი ან ბაქტერია. თუმცა, რაც უფრო მყარია ადამიანის იმუნური სისტემა, მით ნაკლებად ეძლევა სინუსიტის განვითარებას შანსი. ასევე, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ანატომიურ ფაქტორსაც: ადენოიდებს, პოლიპებს, ცხვირის ძგიდის დეფორმაციას.

- როგორ უნდა დადგინდეს, ადამიანს სინუსიტს აქვს თუ არა?

- უპირველესად, სინუსიტზე ეჭვის მიტანა თვით პაციენტის დაკვირვებულობითაც შეიძლება - როცა ცხვირიდან ყვითელი, ჩირქოვანი გამონადენი ერთ კვირაზე მეტს გრძელდება, უსათუოდ უნდა მივიდეთ ექიმთანს. ექიმისთვის კი პაციენტის ანამნეზის მოსმენა და ცხვირში ჩახედვაც საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში სინუსიტის დიაგნოსტიკისთვის ტარდება ჩვეულებრივი რენტგენოგრაფია. დროული და სწორი მკურნალობისას მწვავე სინუსიტი განიკურნება. დაგვიანებული მკურნალობისას კი სინუსიტი ხშირად გართულებებს იწვევს. ეს რომ არ მოხდეს, პაციენტმა თავადვე უნდა შეუწყოს ხელი - თუ ცხვირის ღრუებში წარმოქმნილი სითხე გარეთ არ გამოიდევნა და ჰაერის სრულყოფილი ცირკულაცია არ მოხერხდა, ძალიან დიდი რისკია, რომ მწვავე სინუსიტი ქრონიკულში გადაიზარდოს. სინუსიტის მკურნალობა, უწინარესად, ცხვირიდან ჩირქოვანი ექსუდატის გამოდევნას გულისხმობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვირის მოხოცვა ორივე ნესტოდან ერთდროულად არ შეიძლება - ამან შეიძლება გამოიწვის ექსუდატის ყურებში გადასვლა. ცხვირი უნდა მოვიხოცოთ ჯერ ერთ ნესტოზე ხელის მიჭერით, მერე მეორეზე. და კიდევ ერთი: საქართველოში სურდოს დროს სუნთქვის შესამსუბუქებლად ხშირად მოვიხმართ სისხლძარღვთა შემავიწროებელ წვეთებს; მართალია, მათი გამოყენება მწვავე სურდოს დროს აუცილებელია, რადგან ხელს უწყობს დანამატი წიაღების დრენირებასა და აერაციას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული დოზირებით და ხანგრძლივობით, ანუ 5-7 დღე. ამაზე მეტხანს გამოყენებას კი შესაძლოა, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია მოჰყვეს. ცხვირის ღრუს გათავისუფლებისთვის შესაძლოა ხანგრძლივად უსაფრთხოდ გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სინუსიტს?

- ძალიან მძიმე. მაგალითად, ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის შემთხვევაში აღინიშნება თვალბუდის ირგვლივი გართულება თვალის წინ წამოწევით, თვალბუდისა და ლოყის მიდამოს შეშუპებით, ძლიერი ტკივილით. ხშირია ქალასშიგა გართულება: აბსცესი, მენინგიტი, მაგისტრალური ვენების თრომბოზი. გართულების შემთხვევაში კი აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.

ეთერ ერაძე
მერაბი
27 მარტი 2017 22:01
დავით სუხიაშვილი მუშაობს ქევანიშვილში მაგარი სპეციალისტია მისასვლელი ვარ ვერ მივდივარ!

რედაქტორის რჩევით