"თებერვლის მეორე ნახევარში გრიპიანობა მოიმატებს" - კვირის პალიტრა

"თებერვლის მეორე ნახევარში გრიპიანობა მოიმატებს"

- რომ აგეცრა, ამ დღეში არ ჩავარდებოდი, - მირჩევს მეგობარი, მეორე კი მაშინებს, -"რას ამბობ, არ აიცრა, თურმე გრიპის ვაქცინა დიაბეტს იწვევს, ასობით ადამიანი დაავადებულაო." ის, ვინც აცრას მირჩევს, ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები სამი წელია, ყოველ შემოდგომას იცრიან და გრიპი არ დამართნიათ, ვინც ასობით დაავადებული ადამიანის ამბით მაფრთხობს, საკუთარი თვალით ერთი პაციენტიც არ უნახავს, სხვისი ნათქვამით მარწმუნებს, რომ გრიპის ვაქცინა თურმე ვნებს და ამიტომაც მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში ავრცელებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვაქცინის გაკეთების შედეგად დიაბეტით დაავადებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს - მსგავსი ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებისთვის არავის მოუმართავსო.

სპეციალისტების განცხადებით, გრიპის ვაქცინაციის შემთხვევაში შესაძლოა, მილიონიდან მხოლოდ ხუთ პაციენტს დაუფიქსირდეს ალერგიული გამწვავება, რომელიც მალევე ქრება და ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს, მეტიც, დაცულია გრიპისგან.

როგორი ეფექტი აქვს ვაქცინას? ამ და ზოგადად გრიპის თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს მივმართეთ.

პაატა იმნაძე: - თითქმის ხუთი წელია, სახელმწიფო მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს უფასოდ უკეთებს გრიპის ვაქცინას. წელს 20 000 ადამიანი ავცერით. მათ შორის იყვნენ ექიმები, დიაბეტიანი ბავშვები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, შიდსის და ჩ ჰეპატიტის ვირუსების მატარებლები. დანარჩენ მოქალაქეებს შეუძლიათ მიბრძანდნენ აფთიაქში, შეიძინონ ვაქცინა და იქვე გაიკეთონ. აფთიაქში შესაბამისი კომპეტენციის პირი დაგეხმარებათ.

ვაქცინა უნდა გაკეთდეს შემოდგომის დასაწყისში და არა გრიპის დაწყებისას. ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული გვქონდა აცრები. როგორია შედეგი? 70% გარანტია გექნებათ, რომ გრიპი არ შეგხვდებათ და თუ შეგხვდათ, მაქსიმალურად მოკლე დროში იოლად დაძლევთ მას.

- ამ ეტაპზე ვაქცინა გრიპის რომელი სახეობებისთვის არის განკუთვნილი?

- საქართველოში ძირითადად სამი ვირუსი აქტიურობს, H1, H3 და H2. ვაქცინა სამივეს საწინააღმდეგო შემადგენლობის არის, მაგრამ საჭიროა დროული აცრა და მთელი წელი დაცული იქნებიYთ. მწარმოებლები ვაქცინის დამზადებას ზაფხულის ბოლოდან იწყებენ, რადგან იმ დროს ადგენენ, სეზონზე ვირუსის რომელი ვარიანტი იქნება წამყვანი. პროცესში ჩართულია ჩვენი ლაბორატორიაც და საქართველოში გამოყოფილი ვირუსები მკვლევარებს ეგზავნებათ ინგლისსა და ამერიკაში.

- ამბობენ, რომ ვაქცინა სხვადასხვა ხარისხის არის, ძლიერი და შედარებით სუსტი.

- ეს აბსურდია. დაბალი განვითარების ქვეყნებში, ძირითადად იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, ავრცელებენ ხმებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში დამზადებული ვაქცინები თითქოს მუსლიმანების გამრავლების ხელისშემშლელ ნივთიერებას შეიცავს და ამიტომ არ უნდა გაიკეთონ.

XIX საუკუნეში, როდესაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონეს, ერთ-ერთი ინგლისური გაზეთი წერდა, - ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს, რქები ამოუვაო. დაახლოებით ისეთი პანიკა იყო, ახლა რომ ჩვენთან ელექტრონულ პირადობის მოწმობაზეა ატეხილი. ვფიქრობ, ჩვენ არც XIX საუკუნეში ვართ და განვითარებითაც არ ვართ ისეთ საფეხურზე, რომ ვერ გავარჩიოთ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის რა სჯობს და რა - არა. მერწმუნეთ, საქართველოში შემოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან რეკომენდირებული ვაქცინა, რომლის ხარისხში ეჭვის შეტანა არც ღირს. გაუგებარია, ვინ ავრცელებს ხმებს, რომ ვაქცინა თითქოს დიაბეტს აჩენს. პირიქით, დიაბეტიანი ბავშვებისთვის ეს ვაქცინა გრიპისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ დროისთვის გრიპის სიმპტომების მქონე პაციენტები რამდენად ხშირად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს?

- ამბულატორიულ დაწესებულებებში შარშანდელსა და შარშანწინდელზე უფრო დაბალი მიმართვაა. საავადმყოფოებში ჯერ კიდევ რჩება მაღალი დონე, მაგრამ არა საგანგაშო. თუმცა, თებერვლის მეორე ნახევარში გრიპიანობა მოიმატებს. ალბათ აქტიური იქნება ისევ H3 ვირუსი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიხადა. ჯერ არ გამოჩენილა შედარებით ახალი H1.

საქმე ისაა, რომ ეს ძველი ვირუსები ყოველწლიურად განიცდიან მცირედ მუტაციას და განახლებული სახით გვევლინებიან. ამას ითვალისწინებენ ვაქცინის დამზადებისას, ამიტომაც მას ყოველწლიურად ახალ-ახალი შემადგენლობით ამზადებენ.

ეკა ლომიძე