ალკოჰოლთან­ სიფრთხილე გვმართებს! - კვირის პალიტრა

ალკოჰოლთან­ სიფრთხილე გვმართებს!

საქართველოში (მხოლოდ ოჯახში) წელიწადში 40 548 ტონა ღვინო და 2 227 ტონა არაყი ისმება

ცნობილია, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და შესაბამისად, ღვინო სასმელების რეიტინგში პირველ ადგილზეა, მეორეზეა არაყი, დანარჩენი ალკოჰოლური სასმელები კი მესამე ადგილს თანაბრად ინაწილებს.

დეტალური სტატისტიკით რომ არ დაგღალოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ წელიწადში საქართველოში 40 548 ტონა ღვინო და 2 227 ტონა არაყი ისმება, თუმცა, ეს ციფრები მხოლოდ ოჯახში მოხმარებულ ღვინოსა და არაყს მოიცავს (არ იგულისხმება რესტორნები, ბარები და ა.შ.). ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვთხოვე, მოეთხრო, რამდენად მაღალია საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი და რა რაოდენობის მიღება მიიჩნევა ნორმად.

- ალკოჰოლის მიღებაზე საუბრისას რა თქმა უნდა, იგულისხმება სადღესასწაულო დღეებში მოხმარებული სასმელი, თუმცა, ამ წესს საქართველოში არავინ იცავს, რაც სტატისტიკაზეც აისახება და, შესაბამისად, იზრდება ექიმთან მიმართვის სტატისტიკური მონაცემებიც.

- როგორ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ?

- ძალიან რთული კითხვაა, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, როდესაც იანვრის ბოლომდე ახალი წელია. ნათქვამია, "ყველაფერი სამკურნალოა და თან საწამლავი, მთავარია, ვიცოდეთ დოზა". ზომიერება ნებისმიერ საკითხში აუცილებელია. ალკოჰოლთან სიფრთხილე გვმართებს, რადგან თრობის გარდა ინტოქსიკაციასაც იწვევს. რაც შეეხება დოზას, სასმელს გააჩნია. მაგალითად, მძიმე სასმელები ვისკი და კონიაკი, წონასთან შესაბამისად განისაზღვრება - კილოგრამზე - გრამი.

- ხშირად გამიგონია - თავს ვინახავ ახალ წლამდეო. ახალი წლის დადგომისთანავე საკვებისა და ალკოჰოლის მიღების რეჟიმი მკვეთრად იცვლება. რა ემართება ასეთ დროს ნადიეტარ ორგანიზმს?

- დიეტა სწორი, ბალანსირებული, ჯანსაღი კვებაა. რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს ნადიეტარ კი არა, ნაშიმშილარ ორგანიზმს გულისხმობს და როცა ახალი წლის სუფრაზე მივირთმევთ ცხიმიან, ნიგვზიან საჭმელს და ვსვამთ ალკოჰოლიან სასმელს, ჩვენი ორგანიზმი ამ დროს ფაქტობრივად, ინგრევა, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, რადგან ვერ ახერხებს გადამუშავება-მონელებას და პრობლემებიც იწყება.

- ხშირად ალკოჰოლურ სასმელს გაზიან სასმელებთან აზავებენ. ეს საზიანოა?

- გაზიან სასმელებთან გაზავებული ალკოჰოლი უფრო მალე ათრობს, რაც დაკავშირებულია გლუკოზის დიდი რაოდენობით მიღებასთან და CO2-თან, რომელიც აძლიერებს ალკოჰოლის შეწოვას. ეს, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის, ისევე როგორც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის არევა.

- რას ურჩევთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთ, რომელი სასმელია მათთვის რეკომენდებული?

- ასეთი ადამიანების რაციონში ქოლესტერინით მდიდარი საკვები უნდა შეიზღუდოს. სასმელებიდან რეკომენდებულია მხოლოდ ღვინო, ისიც 100 მლ.

- რომელ დიეტას გვირჩევთ ახალი წლის დღეების შემდეგ?

- ყველაზე კარგი ცილოვანი განტვირთვაა. დღის განმავლობაში მიიღეთ 400 გ ხორცი, +400 გ ხაჭო+0,5 ლ მაწონი ან კეფირი, 100 გ ყველი და 1 ც კვერცხი. ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ. ასევე აუცილებელია სვათ სუფთა წყალი, რომელიც უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ჩვენი წონა გავამრავლოთ 0,033-ზე, მიღებული ციფრი გახლავთ სუფთა წყლის დღის დოზა.

ახალი წლის გადატვირთული დღეების შემდეგ აუცილებელია ორგანიზმის განტვირთვა. ასევე, არასოდეს დაგვავიწყდეს: "უნდა ვჭამოთ იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ და არ უნდა ვიცოცხლოთ იმისთვის, რომ ვჭამოთ".

ნინო წიფურია