თუ პატარას სახსარი სტკივა... - კვირის პალიტრა

თუ პატარას სახსარი სტკივა...

თუ ბავშვს სახსარი შესივებული აქვს, თავს არიდებს დატვირთვას, რადგან ეს ძლიერ ტკივილს აყენებს. ამას მაღალი ტემპერატურაც ერთვის. ამ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს

ბავშვი ფეხის სახსარს იტკივებს? სახსარი შესივდა და პატარას მოძრაობა შეუზღუდა? ადვილი შესაძლებელია, გასინჯვის შემდეგ ექიმმა ბავშვთა რევმატოლოგთან გაგგზავნოთ, რადგან აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სერიოზული პათოლოგია - ინფექციური ართრიტი, იგივე სეპტიკური ართრიტი, იგივე ბაქტერიული ართრიტი, რომელიც, ყოველგვარი საერთაშორისო პროტოკოლითა თუ სტანდარტით, გადაუდებელ სტაციონარიზაციას მოითხოვს.

სეპტიკური ართრიტი ინფექციური გენეზის ანთებითი დაავადებაა, უმეტესად ბაქტერიული, თუმცა იშვიათად შესაძლოა სოკომ (მიკობაქტერიებმა) და ვირუსმაც გამოიწვიოს. სოკოვანი ართრიტი კი იმუნიტეტდათრგუნვილ ბავშვებს ემართებათ.

როდესაც ბავშვს სახსარი შესივებული აქვს, თავს არიდებს დატვირთვას, რადგან ეს ძლიერ ტკივილს აყენებს. ამას მაღალი ტემპერატურაც ერთვის. ამ დროს მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. იმის დასადგენად, ავადმყოფს სეპტიკურ ართრიტი აქვს თუ არა, ექიმს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციის მოძიება უწევს. უპირველესად, ექიმმა უნდა მიაგნოს ინფექციის სავარაუდო წყაროს, რადგან ხშირად სეპტიკური ართრიტის გამომწვევია A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ან B ჯგუფის სტრეპტოკოკი, უნდა გაირკვეს, ხომ არ უძღოდა წინ სახსროვან კომპონენტს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხომ არ გადაუტანია ბავშვს ქირურგიული, თუნდაც სტომატოლოგიური ჩარევა ან ინტრავენური მანიპულაცია (მაგალითად, ვენიდან სისხლის აღება), რომელიც, შესაძლოა, ინფექციის წყაროდ ქცეულიყო, ნაწლავური ან შარდსასქესო სისტემის ინფექცია, ხომ არ ჰქონია დაზიანებული ანთებადი სახსრის გარშემო რომელიმე რბილი ქსოვილი.

დასადგენია, ხომ არ შეინიშნება წონის კლება - ეს ტუბერკულოზურ ართრიტზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი ბოლო ხანს შესამჩნევად გახშირდა.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ხომ არ უმკურნალიათ ბავშვისთვის ბოლო ხანს ანტიბიოტიკით, რადგან, შესაძლოა, ართრიტის მიზეზი სწორედ ეს იყოს. გამორიცხული არ არის, ანტიბიოტიკმა წაშალოს ართრიტის კლინიკა და ჩამოაყალიბოს რეზისტენტული ფლორა, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკის ასარჩევად.

უნდა გამოირიცხოს შრატისმიერი რეაქცია, რომელიც ცხელებით და სახსრის შეშუპებით ვლინდება, თუმცა ეს არ გახლავთ ართრიტი. შრატისმიერი რეაქციის შემთხვევაში სახსრის გარშემო შეშუპებულია რბილი ქსოვილები.

აუცილებლად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, განისაზღვროს ანთების მარკერები (ედს-ი, ჩ-რეაქტიული ცილა და სხვა), შესწავლილ იქნეს სისხლის კულტურა, რათა მასში ბაქტერიების გავრცელება გამოირიცხოს.

კლასიკურ შემთხვევაში აუცილებელია სასახსრე სითხის ამოღება, რასაც გამოცდილი ქირურგები აკეთებენ, და მისი გამოკვლევა. ამ პროცედურას სამკურნალო ეფექტიც აქვს, ვინაიდან სითხის ამოღება შვებას ჰგვრის ბავშვს, თანაც ამ დროს სახსარში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, ზოგჯერ - ანთების საწინააღმდეგო პრეპარატიც.

ექიმები აქტიურად მიმართავენ სახსრის რენტგენოგრაფიასა და ულტრაბგერით კვლევას. რენტგენოგრაფიულად გამოირიცხება ტრავმა, ოსტეომიელიტი, რაც ძვლის ფრაგმენტაცია-სეკვესტრირებით ვლინდება, თუმცა ახალდაწყებული ოსტეომიელიტი რენტგენოლოგიურად მხოლოდ პროცესის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ ჩანს, რაც ხშირად მშობლების უკმაყოფილებას იწვევს - ჰგონიათ, ექიმს რაღაც გამორჩა.

ულტრაბგერითი კვლევა პროცესის დინამიკაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ყურადღება ექცევა სინოვიური სითხის თვისებებისა და რაოდენობის ცვლილებას. ეს კვლევა განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებთანაა მნიშვნელოვანი - სინოვიური სითხის ასპირაცია ხომ ულტრაბგერითი კონტროლით ხდება.

მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფია, რადგან, სამწუხაროდ, შესაძლოა ართრიტის უკან იდგეს ძვლის ან სინოვიური გარსის ნეოპლაზიური (სიმსივნური) პროცესი.

ანტიბაქტერიულ მკურნალობას, სულ ცოტა, 3-4 კვირა სჭირდება. თავდაპირველად ის ინტრავენურად ტარდება, მერე კი პერორალური - შინაგანად მისაღები ანტიბიოტიკებით ხდება. ეს გადასვლა სასურველია, 10-14 დღის შემდეგ, რადგან დაავადების გამოსავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავასუფთავებთ სინოვიურ გარსს. ბოლო ხანს მოწოდებულია ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად 2-3 დღის განმავლობაში დექსამეტაზონის ინტრავენური გამოყენება.

მცირე ასაკის ბავშვებში სეპტიკური ართრიტი ხშირად იწვევს ოსტეომიელიტს. ამის გამო საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლისა და ძვლისსაზრდელას შეუქცევადი დაზიანება, ზრდაში ჩამორჩენა.

ვირუსული ართრიტის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მისი დიფერენციაცია? ე.წ. ტრანზიტორული (გარდამავალი) სინოვიტი უმეტესად თვითლიმიტირებადია (თავისთავად იკურნება) და მხოლოდ დამხმარე თერაპიას მოითხოვს (არასტეროიდული პრეპარატები და სხვა). ექიმმა გულდასმით უნდა შეისწავლოს ბავშვის ანამნეზიც და გამოკვლევის შედეგებიც. განსაკუთრებით სარწმუნოა სინოვიური სითხის მონაცემები. თუ იქ არ ჩანს ბაქტერიული ინფექციის კვალი, შეგვიძლია, არასტეროიდული პრეპარატების ფონზე ბავშვი დაკვირვების ქვეშ ჰყავდეთ, მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა. თუ პროცესი არ ალაგდა, ან დაერთო ტემპერატურა, სისხლში მოიმატა ლეიკოციტებმა, მაშინ ექიმი დაუყოვნებლივ იწყებს ანტიბიოტიკოთერაპიას.

ასეთი ბავშვისთვის ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია, რადგან შესაძლოა, პროცესი კი ალაგდეს, მაგრამ შემდგომ სხვაგვარად გამოვლინდეს, მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთებითი პროცესის შემდეგ ბავშვების ნახევარს ბარძაყის თავის ასეპტიკური ნეკროზი უვითარდება, ამიტომ სეპტიკური ართრიტის გადატანიდან ექვსი თვის შემდეგ აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევა.

ნანა ჩარკვიანი