"ექიმი პატარა პაციენტის დედას თავზე დაჰკიოდა..."
06-02-2017
"ექიმი პატარა პაციენტის დედას თავზე დაჰკიოდა..."
გავოცდი, როდესაც სტაციონარში განთავსების შემდეგ ექთანმა თუ სანიტარმა მითხრა, ბავშვს იატაკზე სიარულის უფლებას­ ნუ მისცემთ, რადგან წყალი არ მოდის და მოწმენდილი­ არ არისო. 24 საათის განმავლობაში ტუალეტი და შესაბამისად, პალატაც, ყარდა. წყალიც რომ მოვიდა, უნიტაზის ჩასარეცხი ავზი გაფუჭებული იყო. სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებაზე, წყალი მოიმარაგეთ, რადგან კარგა ხნით არ იქნებაო, ვიკითხე, ალტერნატიული რეზერვუარი არა გაქვთ-მეთქი? გაკვირვებულებმა მიპასუხეს, არაო...

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე 96
ექიმს სხვა­დასხვა ვადით სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, 105 ექიმს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს. გასულ წელს რეგულირების სააგენტოს 364-მა მოქალაქემ უხარისხო სამედიცინო მომსახურების გამო ოფიციალური განცხადებით მიმართა. ამ დროისთვის შესწავლილია 275 ფაქტი, 89 განცხადების განხილვა მალე დასრულდება.

ამ მონაცემებით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში შევესწარი სამედიცინო
პერსონალის წარმოუ­დგენელი უხეშობისა და დაბალი­ დონის მომსახურების ისეთ ფაქტებს, რომლის გამოც პაციენტის ოჯახის წევრებს­ საფუძველი­ ჰქონდათ, კლინიკისთვის ეჩივლათ.­ ანალოგიური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ჩემი კოლეგა რუსუდან შელიაც,­ რომლის შვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოხვდა.

რუსუდან შელია:
"ჩემი შვილი 4 წლის არის. მისი შეუძლოდ ყოფნის გამო ძალიან დათრგუნვილი ვიყავი. როდესაც სასწრაფო დახმარება გამოვიძახე, ექიმმა გამომიცხადა, ბავშვი მაინცდამაინც ინგოროყვას კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. გამიკვირდა, რატომ-მეთქი? თუ სხვაგან გინდათ, თავად წაბრძანდით, ჩვენ ვერ მოგემსახურებითო! ასეთ დროს რომელი დედა იტყოდა,­ კარგი, მე მოვძებნი მანქანას და წავალო. დავყევი მათ ნებას.

გამაოგნა ემერჯენსის მიმღებში არსებულმა ვითარებამ. სამედიცინო პერსონალი საშინლად ექცეოდა დედებს, დასცინოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არასდროს დამავიწყდება ვითარება ზოგადი პედიატრიის განყოფილებაში, სადაც ექიმი ერთ-ერთ დედას დაჰკიოდა, თქვენს შვილს ინტოქსიკაცია აქვს, იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენნ­აირი ნიჭიერი დედიკოები მარკეტებში შეძენილ იოგურტს აჭმევენ ბავშვებს და მერე გემართებათ ის, რაც ახლა გჭირთ. ძალიან კარგი, რომ აქ მოხვდით, ამის მერე მაინც ისწავლით ჭკუასო.
მთელი­ ღამის უძილოსა და მკერდზე ახუტებული ავადმყოფი შვილის გამო უნარი არ მქონდა, ის ახალგაზრდა, დარწმუნებული ვარ, მზრუნველი დედიკო დამეცვა. ასევე, გამ­აოცა ზოგიერთ მშობელთან პერსონალის ულტიმატუმით ლაპარაკმა.

არ ვიცი, რა ნიშნით არჩევდნენ, მაგრამ პაციენტის ახლ­ობლებს კატ­ეგორიულად უცხადებდნენ, რომ 24 საათით კლინიკაში­ დარჩენა საჭირო­ არ იყო და ვადამდე ადრე გაწერის­ შემთხვევაში, სტაციონარული მომსახურების ხარჯები თავად უნდა დაეფარათ­(?!). ირწმუნებოდნენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ სრული 24 საათით დარჩენის შემთხვევაში დაგაფინანსებთო. 24 საათით უნდა დარჩე თუ 23 საათით და 59 წუთით, ამ გადაწყვეტილების მიღების პრიორიტეტი ექიმს აქვს. ვეჭვობ, გადაწყვეტილება ყოველთვის მართებული იყოს, რადგან თავად გახლდით ერთი ასეთი შემთხვევის თვითმხილველი... დაფინანსების საკითხი სხვანაირად მახსოვდა, მაგრამ, ვიმეორებ, მაშინ არაფრის გადამოწმების თავი არ მქონდა...

გავოცდი, როდესაც სანიტარმა მითხრა, ბავშვს იატაკზე სიარულის უფლებას­ ნუ მისცემთ, რადგან წყალი არ მოდის და მოწმენდილი­ არ არისო. 24 საათის განმავლობაში ტუალეტი და შესაბამისად, პალატაც, ყარდა. წყალიც რომ მოვიდა, უნიტაზის ჩასარეცხი ავზი გაფუჭებული იყო. სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებაზე, წყალი მოიმარაგეთ, კარგა ხნით არ იქნებაო, ვიკითხე, ალტერნატიული რეზერვუარი არა გაქვთ-მეთქი? გაკვირვებულებმა მიპასუხეს, არაო. არადა, როგორც ვიცი, კლინიკისთვის ლიცენზიის მიცემისას ასეთ ფაქტორებს მნიშვნელობა აქვს.

ჩემს შვილს უამრავი გამოკვლევა დაუნ­იშნეს, გაუკეთეს გადასხმები. ახლა კარგად­ კი არის, მაგრამ სულ მახსენდებოდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება და იქ მყოფი დედების ნაამბობი, რომ ზოგჯერ კლინიკები ფულის საჭრელ საშუალებად იყენებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და იმაზე მეტ გამოკვლევასა და მკურნალობას ნიშნავენ, ვიდრე საჭიროა".

რუსუდანის და მისი შვილის კლინიკაში მონახულების დროს მეც ვიგრძენი უწყლობისგან გამოწვეული საშინელი სუნი, ვნახე არა მხოლოდ უნიტაზის გაფუჭებული ავზი, დედებიც, რომლებიც პირად საუბრებში სამედიცინო პერსონალის უხარისხო მომსახურებას უჩივიან, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ, რადგან ჩვენი, "უბრალო ადამიანების",­ ინტერესებს მარეგულირებელი ორგანოები არ გაითვალისწინებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მოქალაქეების ოფიციალური განცხადებების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

მარინა დარახველიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი: -
ეს საკ­ითხი რომ სათ­ანადოდ რეგულირდებოდეს,­ თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰყავდეს ეთიკის კომ­ისია, პაციენტმა კი პირველ რიგში ადმინისტრაციას უნდა მიმართოს. რეგულირების­ საა­გენტო ვერ მოახდენს რეაგირებას ისეთ შემთხვევებზე, სადაც პაციენტისადმი­ არაეთიკური დამოკიდებულება იკვეთება, რა­დგან­ ასეთი შემთხვევები არ არის დოკუმენტურად დაფიქსირებული. რეგულირების სააგენტო შეისწავლის სამედიცინო­ მომსახურების ხარისხს, პროგრამული მომსახურების ფარგლებში გაწეულ მომსახურებას, მაგრამ იმას, რაც დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება, ვერ ვსწავლობთ. კლინიკებს ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა იმიტომ ჰყავთ, რომ ამ ტიპის დარღვევები აღმოფხვრან.
თუ ფიქრობთ, რომ არასათანადოდ გამოგიკვლიეს, არ ჩაგიტარდათ სრულფასოვანი მკურნალობა, არასწორი ოპერაციული­ ჩარევა მოხდა, ზედმეტი მედიკამენტი შეგი­რჩიეს და ა.შ., გვეხება ჩვენ და ვრეაგირებთ­ რეგულაციის სააგენტოს სახით. სწორედ მას უნდა მიმართოთ განცხადებით.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხო­ლოდ 24-საათიან სტაციონარულ მომსახურებას აფინანსებს?

- ფინანსდება როგორც გადაუდებელი­ სტაციონარული, ისე ამბულატორიული მომსახურება. საყოველთაო ჯანდაცვის პრო­გრამით ორივე შემთხვევაში უზრუნვე­ლყოფილი ხართ. არსად არ არის მითითებული, რომ მხოლოდ სტაციონარული მომსახურება ფინანსდება. 36-ე დადგენილება არის საჯარო და მასში გარკვევით წერია, რომ ფინანსდება გადაუდებელი ამბულატ­ორიული შემთხვევები.
სტაციონარული მკურნალობის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს, მაგრამ თუ 24 საათზე ნაკლები დრო გჭირდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ ხარჯები პროგრამით არ აგინაზღაურდებათ. თუ სტაციონარში 24 საათით დარჩენა არ არის საჭირო, რატომ უნდა დაგტოვონ?

- პაციენტმა რომელი დარღვევის შემთხვევაში რომელ მაკონტროლებელ ორგანოს უნდა მიმართოს?

- სამედიცინო ხარისხთან დაკავშირებით მაკონტროლებელი ორგანოა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მაკონტროლებელი სტრუქტურა­ მეთვალყურეობს. თუ პაციენტი დარეკავს­ ცხელ ხაზზე 1505, საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე დააკვალიანებენ, რომელ სტრუქტურას მიმართოს. კლინიკაში პრობლემის შემთხვევაში ჯერ ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ და შემდგომ - სამინისტროს. კლინიკებში პასუხისმგებლობის გასაზრდელად მთავრობას მივმართეთ, რომ ლიცენზიის სან­ებართვო პირობებში ჩაიდოს კლინიკური მენეჯერის შტატის შემოღების აუცილ­ებლობა. შესაბამისად, თუ კლინიკაში მძიმე შედეგი დაფიქსირდება, პასუხს აგებს­ არა მხოლოდ ექიმი, კლინიკური მენეჯერიც, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო პროცესზე.

"კვირის პალიტრას" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, რომ პედიატრიულის ემერჯენსს ამბულატორიული განყოფილება არა აქვს. ჩვენ ვესაუბრეთ მენეჯერ ვასილ ჭეიშვილს.

- ბატონო ვასილ, პედიატრიული ემერჯენსისთვის ამბულატორიული მომსახურებაც გაქვთ, თუ მხოლოდ სტაციონარზეა გათვლილი?

- ემერჯენსი არის ჭიშკარი ურგენტულ შემთხვევებში პაციენტის სტაციონარში მოსახვედრად. ემერჯენსი აფასებს­ პაციენტის მდგომარეობას, რათა მოახდინოს შემთხვევის კუპირება. თუ მსუბუქი შემთხვევაა, გაუშვას სახლში ან დააწვინოს სტაციონარში.

- იმ შემთხვევაში, თუ 5 წლამდე პაციენტი 24 საათი არ რჩება სტაციონარში, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სჭირდება მომსახურება, ხარჯები როგორ ანაზღაურდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თუ უშუალოდ პაციენტის მიერ?

- ე.წ. ურგენტულ ამბულატორიაში არის ხელოვნური კოდები, რომელიც სხვადასხვა თანხით ფინანსდება. მაგალითად, მუცლის ტკივილი. ამ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელოვანია დიაგნოზის სისწორე. თუ დაწერე, რომ ამ ადამიანს ჰქონდა მუცლის ტკივილი, ისტორიაში მუცლის ტკივილი უნდა დადასტურდეს ანალიზებით, კვლევებით, გასინჯვით, გამოკითხვით. თუ დავწერთ, რომ მოხდა ტკივილის კუპირება, ესეც უნდა დადასტურდეს. მეორე შემთხვევაა, როდესაც მუცლის ტკივილის კუპირება არ ხდება და ბავშვი გადადის სტაციონარში, რათა 24 საათი დავაკვირდეთ და საჭიროების შემთხვევაში განვაგრძოთ პროცესი. ემერჯენსში პაციენტის 24 საათზე ნაკლები დაყოვნება ფიქსირდება როგორც ურგენტული ამბულატორიული შემთხვევა და ფინანსდება კონკრეტული კოდით. შესაძლოა, რომელიღაც დაავადება არ ფინანსდებოდეს. თუ 24 საათზე მეტია დაყოვნება, სტაციონარული კოდით დაფინანსდება.

- გასულ კვირაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში თქვენთან წყალი არ მოდიოდა, ალტერნატიული რეზერვუარი არა გაქვთ, რითაც თუნდაც მხოლოდ ტექნიკური წყლით ტუალეტების მომსახურებას უზრუნველყოფთ?

- ძალიან დიდი რეზერვუარი გვაქვს, რომელიც მუნიციპალურ სამსახურთან 911-თან ხელშეკრულების თანახმად ივსება და კლინიკა უზრუნველყოფილია ტექნიკური წყლით სანიტარიული დასუფთავებისთვის, გაწმენდისთვის და ა.შ.

- თავად შევესწარი, რომ ერთი დღე-ღამე პედიატრიულში წყალი არ მოდიოდა.

- შესაძლოა, კონკრეტული პრობლემა იყო. მოვიძიებ ამ შემთხვევას და გავერკვევი. შევამოწმებ, ზემდგომებს რატომ არ შეგვატყობინეს.

- თუ გაქვთ ეთიკის კომისია, რომელიც პაციენტის პრეტენზიებს განიხილავს? ვგულისხმობ პრეტენზიებს, რომელიც უშუალოდ კომუნიკაციის ფორმებს უკავშირდება.

- არსებობს რამდენიმე კომისია, ერთ-ერთია ეთიკური ნორმების კომისია. პაციენტს შეუძლია პრეტენზია დააფიქსიროს საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან დირექტორის სახელზე. ის დადგენილი წესით გადასცემს ეთიკურ კომისიას, პრეტენზია განიხილება, რეკომენდაციები მომზადდება და გენერალური დირექტორი დაადგენს დასჯის ფორმას, ადმინისტრაციულს ან ფინანსურს. პაციენტს შეუძლია პრეტენზია დააფიქსიროს ჯანდაცვის სამინისტროშიც. საჩივრის ხასიათიდან გამომდინარე, ის გადამისამართდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემსრულებელთან ან რეგულირების სააგენტოში, საიდანაც სასამართლოს წესით შემოდიან და შეისწავლიან შემთხვევას, თუ საჩივარი კლინიკას ეხება. მომსახურების სფეროში პრეტენზიის შემთხვევაში გადამხდელი, ანუ ის სტრუქტურა, რომელიც ფულს იხდის, გზავნის მონიტორებს, რომლებიც შეისწავლიან სიტუაციას და, შესაძლოა, კლინიკა დაჯარიმდეს.

ეკა ლომიძე
nino
03 მარტი 2017 20:18
ამ კლინიკას დზალიან ბევრი ემდურის და უკეტესია დახურონ.
lolita
22 თებერვალი 2017 14:25
მართლაც რომ საოცრება ხდება კლინიკებში,პირდაპირ უსინდისოდ იქცევიან,ტუ ადრე გაეწერე შენ უნდა გადაიხადო,მთელ თანხას ექიმები ,მენეჯერები იღებენ,ექთნებს 200-300ლარს აძლევენ ხელფასს,ექიმები შეკრულნი არიან კომპანიებთან,პრეპარატებით ჭყიპავენ პაციენტებს და თვითონ დაფრიალებენ შემდეგ კომპანიების მიერ დაფინანსებული ფულით

რედაქტორის რჩევით