ნასიცხისა და გამოყელვის მიზეზები
06-02-2017
ნასიცხისა და გამოყელვის მიზეზები
ნასიცხი, გამოყელვა - ამ სახელწოდებით მოიხსენიებენ კანის დაზიანებას ორგანიზმის გადახურებისას, რაც ჩვილებში უფრო აქტიურად, ზოგჯერ პრობლემურადაც მიმდინარეობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვილის ორგანიზმში საოფლე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ოფლის გამოყოფას სრულყოფილად ვერ ახერხებს. ზამთარში მშობლები ბავშვის ოთახს ისე ათბობენ, რომ ჩვილებს პრობლემები ექმნებათ. ამიტომაც ხშირად უჩნდებათ წვრილი ვარდისფერი ან მუქი წითელი გამონაყარი. ზოგჯერ ნასიცხი ალერგიაშიც ერევათ, თუმცა მისი ალერგიისგან გამორჩევა იოლია. ექიმი ირმა გოგიტიძე გვესაუბრება:

-
როგორ გავარჩიოთ ნასიცხი ალერგიისაგან?

- ალერგიული გამონაყარი ძირითადად ხორკლიანია და გამოვლინებისთანავე იწვევს მოუსვენრობას. გარდა ამისა, ალერგია ვითარდება პატარების იღლიებში, მუცელზე, თეძოებზე, ხელებსა და ფეხის მტევნებზე, თავზე... ნასიცხი კი ძირითადად თავს იჩენს ოფლის დაგროვების ადგილებში: ჩვილის კისრის, იღლიების, საზარდულისა და დუნდულების მიდამოებში, ლოყებზე, ხელ-ფეხის ნაკეცებში... ნასიცხი
ჩვილისთვის საშიშად არ მიიჩნევა, რადგან თუკი ბავშვის კანს მოვუვლით, მალევე გაქრება; გართულების შემთხვევაში პატარას ის შეაწუხებს და მკურნალობაც გაგრძელდება.

არსებობს წითელი, თეთრი და ყვითელი, ასევე კრისტალური ნასიცხი. წითელი ჭინჭრის გამონაყარს წააგავს - ჩვილის კანზე წვრილი ბუშტულაკები და კვანძები გამოიკვეთება, რომელიც არ ერთიანდება - ცალ-ცალკეა განლაგებული. თითოეულ წარმონაქმნს გარშემო წითელი კანი აქვს. ამ ფორმის ნასიცხი ძირითადად კანის ნაკეცებშია და მისი კვალი დაახლოებით 2 კვირა რჩება. თეთრი ნასიცხისას ბუშტუკოვან გამონაყარში დგება თეთრი სითხე, ყვითელი ნასიცხისას ბუშტუკების სითხეს აქვს მოყვითალო შეფერილობა. ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ პედიატრს. ჩვილის კანი ძალიან მგრძნობიარეა, მასზე მიკროორგანიზმები ადვილად ზემოქმედებენ, ამიტომაც ნასიცხი მეტად ხელსაყრელია მიკრობების გამრავლებისთვის. ეს კი საშიშია, რადგან მიკრობები იწვევს კანის ანთებას, რამაც შეიძლება გააჩინოს ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც სახიფათოა ბავშვისთვის.

- ხშირად ურევენ ერთმანეთში ნასიცხსა და გამოყელვას.

- გამოყელვა კანის ანთებითი დაზიანებაა და ის ვითარდება იმ დროს, როცა კანი მუდმივად ზიანდება რაიმე გარეგანი ფაქტორით, მაგალითად, კიდურების ერთმანეთზე და ტანზე ტანსაცმლის ხახუნით. ამიტომაც გამოყელვისას ანთება ვითარდება დუნდულაზე, საზარდულის მიდამოში, შედარებით იშვიათად - კისრისა და იღლიის არეში. თავიდან მხოლოდ კანი შეწითლდება მთლიანობის დაურღვევლად. თუ გამოყელვას არ ვუმკურნალეთ, დაზიანებულ ადგილას ნახეთქები წარმოიქმნება, გართულებისას კი განვითარდება ეროზიაც. გამოყელვისას საწყის სტადიაზე აუცილებელია ერთჯერადი საფენების ხშირი გამოცვლა (3-4 საათში ერთხელ) და ბავშვის ხშირი ჩაბანა. გამოყელილი ადგილები კარგად უნდა გავამშრალოთ, ანტისეპტიკური ხსნარით დავამუშაოთ და ისეთი სპეციალური მალამო წავუსვათ, რომელიც კანს აშრობს. ასევე აუცილებელია ჰაერის აბაზანები - ბავშვი შიშველი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უნდა დავტოვოთ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ დროს მიზანშეწონილი არ არის ტალკის გამოყენება, რომლის ფქვილი გამოყელილ ადგილზე ერთმანეთს ეკრობა და აღიზიანებს კანს. თუ გამოყელვა გაგრძელდა, ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი.

ნასიცხის სამკურნალოდ ძირითადად მალამოები ინიშნება და ისიც ყოველთვის - არა, რადგან კანის სწორი მოვლისას ნასიცხი სწრაფადვე ლაგდება. თუმცა, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ნასიცხის რა ფორმა გვაქვს. თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი რამდენიმე დღე გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მიდრეკილია დაჩირქებისკენ და არსებობს დაინფიცირების რისკი. უპირველესად ჩვილის ოთახის ტემპერატურა უნდა დარეგულირდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პატარისთვის საუკეთესო ტემპერატურა 20-22 გრადუსია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზამთარშიც კი ხშირად მინახავს ცხელ ოთახში ჩახურებული ბავშვი, რომელსაც ღამით პიჟამის შიგნით რეიტუზსაც კი აცმევენ. ნასიცხი პატარა დღეში არანაკლებ 3-ჯერ უნდა ვაბანაოთ, ზაფხულში კი მეტჯერაც. საპნის გამოყენება დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ჰაერის 10-15-წუთიანი აბაზანები ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავაცვათ პატარას სინთეტიკური ტანსაცმელი - ჩვილი კანი სინთეტიკის ზეწოლაზე ძალიან ხშირად რეაგირებს კანის გაღიზიანებით.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით