სჭირდება თუ არა საქართველოს "ფრანკენშტეინის სურსათი"?! - კვირის პალიტრა

სჭირდება თუ არა საქართველოს "ფრანკენშტეინის სურსათი"?!

თანამედროვე ტექნოლოგიების "წყალობით" მიღებულ საკვებს უნდა დავაბრალოთ დაავადებების რიცხვის მატება

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობაზე არაერთხელ დაიწერა. მეცნიერთა აზრით, სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მიღებულ საკვებს უნდა დავაბრალოთ მსოფლიოში ალერგიული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვის მატება, სიმსუქნე, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა მრავალი.

თუ რა გავლენას ახდენს გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჯანმრთელობაზე, დაახლოებით 50 წლის შემდეგ დადგინდება, როცა ტრანსგენური პროდუქტით გამოკვებილ ადამიანთა ერთი თაობა მაინც შეიცვლება. გენური ინჟინერიის დახმარებით, ერთი ორგანიზმის გენი შეჰყავთ მეორის უჯრედში და იღებენ პროდუქტს.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ არსებულ ლიტერატურაში უცნაურ ფაქტებს შეხვდებით: ასე მაგალითად, იმისათვის, რომ მარწყვი და პომიდორი ყინვაგამძლე გახდეს, მათ უნერგავენ თევზის გენს, სიმინდს შეიძლება მიაშველონ გველის ან მორიელის შხამისაგან მიღებული გენი, რომელიც მას მავნე მწერებისაგან დაიცავს. ამგვარ პროდუქტს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. სწორედ ამ მტკივნეული საკითხის შესახებ გვესაუბრება პროფესორი პაატა კოღუაშვილი:

- მსოფლიოში კვების პროდუქტების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, რადგან თანამედროვე მეცნიერება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის გენების გადანერგვის გზით შეიქმნას მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები, რომელთა დამახასიათებელი თვისება უხვმოსავლიანობა და მაღალპროდუქტიულობაა. დღეისათვის ამ მეთოდით გამოყვანილია ხორბლის, სიმინდის, სოიის, ბრინჯის, პომიდვრის, მარწყვის, კარტოფილისა და სხვა კულტურათა ახალი ჯიშები.

მიღებული შედეგები მართლაც რომ შთამბეჭდავია: მარწყვში, ვაშლსა და პომიდორში ატლანტიკის ოკეანის ცივ წყლებში მობინადრე კამბალას გენი "ბინადრობს", ახალი ჯიშის ყავა არ შეიცავს კოფეინს, ხორბალში გაზრდილია პროტეინის შემცველობა, ხოლო ბამბისა და კარტოფილის ახალ ჯიშებს შხამქიმიკატებით დამუშავება საერთოდ არ სჭირდება. ამ მეთოდის წყალობით აღმოცენებული მცენარის მოსავალი საკვებად ვარგისია და რაც მთავარია, შეუძლია უხვი მოსავალი მოგვცეს მწირ ნიადაგზეც კი.

- მაშინ რით არის გამოწვეული ერთგვარი შიში ამგვარი პროდუქციის მიმართ?

- ევროპაში ასეთ სურსათს "ფრანკენშტეინის სურსათს" უწოდებენ, რომელსაც შეუძლია სავალალო შედეგი მოგვიტანოს. კერძოდ, ასეთი გზით მიღებული კულტურების მოშენება ხელს შეუწყობს მავნებელი მწერებისა და სარეველების ახალი სუპერჯიშების წარმოშობას. ვინაიდან გენური ინჟინერიის გზით მიღებულ ჯიშებს არა აქვთ გამრავლების უნარი, ფერმერები მთლიანად დამოკიდებულნი გახდებიან მათ მწარმოებელ კომპანიებზე.

გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქტი საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასაც და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასაც. სუპერმარკეტების უმრავლესობამ ევროპაში საბოლოოდ თქვა უარი გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეალიზაციაზე, რადგან გამოვლენილ იქნა მავნე ზემოქმედების ისეთი ფაქტები, როგორიცაა ცოფიანი ღორის და ცოფიანი ძროხის დაავადება.

- ცნობილია ისიც, რომ მეცნიერულად ჯერჯერობით არ დაუდგენიათ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობა.

- მართალია, არ დადგენილა, მაგრამ რატომ უნდა გავრისკოთ, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება? ამ საკითხის აქტუალურობის გამო, ქალაქ მონრეალში 2001 წლის იანვარში გაიმართა გაეროს კონფერენცია, რომელმაც მიიღო კომპრომისული შეთანხმება. ამ კონფერენციის შემდეგ ყველა ქვეყანას მიეცა უფლება, აკრძალოს გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტის იმპორტი მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დასაბუთებული მტკიცებულება მისი საშიშროების შესახებ და გააკეთოს ამ პროდუქტზე სპეციალური ნიშანდება. ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა საქართველოს გარდა.

უფრო მეტიც, 2006 წლის დეკემბერში ჩვენთან მიიღეს კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ". სამწუხაროდ, ეს კანონი სრულად დღესაც არ მოქმედებს. ჯერ გადაავადეს 2010 წლის იანვრამდე, ახლა კი მისი ამოქმედება 2015 წლის ბოლომდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილების შედეგს ალბათ უახლოეს მომავალში მოვიმკით. უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში კანონმდებლობით საერთოდ აკრძალეს ქიმიური დანამატებით გადატვირთული ხორბლის ფქვილის შეტანა თავის ბაზარზე. ჩვენთან კი ისეთი ფქვილი შემოაქვთ, რომელიც ისეა გაჯერებული ქიმიური დანამატებით, რომ მისგან პური არ ცხვება.

იმპორტიორები ხშირად გვატყუებენ და იმის გამო, რომ პროდუქტზე არ არის მითითებული მისი შემადგენლობა, გენეტიკურად სახეცვლილ პროდუქციასაც საკმაოდ მაღალ ფასში ჰყიდიან.

საქართველოში პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი. ეს არის ქვეყანა, რომელსაც მიწათმოქმედების უდიდესი ტრადიციები აქვს, საქართველო ხორბლისა და ვაზის სამშობლოა. ტრაგედიაა ის, რომ ჩვენ შემოგვაქვს გენმოდიფიცირებული პროდუქტი, თუნდაც სიმინდი, რომელიც ჩვენს არაჩვეულებრივ სიმინდს ანადგურებს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ბაზარი გადატვირთულია ფალსიფიცირებული პროდუქციით, რომლის უდიდესი ნაწილიც სწორედ გენმოდიფიცირებულია. ამიტომ, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ შემოტანილ, იმპორტულ პროდუქციაზე მითითებული იყოს, შეიცავს თუ არა ის გენმოდიფიცირებულ მასალას.

- ბატონო პაატა, სად ხედავთ გამოსავალს?

- შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია - ქართული სოფელი უნდა აღორძინდეს! დღეს ის ახალგაზრდებისაგან დაცლილი და მოხუცების ამარად არის მიტოვებული. ღრმად მწამს, რომ ქართველი გლეხკაცი აუცილებლად დაუბრუნდება სოფელს. ხელისუფლებასაც და ჩვენც უნდა გვახსოვდეს ერთი გენიალური ხალხური გამონათქვამი - "სოფლად ნუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგვიხდებაო!"

ხათუნა ჩიგოგიძე