როგორ ვუმკურნალოთ ე.წ. ძირმაგარას
13-02-2017
როგორ ვუმკურნალოთ ე.წ. ძირმაგარას
ნებისმიერ გამონაყარს სახესა თუ სხეულზე სერიოზული დისკომფორტის მოტანა შეუძლია. ყველაზე მტკივნეული და უსიამოვნო კი ჩირქოვანი გამონაყარია, რომელსაც ხალხში ძირმაგარებს ეძახიან. ამ ინფექციაზე მოგვითხრობს ექიმი-დერმატოლოგი ალექსანდრე გამყრელიძე:

- სინამდვილეში ეს არის სტაფილოკოკური ინფექცია, რომელსაც თმის ძირების ანთებას უწოდებენ. დიაგნოზი ითვალისწინებს, თუ რამდენად ღრმა და სერიოზულია კანის დაზიანება: თუ შედარებით მსუბუქი დაზიანებაა, მაშინ ეს არის ფოლიკულიტი, მაგრამ თუ ანთება უფრო ღრმად ვრცელდება და კანიც დაზიანებულია, უკვე ფურუნკულის ხასიათს იღებს, თუ კიდევ უფრო
ღრმად არის კანში შესული და დიდი დაზიანებები შეიმჩნევა, ეს კარბუნკულია. კარბუნკული კანის მწვავე ჩირქოვანი დაავადებაა, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებზე - თმის რამდენიმე ფოლიკულის გარშემო. დაავადება ხშირად მწვავე ფორმით მიმდინარეობს და მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას. ამის შემდეგ მოდის აბსცესი - კანქვეშა ქსოვილის ანთება, რომელიც გაცილებით რთული
მოვლენაა.

- რა არის დაავადების მიზეზი?

- დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, რადგან შაქრის მაღალი დონე ხელს უწყობს მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდას, ასევე - ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და დაქვეითებული იმუნიტეტი, რადგან ამ დროს ქვეითდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. ეს მოვლენები ყოველთვის დაკავშირებულია თმის ძირთან და 99% სტაფილოკოკით არის გამოწვეული. რაც შეეხება ადგილობრივ ფაქტორებს, ეს არის ჭუჭყიანი კანის ზედაპირზე რაიმე მექანიკური ჩარევა, ან კანის გაღიზიანება (გაპარსვა, ეპილაცია, დეპილაცია, ქამრის ან საყელოს ხშირი შეხება და ხახუნი).

- ე.წ. ძირმაგარების მკურნალობა რამდენად ეფექტიანია?

- ძირმაგარები სწორი მოვლის შემთხვევაში იოლად ქრება, მაგრამ თუ ორგანიზმი მიდრეკილია ამ დაავადებისკენ, ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, ან დაბალი იმუნიტეტი, ან სხვა ფაქტორები მოქმედებს, მაშინ შეიძლება დაავადება უფრო ღრმა ეტაპზე გადავიდეს და გაჩნდეს კარბუნკული. ზოგჯერ ამ უსიამოვნო დაავადებებს სეზონურობაც ახასიათებს. სამივე შემთხვევაში მკურნალობა თითქმის ერთგვარია - რაც უფრო ღრმაა პროცესი, მით მეტია ქირურგიული ჩარევის საჭიროება.

- კონკრეტულად რა მეთოდებს იყენებთ დაავადების დროს?

- ინიშნება ანტიბიოტიკები, ის პრეპარატები, რაც სტაფილოკოკის საწინააღმდეგოდ ეფექტიანია; სწორი მკურნალობისთვის ყველა შინაგანი და გარეგანი საშუალება უნდა იყოს ჩართული. უნდა შევისწავლოთ ადამიანის ორგანიზმი, სისხლში შაქრის რაოდენობა და ვიმუშაოთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. პაციენტს ვურჩევთ, რომ არ ჩაიტაროს დამაზიანებელი პროცედურები: ჩვეულებრივი სამართებლის მაგივრად იხმაროს ელექტროსაპარსი, რადგან ის უფრო ზედაპირულად ჭრის თმას, არ იწვევს ანთებებს და ინფექციას. სიფრთხილეა საჭირო ეპილაციის და დეპილაციის შემდგომ პერიოდშიც, უნდა ჩაიტაროთ ადგილობრივი მკურნალობა, რომ ინფექცია არ გავრცელდეს.

- ქრონიკული ფორმის არსებობის შემთხვევაში?

- მართლაც არსებობს ქრონიკული ფორმა, როცა ადამიანს ეს დაავადება წელიწადში რამდენჯერმე უმეორდება, ან სეზონურად უჩნდება. თმის ძირების ქრონიკული ანთება იკურნება და არ არის საშიში. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში პროცესი თავისით ჩერდება და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში იწყება აბსცესი ანუ ჩირქის კანქვეშა ქსოვილში გადასვლა, რაც ქირურგიულ ჩარევას უსათუოდ საჭიროებს. უმეტეს შემთხვევაში პროცესი არ რთულდება და მკურნალობას ემორჩილება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით