ლეიკემიის დამარცხება შესაძლებელია - კვირის პალიტრა

ლეიკემიის დამარცხება შესაძლებელია

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ლეიკემია, იგივე ლეიკოზი, როგორც მას წინათ უწოდებდნენ, სასიკვდილო განაჩენად მიიჩნეოდა. პანიკური შიში გვიპყრობდა ქიმიოთერაპიის შედეგად თმაგაცვენილი ადამიანების დანახვისას, ახლობლები ავადმყოფს ცოცხლად გამოიტირებდნენ ხოლმე და მისი შემხედვარენი თავადაც იტანჯებოდნენ. საბედნიეროდ, მედიცინაში მიღწევები გასაოცარი სისწრაფით ხდება, ჰემატოლოგიაშიც შესამჩნევი მიღწევებია.

ლეიკემია სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეა და ღეროვანი უჯრედის მუტაციის შედეგად ვითარდება. ღეროვანი ანუ დედა უჯრედები ძვლის ტვინში სისხლწარმომქმნელ ორგანოში სისხლის ყველა უჯრედს აძლევს დასაბამს. შეცვლილი, მუტირებული უჯრედისგან წარმოიქმნება სიმსივნური კლონი, რომელსაც დარღვეული აქვს დიფერენცირებისა და მომწიფების უნარი. მისი გამრავლების შედეგად სისხლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნა ითრგუნება, რაც საფუძვლად ედება დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს.

კვლევების მიუხედავად, ლეიკემიის უშუალო მიზეზი დაუდგენელია. ამჟამად მიიჩნევენ, რომ ეს არის ჰეტეროგენული ანუ სხვადასხვა მიზეზით განპირობებული დაავადება. შესაბამისად, განიხილება ლეიკემიის გამომწვევი რამდენიმე შესაძლო ფაქტორი: რადიაციული, ქიმიური, ვირუსული, გენეტიკური, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

რა სახის ლეიკემიები არსებობს?

ლეიკემიის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. მას ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: საერთო სისუსტე, ცხელება, ოფლიანობა, წონის კლება, თავის ტკივილი, ძვლების (განსაკუთრებით მკერდის ძვლის) ტკივილი, ღრძილების ტკივილი და შეშუპება. ზოგიერთი ფორმისთვის დამახასიათებელია გინგივიტი, აფთოზურ-ნეკროზული სტომატიტი. ვინაიდან ლეიკემია სისხლის დაავადებაა, სიმპტომატიკაც ხშირად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის შეცვლილი სისხლის სურათი. შესაძლოა, გამოხატული იყოს ანემიური სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა და სხვა, რაც დაბალი ჰემოგლობინის გამო ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებით არის განპირობებული.

თრომბოციტების - სისხლის შემდედებელი უჯრედების - ოდენობის შემცირებისას შესაძლოა სისხლდენა და სისხლჩაქცევები განვითარდეს. განსაკუთრებით დამახასიათებელია წერტილოვანი სისხლჩაქცევები კიდურებზე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან: ღრძილებიდან და ცხვირიდან, ასევე საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლიანი შარდი, სისხლიანი ცრემლებიც კია აღწერილი.

მორფოლოგიურად განასხვავებენ ლეიკემიების ორ ძირითად ჯგუფს: მიელოიდურს და ლიმფოიდურს, რომლებიც ქვეჯგუფებად იყოფა. ასეთ დაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზის, მიმდინარეობის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.

ლეიკემიის დროს ავადმყოფმა შესაძლოა თვითონვე შეამჩნიოს გადიდებული ლიმფური კვანძები, დისკომფორტი ან ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა ფერდქვეშ, რაც ღვიძლისა და ელენთის გადიდების ნიშანია. ამ ნიშნებიდან პაციენტს შესაძლოა გამოაჩნდეს რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად. არსებობს მწვავე ლეიკემიის უსიმპტომო ფორმებიც - ავადმყოფი არაფერს უჩივის და დაავადების გამოაშკარავება მხოლოდ სისხლის საკონტროლო საერთო ანალიზით ხდება.

როგორ მკურნალობენ ლეიკემიას?

მწვავე ლეიკემიების მკურნალობა მოიცავს ეტაპობრივ პროგრამულ ქიმიოთერაპიას მსოფლიოში მიღებული უნიფიცირებული სქემებით. პირველ ეტაპზე მისი მიზანია რემისიის მიღწევა, მეორე - მიღწეული რემისიის გამყარება, ხოლო მესამე - ხელშემწყობი თერაპია.

მკურნალობა ორი-სამი წელი იმიტომ გრძელდება, რომ ქიმიოთერაპიული პრეპარატები მხოლოდ გაყოფის სტადიაში მყოფ უჯრედებზე მოქმედებს, მთვლემარე უჯრედებზე კი - არა. ეტაპობრივი მკურნალობის მიზანია, განადგურდეს ყველა მთვლემარე სიმსივნური უჯრედი, რომელიც თანდათან გაყოფის ფაზაში გადადის. თეორიულად მიიჩნევა, რომ ორი-სამი წლის შემდეგ ყველა ასეთი უჯრედი განადგურებული იქნება.

ხუთი წელი ურეციდივო ანუ გამწვავების გარეშე მიმდინარეობა გაჯანსაღებად მიიჩნევა. ამ პერიოდის შემდეგ გამოვლენილი ლეიკემია, რაც ძალიან იშვიათია, ახალი დაავადებაა და ამას გამოკვლევებიც ადასტურებს. ამ შემთხვევაში ორგანიზმს მიდრეკილება აქვს განსაზღვრული ლეიკემოგენური ფაქტორების გავლენით ახალი სიმსივნის წარმოქმნისკენ.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული სირთულეები

პირველი, რასთანაც ქიმიოთერაპია ასოცირდებოდა, ღებინებაა. თანამედროვე მედიცინამ ეს პრობლემა წარმატებით მოაგვარა ღებინების საწინააღმდეგო სპეციფიკური პრეპარატებით. იშვიათად საჭირო ხდება მათი დოზის გაზრდა ან სხვა კომბინაციის შერჩევა.

პაციენტებს აშინებთ თმის ცვენა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური დახმარება, უნდა აუხსნათ, რომ ეს დროებითი პრობლემაა. მთავარია, ლეიკემიას მოვერიოთ. ქიმიოთერაპიის შემდეგ ხარისხობრივად უკეთესი თმა ამოდის.

სამწუხაროდ, ქიმიოთერაპიისას პრეპარატები სიმსივნურთან ერთად ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს. ითრგუნება სისხლწარმოქმნა, იკლებს ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, რაც კლინიკურადაც ვლინდება. ვითარდება ანემია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების სიმცირის) შემთხვევაში - სისხლჩაქცევები (მათ შორის თავის ტვინშიც), სისხლდენები.

ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გართულებების პროფილაქტიკას, რომელიც ქიმიოთერაპიასთან ერთად უნდა დაიწყოს სისხლის კომპონენტების გადასხმით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სოკოს საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი პრეპარატებით და ა.შ.

გამოსავალი ძვლის ტვინის გადანერგვაა

ძვლის ტვინის გადანერგვა ურთულესი ოპერაციაა, თუმცა არა ტექნიკური თვალსაზრისით (ტექნიკურად ღეროვანი უჯრედები პაციენტის ორგანიზმში ინტრავენურად შეჰყავთ). პრობლემა იწყება დონორის შერჩევიდან. რთული პროცესია პაციენტის მომზადებაც - ღეროვანი უჯრედების გადანერგვამდე უნდა დაითრგუნოს მისი ძვლის ტვინი და იმუნური სისტემა, საამისოდ კი მიმართავენ მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას. გადანერგვის შემდგომ იმუნოლოგიურ გართულებებს მიეკუთვნება შეუთავსებლობა - ტრანსპლანტატის მოშორების რეაქცია ან, პირიქით, მასპინძელი ტრანსპლანტატის წინააღმდეგ. ამ იმუნოლოგიურ პრობლემებს იმუნოდეპრესიული მკურნალობით ებრძვიან. მის ფონზე იმატებს ინფექციების რისკი. არსებობს სხვა ორგანოთა დაზიანების ალბათობა და სხვა გართულებებიც.

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის საკითხი აქტუალურად განიხილება უმთავრესად ლეიკემიის რეციდივის (გამწვავების) ან დაავადების რეზისტენტობის (ქიმიოთერაპიის უეფექტობის) შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით ალბათ ძალზე პერსპექტიული იქნება ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა... საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხსნის იმუნოლოგიური გართულებების პრობლემას და ამაღლებს ოპერაციის ეფექტურობას.

როგორია ლეიკემიის გავრცელება?

უკანასკნელი კვლევების თანახმად, ლეიკემიას მეთორმეტე ადგილი უკავია ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებებს შორის. აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 45 000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ეს რიცხვი შეადგენს სიმსივნურ დაავადებათა საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 3%-ს და სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების 30%-ს.

საქართველოში მოზრდილთა მწვავე ლეიკემიებით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 2.64-ს უდრის, ქრონიკული ლეიკემიებისა კი - 1.27-ს.

ლეიკემიას ახასიათებს გავრცელების თავისებურებები სქესისა და ასაკის მიხედვით. მისი ზოგიერთი ფორმით შედარებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები. მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია უპირატესად ბავშვებთან, 20 წლამდე ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებთან გვხვდება, საშუალო ასაკში ავადობა დაბალია.

ნანა ჩარკვიანი