როცა არ გვტკივა, მაგრამ მაინც ავად ვართ...
27-02-2017
როცა არ გვტკივა, მაგრამ მაინც ავად ვართ...
"ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მაპროვოცირებელია გამუდმებული სტრესი და უარყოფითი ინფორმაციები..."

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით (ქდს) დღეს თითქმის ყოველი მეორე იტანჯება. შეიძლება დაგამშვიდოთ - სიცოცხლისთვის საშიში არაფერია, შესაძლებელია, რომელიმე მსუბუქი ორგანული დაავადებაც არ აღმოგაჩნდეთ. ამის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების სინდრომი ადვილი გადასატანი როდია და მის კვლევას მედიკოსები სულ უფრო მეტ დროს ანდომებენ. გაირკვა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმუნიტეტის დაქვეითებასთან, რომელსაც ფიზიკური და ზოგჯერ გონებრივი ხასიათის პრობლემებიც ახლავს. ამ სინდრომისაგან გათავისუფლება შესაძლებელია,
თანაც ისე, რომ აღარ განმეორდეს. სწორედ ამ პრობლემაზე საუბარი ვთხოვეთ ნევროპათოლოგ მაია ძინძიბაძეს:

- დაღლილობის სინდრომი უმეტესად არანაირი ორგანული დაავადებით არ არის გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ ამ შეგრძნებას რაიმე ინფექცია იწვევს, მათ შორის მონონუკლეოზი ან ვირუსული ჰეპატიტი და ა. შ. ამ სინდრომის პირველ ეტაპზე სპეციალური გამოკვლევები
აუცილებელი არ არის, თუმცა, გაგრძელებისას ექიმს უნდა მივმართოთ.

- როგორ ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?

- უმეტესად სწრაფად. ზოგჯერ მას პროვოცირებას უწევს ე. წ. გრიპოზული დაავადებები, განკურნების შემდეგ პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად დაღლილობა უფრო დაეტყობა ხოლმე; მოეშვება, ეწყება ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, თავისა და ყელის ტკივილი, უძილობა, კუნთების ტკივილი... შესაძლოა, ამ მოვლენებს დეპრესიაც დაერთოს და საკმაოდ ძნელი ასალაგმი გახდეს. ნიშანდობლივია, რომ ის უმეტესად, ენერგიულ და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანებს­ ემართებათ, რომლებიც მზად არიან ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას უპასუხონ, ამასობაში კი უცებ აღმოაჩენენ, რომ არაფრის თავი არ აქვთ და ეს აშინებთ. ამიტომაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პარალელურად ხშირად ვითარდება დეპრესია. ეს შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, წლობით, ოღონდ სხვადასხვა სირთულით.

ენერგიულ და წარმატებულ ადამიანებს რამდენადაც ჭარბად აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობის უნარი, მით მეტად ახდენს გავლენას მათზე ეს სინდრომი და ნერვული სისტემა უარს ამბობს, შეეწინააღმდეგოს ფსიქოემოციურ ტვირთს. ზოგადად კი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მაპროვოცირებელია გამუდმებული სტრესი შინ თუ გარეთ, უარყოფითი ინფორმაციები, დაბინძურებული ეკოლოგია და ა.შ.

- ეს სინდრომი გავრცელებულია ბავშვებში, რომლებიც გაცილებით უფრო რეაგირებენ, ვიდრე მოზარდები.

- იმიტომ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ბავშვშიც ფსიქო-ფიზიკური გადაღლა და ცხოვრების აჩქარებული რიტმი იწვევს, რისთვისაც ის ბიოლოგიურად მზად არ არის. ამავდროულად, კომპიუტერების, ტელეფონების თუ ტელევიზორის შეტევის ფონზე, პატარები ნამდვილ სამყაროსთან, სიცოცხლესთან ურთიერთობის უნარს კარგავენ, ეს ყველაფერი სცდება პატარის ფსიქიკის შესაძლებლობის ზღვარს. ამ დროს კი ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელიც ახლობლებს ხან ბავშვის ცუდი საქციელი ჰგონიათ, ხან სიზარმაცე, რადგან სწავლაში და ზოგადად, ცხოვრებაში აშკარად ხელს უშლის. ისინი ჭირვეულობენ, აწუხებთ აპათია, სისუსტე, თავის ტკივილი, ამინდის ცვლილებისადმი მგრძნობელობაც. ამავე დროს, ყოველივე ამისაგან გამოწვეული მცირედი მარცხიც კი იმდენად სტკენთ გულს, რომ ტირიან. მშობლები კი ამისთვის უბრაზდებიან. საშველი მშობლების მეტი გულისხმიერება და მეგობრებთან თამაშია. არ ღირს ამ დროს ბავშვისთვის მეცადინეობის დაძალება - ეს მისთვის ტანჯვაა და ძალიან ხშირად ვერაფერს იმახსოვრებს. იმ სიტუაციაში, სადაც უფროსებსაც კი ღლის ცხოვრება, ბავშვისთვის მეტისმეტის მოთხოვნა არ შეიძლება.

ეთერ ერაძე
მადონაა
15 მარტი 2017 15:08
მუდმივად დაღლილობის შეგრძნება შესაძლებელია წინ უძღოდეს ძალიან სერიოზულ დაავადებას. სერიოზული გამოკვლევაა საჭირო.

რედაქტორის რჩევით